ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძე გვიყვება, სკოლებისა და ბაღების გახსნის პარალელურად, გაიზარდა თუ არა კოვიდ-19-ით მიმართვიანობა, როგორია მიმდინარეობის სიმძიმე და გააქტიურდა თუ არა სეზონური ვირუსებიც:
- მომართვიანობამ მოიმატა და კლინიკაში კოვიდზე დაახლოებით 140 ბავშვი მკურნალობს. 25 ბავშვი რეანიმაციაში წევს და იქ არც ერთი ადგილი აღარ გვაქვს თავისუფალი. ძირითადად, სკოლამდელი ასაკისა და ბაღის აღსაზრდელების შემოსვლამ იმატა. რეანიმაციაში სხვადასხვა თანმხლები დაავადებით წვანან პაციენტები, მათ შორის, რამდენიმე ახალშობილია.
- ხომ არ შემსუბუქდა ან დამძიმდა დაავადების მიმდინარეობა?
- მიმდინარეობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, იგივე შტამი ცირკულირებს. ჩვილები და ახალშობილები უფრო მეტად არიან რისკის ჯგუფში იმიტომ, რომ დაავადება მათთან შედარებით მძიმედ მიდის. ასევე, მძიმედ მიმდინარეობს იმ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ნევროლოგიური, ენდოკრინული, სისხლის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, ცერებრული დამბლები, ქრომოსომული, თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიებით და ასე შემდეგ. ამიტომ, 12 წლის ზემოთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებში აცრის შესაძლებლობა, გამართლებულად მიმაჩნია, იმიტომ, რომ მათთან დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. კოვიდინფექციით გარდაცვლილ 3 ბავშვს სწორედ თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
- სეზონური ვირუსებით როგორია მომართვიანობა და რა სიმპტომები აღენიშნებათ ბავშვებს?
- ციციშვილის კლინიკა ჰიბრიდულია. 175 საწოლი კოვიდპაციენტებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა საწოლების გარკვეული რაოდენობა არაკოვიდპაციენტებისთვისაცაა. ამ შემთხვევაშიც იმატა შემოსვლამ იმიტომ, რომ სეზონური ვირუსები უკვე დაწყებულია. რასაც უწოდებენ "ტვინდემიას", ნამდვილად ასეა იმიტომ, რომ ძალიან ძნელია, განასხვაო, ბავშვს სეზონური ვირუსი აქვს თუ კორონავირუსული ინფექცია. ამიტომ, მომართვიანობის დროს პაციენტებს ყოველთვის ვტესტავთ. თუმცა, კორონავირუსული ინფექციის დროს სხვა სეზონური ვირუსის თანხვედრაც იყოს. ვირუსული ინფექციის სიმპტომები თითქმის ერთნაირია. გამოიხატება ცხელება, კატარული მოვლენები, ყელის ტკივილი, ცხვირში სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხველაც, დიარეა, ღებინება და სხვა. ეს ისეთი კლინიკური ნიშნებია, რომლებიც კორონავირუსსაც ახასიათებს და სხვა ვირუსებსაც. ამიტომ, კოვიდ-19-ის გამოჩენის დღიდან სულ ვამბობთ, რომ კორონავირუსული ინფექციისა და სხვა ვირუსების განსხვავება კლინიკური ნიშნებით ძალიან ძნელია. ერთადერთი, მოზრდილებში ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვაა ხოლმე, თუმცა ესეც ყოველთვის არ არის გამოხატული.
თამარ იაკობაშვილი