ჯანმრთელობააქტუალური
"კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში სხვა რესპირაციული ვირუსებიც ცირკულირებს" - როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი გრიპისგან, რომლის სეზონიც უკვე დაწყებულია
"კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში სხვა რესპირაციული ვირუსებიც ცირკულირებს" - როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი გრიპისგან, რომლის სეზონიც უკვე დაწყებულია


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გარდა რომელი ვირუსები ცირკულირებს, როგორია მიმართვიანობა და როგორ შეიძლება მშობელმა გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთისგან განასხვაოს:

- კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსებიც ცირკულირებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ახლა გავრცელებულია რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი. ცირკულირებს ასევე კორონავირუსი, თუმცა სხვა ტიპის, ე.წ. ძველი, გაციების გამომწვევი კორონავირუსი. სავარაუდოდ, უახლოესი კვირების განმავლობაში გრიპის ვირუსიც
გამოჩნდება. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი იდენტიფიცირებული არ არის, შარშან გრიპის ლაბორატორიულად დადსტურებული შემთხვევა დეკემბრის დასაწისში გამოჩნდა. რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი დაწყებულია. სტატისტიკის მიხედვით, სეზონი კალენდარული წლის მეორმოცე კვირას ემთხვევა. 2021 წელს მეორმოცე კვირა 3 ოქტომრიდან დაიწყო. მომართვიანობის პიკი დეკემბერ-იანვარში ფიქსირდება. ჯერჯერობით, მომატებული არ არის, სტანდარტული მომართვიანობაა, რაც სეზონის ამ პერიოდს ახასიათებს.

- რომელი სიმპტომების მიხედვით შეუძლიათ მშობლებს გრიპისა და კორონავირუსის ერთმანეთისგან გარჩევა?

- სარწმუნო განმასხვავებელი ნიშნები არ გვაქვს, რადგანაც ძალიან ბევრი სიმპტომი ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, კორონავირუსი ბავშვებში ხშირად მუცლის ტკივილით, ღებინებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით მიმდინარეობს, რაც გრიპს არ ახასიათებს. ასევე, კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისთვის
დამახასიათებელია სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი გამოხატულება. გრიპის მძიმე მიმდინარეობას კი უფრო მეტად ძლიერი თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი განაპირობებს. ასევე, გრიპს, კორონავირუსისაგან განსხვავებით, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა არ ახასიათებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ხშირად სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია და გარჩევა რთულია.

- აციებასთან ერთად, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება, ვიტამინების დამატება რამდენად აუცილებელია?

- ძალიან მნიშვნელოვანია ციტრუსების მიღება, რაც C ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს იქნება ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, მანდარინი თუ სხვა. მრავალფეროვანი კვება, აქცენტით ნატურალურ პროდუქტებზე, განსაკუთრებით, ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების, თევზის გამოყენებით, სეზონისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, ბავშვი ხშირად უნდა გავიდეს გარეთ, სუფთა ჰაერზე, აუცილებელია ფიზიკური აქტიურობაც. რეკომენდებულია ხშირად გავანიავოთ ოთახები იქნება ეს საკლასო სივრცე, თუ სახლის. ვირუსების პრევენციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონზე ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს ნიღაბი. ვასწავლოთ ჩვენს პატარას, როგორ გაიკეთოს ნიღაბი სწორად, როგორ მოირგოს სახესა და ცხვირზე, როგორ მოიხსნას და ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს საკითხები ბავშვის განათლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და რაც ყველაზე მთავარია, ოქტომბრიდან ქვეყანაში გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. გრიპის სეზონის რისკის ჯგუფს 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, განსაკუთრებული რისკის ჯგუფი 2 წლამდე ასაკია. ასე, რომ ყველა მშობელს ვურჩევთ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაცია ჩაუტარონ. ამ სეზონზე ვიტამინების დამატებით მიცემა აუცილებელი არ არის. როდესაც ქვეყანაში გვაქვს მრავალფეროვანი ხილი, ბოსტნეული, ამ საშუალებებით უნდა მოხდეს შევსება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გარკვეულ საკვებ პროდუქტებს ვერ იღებს, შესაძლოა ვიტამინების კურსით ჩანაცვლება, თუმცა ეს სპეციალისტთან უნდა შეთანხმდეს.

- რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ბავშვების იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

- მედიკამენტი, რომლის დალევის შემდეგაც ბავშვის იმუნიტეტი გაძლიერდება, არ არსებობს. იმუნიტეტის გამაძლიერებელია ჯანმრთელი კვება, ფიზიკური აქტიურობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, სრულფასოვანი ძილი. თუ ეს კომპონენტები გათვალისწინებული იქნება, დამატებითი ჩარევა საჭირო აღარ გახდება.

თამარ იაკობაშვილი

ბეჭდვა