მოსწავლის კვება ცოტა ხნის პოლიტიკური დებატების საგანიც კი გახდა. ალბათ ყველაზე საინტერესო თავად მშობლების გამოცდილებაა, თუ რამდენად დანაყრებულნი არიან მათი შვილები სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი სკოლაში ისე მიდის, სახლში არაფერს მიირთმევს. ზოგს კი ჩვევად აქვს, რომ დილით ისაუზმოს. პანდემიის პირობებში, როცა სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირება შეზღუდულია, მშობლებს ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად ადარდებთ და გასატანებლადაც უწევთ პროდუქტების მომზადება. ჩვენ ვკითხეთ, რომელ საათზე საუზმობენ მათი შვილები, ასწრებენ თუ არა დილით ჭამას და რას ატანენ წასახემსებლად. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
საუზმობენ და სკოლაშიც ვატან ხან ხილს, სტაფილოს, პეჩენიას, ქადას, მაფინებს. რაც მეიოლება, რომ პირველკლასელმა ბავშვმა შუალედში ჭამოს და მოასწროს. დილით საუზმობს, ვატანთ კიდევაც რაღაცებს, მაგრამ სულ მაგაზე გვაქვს ფიქრი, რა გავატანოთ. ტკბილი არ მინდა წაიღოს. არადა 5-მდეა სკოლაში და იქაური კვება არ მოსწონს. ასე, რომ ჩვენც დიდ საფიქრალში და გასაჭირში ვართ, რა გავატანოთ ხოლმე. დილით მიჩვეული მყავს, უნდა ისაუზმოს. დიდად მოხარული არაა, მაგრამ მას რაც უყვარს, მირჩევნია ის მოვუმზადო და არ წავიდეს უსაუზმოდ. არასდროს მქონია სურვილი, სკოლის ბუფეტში ეჭამა რამე, მხოლოდ ფუნთუშას თუ იყიდის. აუცილებლად ვსაუზმობთ, არ არსებობს დღე, საუზმის გარეშე. სკოლა მალე სრულდება, თან ნიღბები გვიკეთია და ხელებსაც ისე საგულდაგულოდ ვერ დაიბანენ, როგორც სახლში, ხოდა ამიტომ სკოლაში არაფერს არ ვატან. არასოდეს დილით არ უსაუზმიათ და არც იმის ფუფუნება ჰქონდათ უმეტესად რამე ეყიდათ. ნამდვილად მისასალმებელი იქნებოდა სკოლებში კვება. დილით 7-ზე დგებიან და საუზმე აუცილებლად! საჭმელს სკოლაში 12-ზე ჭამენ, ვისაც არ უნდა ფულის გადახდა ან ასე ურჩევნია, შეუძლია გამოიყვანოს და სახლში აჭამოს, მიიყვანს უკან გაკვეთილის დაწყების დროს. ძალიან კარგი რეჟიმი აქვთ. საქართველოში რომ ვიყო, სხვანაირი გრაფიკი აქვთ, არც კვება არსებობს და აუცილებლად გავატანდი ჯანსაღ საკვებს , დროულად რომ ჭამონ. თორე სანამ სახლში მოვლენ, როგორ შეიძლება მოზარდი მშიერი იყოს იმ ხნის მანძილზე? ჩემი შვილები ყოველ დილას საუზმობენ. 6:30-ზე იღვიძებენ, 7:15-ზე საუზმობენ, 8:00-ზე კი სკოლში გავდივართ უკვე. ჩვენ შვეიცარიაში ვართ და აქ ასეთი გრაფიკია, 8:15-ზე იწყება სწავლა, 10-ზე შესვენება აქვთ, 10 წუთი სპეციალურად რომ შეჭამონ, რაც აქვთ წაღებული (მე ვატან ხოლმე: ხილს, კრუასანს, პეჩენიას, ნიგოზი აუცილებლად, ხილის კომპოტები რომაა, იმას, და ა.შ) შემდეგ 11:40-ზე უმთავრდებათ და მოვდივართ სახლში 12-ზე რომ სადილი მიირთვან და მეორე ცვლა იწყება 13:25 -15 საათამდე. ასე, რომ ბავშვები მთელი დღე ჯანსაღად და ძლიერად არიან. ჩემი შვილი პირველ კლასშია, დილით დაახლოებით 9-ის ნახევარზე საუზმობს, ვცდილობ, ყოველთვის ისაუზმოს.. სკოლაში 2-ჯერადი კვება აქვთ, თუმცა მაინც მიაქვს ხოლმე ხანდახან პეჩენიები, ალადები, ბანანი ან სახლში მომზადებული სხვა პროდუქტი თავისთვის და ბავშვებისთვის. თვითონ უხარია და იმზადებს. მგონია, თუ ბავშვი დილით არ საუზმობს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მშობელია დამნაშავე. მეორე კლასშია ჩემი შვილი, დილას მე ვიწყებ 7 საათზე, ბავშვი 8-ის ნახევარზე. 8-ზე საუზმობს და სკოლაშიც ვატან: კატლეტი +ნუში ან ნიგოზი, ზოგჯერ ძეხვი ან სოსისი+ორცხობილა და ა.შ. საღამოს აუცილებლად მალე უნდა დაიძინოს, რომ დილით საუზმობა შეძლოს. ნახევრად თუ თვალები ეხუჭება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ისაუზმებს. დაბალანსებული კვება საუზმის გარეშე უბრალოდ ვერ შედგება. უცილებლად ვასაუზმებ, დაახლოებით 8-ზე და ვუშვებ სკოლაში. ვატან რამე მსუბუქს, თუმცა ზოგჯერ უკან მოაქვს. ცხრის ნახევარზე გვეწყება სწავლა და სკოლიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობთ. ამიტომ, ვცდილობ ორცხობილა ან ბუტერბროდი გავაყოლო და გზად ჭამოს, რასაც მოასწრებს. სკოლაში კვება აკრძალულია პანდემიის გამო. ძირითადად, ყიყლიყო, ფანტელები რძით, რძე და კარაქიანი პური ან ნუტელა და ჩაი, როგორც ესიამოვნებათ. სკოლაშიც ვატან და ფულსაც ვაძლევ, 5 საათამდე იქ არიან. ჩაის, კარაქიან პურს კი ასწრებენ. 8-ზე ავაყენებ, მოვამზადებ, გადაიკითხავენ წიგნს და მერე საუზმობენ. მე ვატან ხან რას, ხან რას. მაგალითად, ღვეზელს, პიცას, ჰოთდოგს, ხაჭაპურს და ტოსტს. არადროს გამიშვია საუზმის გარეშე. თავიდანვე მივაჩვიე,რადგან ბევრისგან მქონდა გაგონილი, რომ ბავშვები ადრიანად ვერ საუზმობდნენ. მირჩევნია, ორი ლუკმა მაინც მიირთვან. სკოლაში კი ხან ქადა, ხან ბულკი მიაქვთ. დილის საუზმეს აუცილებლად ასწრებს. კარაქიან პურს და თაფლს, ან ტოსტერებს ან ნუტელას და პურს. ვატან ყოველთვის პატარა ხაჭაპურებს ან კრუასანებს. იქაც ჭამს წვნიანს და მეორე საჭმელს. უჭირს დილით ახალ გაღვიძებულზე ჭამა. ამიტომ მიწევს გავატანო... არ ვატან არაფერს სკოლაში, რადგან არაჰიგიენურად მიმაჩნია იქ ჭამა. ხან მერხს უსვამს ხელს, ხან პასტა დავარდება და იმ ხელით შეჭამოს მერე. დილას საუზმობს და 12-ზე სახლშია უკვე. ეხლა ისე შეამცირეს გაკვეთილები, 6 გაკვეთილი გამოდის 12:30-ზე. ასე, რომ დილით ხან ვსაუზმობთ, ხან არა ან ფაფებს და ხილს მივირთმევთ, ან ჩაისა და კაკაოს. თუ არა სახლში დამზადებულ ან ბუტერბროდებს ვატან, ბულკებს, ხილს, პეჩენიებს, იოგურტებს, წვენებს, ხაჭაპურს. მეტი რა უნდათ? ჭამასაც ვერ ასწრებენ, თქვენ წარმოიდგინეთ, 5 წუთიანი შესვენებბი აქვთ ბავშვებს. გზაში ახრამუნებს სტაფილოს და ვაშლს. საუზმეს ვატან.
საუზმე რომ აუცილებელია ბავშვის ნორმალურად განვითარებისთვის, ამაზე Mshoblebi.ge-ს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია. ცნობილი პედიატრები გვირჩევენ, რომ ეს აუცილებელი კომპონენტია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა. პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს:
"დილით საუზმე ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუზმე ენერგიის წყაროა და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. კვლევები მოწმობს იმასაც, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ყურადღების დეფიციტი აქვთ, ვლინდება ქცევის სხვადასხვა დარღვევა, არიან უფრო აგრესიულები, სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა მოქმედებს ბავშვების განწყობასა და დამახსოვრების უნარზე. აღმოჩნდა, რომ მათემატიკის ტესტირებისას იმ ბავშვების მაჩვენებლები, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ჩამორჩება იმ ბავშვების მაჩვენებლებს, რომლებიც ნასაუზმები არიან. დიდი მნიშვნელობა აქვს საუზმისათვის განკუთვნილი საკვების სწორად შერჩევას. საუზმისთვის გაითვალისწინეთ ბურღულეული, იოგურტი, ხილი, კვერცხი, საკვები ბოჭკოების შემცველი პროდუქტები. ბურღულეული მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ბავშვს ენერგიით დამუხტავს. საკვები ბოჭკოები, რაც მთლიან ბურღულეულში, ბოსტნეულში, ცეხვილი ხორბლისგან მომზადებულ პურშია, ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას და თავიდან აგაცილებთ ყაბზობას."
ამავე ინტერვიუში პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თემურ მიქელაძეც ამახვილებს საუზმის მნიშვნელობაზე ყურადღებას:
"სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის ბავშვმა უნდა მიიღოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები, რაც ხელს შეუწყობს მის პროდუქტიულობას დღის განმავლობაში. ადრეული ასაკის ბავშვების ცენტრალური ნერვული სისტემა ლაბილურია და ნებისმიერი ნივთიერების დეფიციტზე სწრაფად რეაგირებს. ეს იქნება გლუკოზის, ცილის, კალიუმის, კალციუმის თუ სხვა აუცილებელი ნივთიერების ნაკლებობა. აქედან გამომდინარე, ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში, მუცლის ტკივილი და ვერ კონცენტრირდნენ გაკვეთილზე. ამიტომ, სკოლაში წასვლამდე, დილით საუზმე აუცილებელია, თუნდაც მცირე ულუფა. პროდუქტების კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რა შეიძლება ბავშვმა საუზმედ მიიღოს, არ არსებობს. შეიძლება იყოს ხილი, ბოსტნეული, ყველი, კარაქი და სხვა. სასურველია, რძის პროდუქტები, მაგალითად, ხაჭო და მაწონი. ასევე, კარგი იქნება, თუ საკვები ახალი მომზადებული იქნება. არ არის აუცილებელი საუზმედ წვნიანი ან ჩაი მიირთვან, მთავარია ის მსუბუქი იყოს. პროდუქტები კი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიონ. სწორად შერჩეული საუზმე და დანაყრება ხელს შეუწყობს სასწავლო მასალის მარტივად ათავისებას."
კონკრეტულ პროდუქტებს გვირჩევს პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა და ამბობს, რატომაა მნიშვნელოვანი საუზმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი:
"ბავშვი რეგულარულად უნდა იღებდეს სასარგებლო საკვებს. თუ ის რეგულარულად არ იკვებება, კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკი მატულობს. ზოგჯერ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება ე.წ. ჰიპოგლიკემია, რაც სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებას ნიშნავს და, თავის მხრივ, შესაძლოა თავბრუს ხვევა, სწავლის დაქვეითება და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. საუკეთესო პროფილაქტიკა კი სწორი კვებაა. ოპტიმალური ვარიანტია ხუთჯერადი კვება. აქედან, 3 ძირითადი კვება უნდა იყოს, ხოლო ორი წახემსება. ძალიან კარგია, თუ კვებაში რძის ნაწარმი, ფაფა, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, თევზი გამოიყენება. დიდი მინუსი გვაქვს, რომ ზეთს არ მივირთმევთ. უმი ზეთი სალათაში იქნება თუ სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში, ძალიან კარგია. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი როდის რას შეჭამს. თუმცა, ჰიპოგლიკემია რომ არ განვითარდეს, აუცილებელია საუზმე მიირთვას და სკოლაში მშიერი არ წავიდეს. მე მაინც ტრადიციულ მოდელს ვემხრობი და მირჩევნია, დილით ყველი, პური, კარაქი, კვერცხი, ფაფა, მაწონი ან ხაჭო მიღონ. თუმცა, ბუნებრივია, სხვა პროდუქტების მიღებაც შეუძლიათ."
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვირჩევს, რა ტიპის საკვებზე უნდა თქვან უარი ბავშვებმა:
,,ჩიფსები, ფუნთუშები და ნაყინი კარგია ხანდახან, მაგრამ არა ყოველდღე. ეცადეთ, არ გქონდეთ ასეთი საკვები სახლში, რათა ბავშვებმა არ მოითხოვონ ისინი. ტკბილი გაზიანი სასმელები, როგორიცაა ლიმონათი, ხილის წვენები, ხილის წვენების კონცენტრატები და სიროფები, არომატული რძეები და იოგურტის სასმელები, ტკბილიჩაი- მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მის ნაცვლად შესთავაზეთ წყალი და რძე. შეფუთული საკვები და წინასწარ მომზადებული კერძები მოსახერხებელია, მაგრამ მათში შეიძლება ბევრი ცხიმი, შაქარი და კალორია იყოს. შეამოწმეთ საკვების ეტიკეტები და აირჩიეთ ჯანმრთელი ვარიანტები. შეუზღუდეთ ბავშვს მარილისა დაშაქრის მიწოდება. მარილის რაოდენობა- ყოველდღიურად 5 გრამზე ნაკლები (დაახლოებით, 1 ჩაის კოვზი) და გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი."
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია ამბობს, რომ 5-6 საათი ბავშვის შიმშილობა არ შეიძლება და მშობლებმა უნდა იზრუნონს, სკოლაში წასახემსებელი გაატანონ:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სკოლაში იკვებოს. დადასტურებულია, რომ 5-6 საათი ბავშვის შიმშილობა უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე რიტუალი, რომელიც შეიძლება სკოლაში გაკონტროლდეს. მიეხმარეთ შვილებს სახლში, რომ დაისწავლონ წესები. სკოლებში პედაგოგებს ვთხოვ, რომ სასურველია, კვება იმ საკლასო ოთახში მოხდეს, რომელიც განიავებულია და მოსწავლეები თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ორი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ კვება. თუ თქვენ ბავშვს 5-6 საათი მშიერს დატოვებთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკები უფრო მაღალია. მშიერი ორგნიზმი შეიძლება კიდევ უფრო დაინფიცირდეს, ვიდრე კარგად გამოკვებილი და უზრუნველყოფილი ორგანიზმი."
მისივე თქმით, საუზმე შეიძლება იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ დღის პირველ ნახევარში როგორ იმუშავებს ჩვენი ტვინი, რამდენად კონცენტრირებული იქნება და რამდენად შეძლებს დამახსოვრებას. მარი მალაზონია გვირჩევს, რომელი ტიპის პროდუქტები უნდა შევთავაზოთ ბავშვებს საუზმეზე და რაზე უნდა ვთქვათ უარი. სტატია სრულად იხილეთ აქ.
თამარ იაკობაშვილი