საქართველოში გრიპის საწინააღმეგო ვაქცინა უკვე შემოვიდა და გარკვეული რისკჯგუფებისთვის ის უფასოა. სპეციალისტები საუბრობენ ე.წ. ტვინდემიაზე, რაც გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირებას გულისხმობს. ამიტომაც, მოქალაქეებს თავდასაცავად სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ურჩევენ. გრიპის ვაქცინით უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფები:
დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები) პედაგოგები; 65 წლის და უფროსი ასაკის პირები; ექიმები ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ იხილოთ:
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება კომერვიულ ვაქცინას, ავერისის კლინიკებში განგვიცხადეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ.
ვაქცინა არც პსპ-ს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
ევექსის კლინიკებში კი შესაძლებელია ოთხკომპონენტიანი ვაქცინით "ვაქსიგრიპ ტეტრა" (მწარმოებელი სანოფი, საფრანგეთი) აცრა.
"კომერციული ვაქცინის ღირებულება 80 ლარია, მოსვლამდე წინასწარ უნდა დარეკონ და მარაგი გადაამოწმონ. სამუშაო დღეებში 10 საათიდან 6 საათამდე, ხოლო შაბათს 10 საათიდან 2 საათამდეა მოსვლა შესაძლებელი. აქვე, 30 ოქტომბერი დასვენებაა, არჩევნების დღესთან დაკავშირებით."- გვითხრეს ევექსის კლინიკებში.
ხოლო პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში განგვიცხადეს, რომ კომერციული ვაქცინა ადგილზე არ აქვთ. მოქალაქე, სურვილის შემთხვევაში, კლინიკაში უნდა მივიდეს, დაწეროს განცხადება და 2-3 კვირაში ჩამოუტანენ. ღირებულება კი 90 ლარია.
თამარ იაკობაშვილი