რა შემთხვევაში გვირჩევენ ექიმები გაციებული ბავშვის ტესტირებას და რა მდგომარეობაა ციციშვილის კოვიდკლინიკაში: "მხოლოდ 3 მშობელია ორჯერადად ვაქნცინირებული"
რა შემთხვევაში გვირჩევენ ექიმები გაციებული ბავშვის ტესტირებას და რა მდგომარეობაა ციციშვილის კოვიდკლინიკაში: "მხოლოდ 3 მშობელია ორჯერადად ვაქნცინირებული"


ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე საავადმყოფოში არსებულ სიტუაციასა და კოვიდპაციენტების მდგომარეობაზე გვიყვება:

"კლინიკაში,დაახლოებით, 150-მდე პაციენტი წევს, თუმცა მათგან ნაწილი უნდა გავწეროთ. რეანიმაციაში 23 ბავშვია მოთავსებული. უკიდეურესად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. რეანიმაციაში მწოლიარე ბავშვებს აქვთ სხვადასხვა თანმხლები დაავადება, როგორებიცაა ონკოლოგიური, ნერვული სისტემის, ენდოკრინული, ქირურგიული და სხვა. მათგან, ვინც კლინიკაში მკურნალობს, მხოლოდ 3 მშობელია ორჯერადად ვაქნცინირებული. მონაცემები ძალიან სწრაფად იცვლება, ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკას კოვიდპაციენტების მიღება არ აქვს შეწყვეტილი." - გვითხრა მაია
ჩხაიძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო.

მაია ჩხაიძის განცხადებით, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, რაც დამახასიათებელია ვირუსული ინფექციებისთვის, აუცილებელია კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, რომ ინფექცია არ გამოგვეპაროს:

"ცხელების, ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკური ნიშნების დროს, ეს იქნება, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ხველა, დიარეა, ღებინება - ყველა შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა გაიტესტოს იმიტომ, რომ გააქტიურდა სეზონური ვირუსები და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა წარმოუდგენელია, თუ ტესტირება არ ჩატარდა. ნებისმიერი ნიშანი აუცილებლად საჭიროებს ტესტირების ჩატარებას, რომ არ გამოგვეპაროს კოვიდ-19 და სხვა ადამიანების დაინფიცირებაც არ გამოვიწვიოთ.
ვერც ერთი ექიმი, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს, თუ არ ჩატარდა ტესტირება, კორონავირუსსა და სეზონურ ვირუსებს სიმპტომებით ვერ განასხვავებს. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა ეს ორი ინფექცია ერთად იყოს პაციენტში გამოხატული."- ამბობს მაია ჩხაიძე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, პაციენტები რეგიონების მიხედვით არიან კლინიკებში გადანაწილებულნი. მარტო თბილისში მაია ჩხაიძის ინფორმაციით, 7 კლინიკაა, სადაც კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებს იღებენ.

გაზრდილი ინფიცირების პარალელურად, იხურება ბაღები და სკოლები. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ 96 ბაღია დახურული, 17-მა კი დღეს განაახლა მუშაობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 15 სექტემბრისთვის არსებული მონაცემის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა. სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

თამარ იაკობაშვილი

alt ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა კვლავ მოიმატა - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები



7382
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები