საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 50 წლიდან ნებისმიერ ვაქცინირებულს შეუძლია. თუმცა 50 წლამდეც დაშვებულია, თუ პირს დაავადების დამძიმების რაიმე რისკფაქტორი ან ქრონიკული დაავადება აღენიშნება ან სამოგზაუროდ რომელიმე კონკრეტული ვაქცინით აცრა ესაჭიროება. კოვიდის დამძიმების რიკსფაქტორები საკმაოდ მრავაფეროვანია. ამიტომ ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, რა დაავადებების ან რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში შეძლებს 50 წლამდე პირი ბუსტერის დოზით აცრას. ამ შეკითხვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
მათი ინფორმაციით, 50 წელს ქვემოთ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა გაიკეთონ, განაცხადით ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
"50 წლის ქვემოთ ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან სასწავლებლად თუ სხვადასხვა მიზნისთვის და კონკრეტული ქვეყანა არ ცნობს რომელიმე ვაქცინას. ჯანდაცვის მინისტრის სახელზე უნდა დაიწეროს განცხადება და მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გაიგზავნოს მისამართზე: info@moh.gov.ge. კანონით არ არის განსაზღვრული, რომ 50 წელს ქვემოთ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი ბუსტერ დოზით აიცრას, მაგრამ თუ მოქალაქე თვლის, რომ ბუსტერ დოზა სჭირდება, მინისტრს უნდა მიმართოს წერილით. საბჭო იმსჯელებს და შესაძლებელია, ნება დართონ. თუ ქრონიკული დაავადება აქვთ, წერილს თან უნდა დაურთონ დაავადების დამადასტურებელი დოკუმენტები და გააგზავნონ მისამართზე info@moh.gov.ge-ზე. საბჭო განიხილავს და შესაბამისი პასუხი ეცნობებათ." - აღნიშნეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
მათივე თქმით, მოქალაქე აკეთებს განაცხადს იმ ვაქცინაზე, რომელიც სურს და სჭირდება. წერილისთვის სპეციალური შაბლონი შექმნილი არ არის და თითოეული მსურველი ინდივიდუალურად წერს.
შეგახსენებთ, 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე სრულად აცრილ პირებს განსხვავებული ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება არსებობს მოგზაურობისთვის. თუ კი მოგზაურობის მსურველი პირი უნდა იყოს აცრილი დანიშნულების ქვეყნის მიერ დაშვებული ვაქცინით (აშშ ან ევროკავშირი), ამ შემთხვევაში მას შეუძლია წარადგინოს მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი და დაგეგმოს ვაქცინაცია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსხვავებული ვაქცინით აცრა მეორე ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები.
თამარ იაკობაშვილი