ხომ არ დაფიქსირდა უკვე ტვინდემიის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში, როგორია ორჯერადად აცრილი ადამიანების კლინიკაში მიმართვიანობის სტატისტიკა და ხომ არ შეიცვალა ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმე უკეთესობისკენ - ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
- საბედნიეროდ, ე.წ. ტვინდემია ჯერჯერობით არ გამოჩენილა. შარშანაც იყო ამის მოლოდინი, თუმცა გრიპის შემთხვევები, ფაქტობრივად, ძალიან იშვიათი იყო. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს უფრო თეორიული საფრთხეა და რეალური საფუძველი არ გვაქვს, თუმცა შესაძლოა, გვიან შემოდგომასა და ზამთარში გრიპის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს და ამ ორი ეპიდემიის თანდართვა მოხდეს. თუ რეალურად აღმოვჩნდებით ტვინდემიის წინაშე, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევა იქნება, როგორც ჩვენი ჯანდაცვისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის იმიტომ, რომ რთულია ამ ორ აგრესიულ და მძიმე რესპირატორულ ინფექციას ერთდროულად ებრძოლო. ამიტომ, პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
- ტვინდემიის მართვის სხვა ქვეყნების მაგალითი თუ გვაქვს?
- შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მძვინვარებს, მთელი მსოფლიოს მასშტბით გრიპის შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია და ამიტომ, რეალურად ჯერ არც ერთ ქვეყანაში ტვინდემიის შემთხვევები მასობრივად არ დაფიქსირებულა. ტვინდემია ორი ინფექციის თანდართვას გულისხმობს, თუმცა, ზოგადად, პანდემიური და ეპიდემიური მიმდინარეობა რესპირაციული ინფექციებიდან ძირითადად ა და ბ გრიპს ახასიათებს. შესაბამისად, როცა რისკებზე ვსაუბრობთ, გრიპისა და კორონავირუსის თანდართვას ვგულისხმობთ. მოგეხსენებათ, გრიპი რისკჯგუფებში, კონკრეტულად კი ორსულებში, მცირე ასაკის ბავშვებში, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში რთულად მიმდინარეობს და ამიტომაც, მნიშვნელოვანია, პრევენციისთვის გრიპზეც ჩავიტაროთ ვაქცინაცია. პარალელურად კი ავიცრათ კორონავირუსზეც. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვაა, რადგან ვიცით, რომ როგორც კორონავირუსი, ასევე გრიპი წვეთოვანი გზით გადაეცემა. ამიტომ, თუ ჩვენ ვაქცინაციის პარალელურად, ჰიგიენურ ნორმებს, დისტანციას დავიცავთ, პირბადეს გამოვიყენებთ ამით ორივე დაავადების გავრცელებას ხელს შევუშლით.
- რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ბევრი შემთხვევის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორი არ არის ძალიან დატვირთული. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, მიმდინარეობა ხომ არ შემსუბუქდა?
- ვერ ვიტყვი, რომ მიმდინარეობა შემსუბუქდა. უბრალოდ, წინა ტალღის დროს ძალიან დიდი რაოდენობით საწოლფონდი მობილიზდა. ამიტომ, ეს საწოლფონდი ჯერჯერობით ახალ ტალღას უმკლავდება. თუმცა, თუ ჩვენთან ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა და დღის განმავლობაში 4000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ისევ დავდგებით ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკის წინაშე.
- ძირითადად რა ტიპის ჩივილები აწუხებთ ახლა კოვიდპაციენტებს?
- ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ყელი ტკივილი, ტემპერატურის მატება, ზურგის, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ. ძირითადად ჰოსპიტალს მომართავენ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულ-მკერდის არეში დისკომფორტი და ასე შემდეგ.
- თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირად ხვდებიან კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანები?
- ორჯერადად აცრილი ადამიანები კლინიკაში იშვიათად ხვდებიან. დაახლოებით, შეფარდება ათი-თხუთმეტი ერთთანაა. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ უფრო დიდია სხვაობა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თუ 30 პაციენტი წევს, იქ შეიძლება 1 იყოს ორჯერადად აცრილი. ამიტომ, ჰოსპიტალში მომართვიანობისას ძალიან დიდი სხვაობაა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. მიმდინარეობაც ბევრად უფრო მსუბუქია და გამოსავალიც ხშირად კეთილსაიმედოა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ორჯერადად ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც კლინიკაში გადაჰყავთ, სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვთ.
- არის განსხვავება ადამიანი ორჯერადად რომელი ვაქცინითაა აცრილი?
-ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება რთულია იმიტომ, რომ ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეების ჰოსპიტალში მოხვედრის ცოტა შემთხვევა გვაქვს. თუმცა ვაკვირდებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც სწავლობს სტატისტიკას და გამოქვეყნდება, რომელი ვაქცინით ვაქცინირებულები მოხვდნენ უფრო ხშირად საავადმყოფოში. ახლა დასკვნის გაკეთება არ იქნება სწორი, რადგან შეიძლება მოსახლეობა შეცდომაში შევიყვანოთ. მთავარია, დავიცვათ რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, ავარიდოთ თავი თავშეყრებს, დავიცვათ დისტანცია, დახურული სივრცეები ხშირად გავანიავოთ. თუ სიმპტომები გვექნება, მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავიტაროთ ვაქინაცია, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა.
თამარ იაკობაშვილი