"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორმა, ლევან რატიანმა გადაცემაში "იმედის დღე" ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ მის კლინიკაში ადგილები აღარაა და პაციენტები სკამებზე სხედან.
"ახალ კორონავირუსს ერთი თავისებურება ახასიათებს, რომელიც მეცნიერებისთვის უცნობია იმიტომ, რომ არავის ეგონა, თუ ამდენი შტამი აღმოჩნდებოდა, როდესაც ასეთი განვითარების მედიცინა არსებობს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამკურნალო-საწამლო საშუალება ვერ შეიქმნებოდა. ყველას გვეგონა, რომ რატომღაც ჯაჭვის წყვეტა მოხდებოდა, მაგრამ დამეთანხმებით, ასე არ არის. სამწუხაროდ, დღეისათვის, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. რაც ჩვენთვის ცნობილია არის ის არის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა შემთხვევაშიც კორონავირუსი მიმდინარეობს მძიმედ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. პირდაპირპროპორციულია ინფიცირებულთა რაოდენობა ჰოსპიტალიზირებუ; პაციენტთა რაოდენობასა და ლეტალურ გამოსავალთან." - ამბობს ლევან რატიანი.
მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სახიფათო დიდი თავშეყრის ადგილებია.
"სულ ამას ვიძახი, რომ აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ აუცილებლად გადარჩენისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველი, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონს. უამრავი პაციენტია, რომლებიც მიმღებ განყოფილებაში სკამზე ზის იმიტომ, რომ ადგილი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირაა, კლინიკაში საერთოდ არ გვაქვს ადგილი. ხანდახან გული მისკდება, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა, თორემ, პაციენტს, რომელსაც არ უჭირს სუნთქვა, კლინიკას არ მიმართავს. ეს ჩვენმა დაუდევრობამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. დღეში 500 ზარი შემოგვდის და ამ 500-დან 90%-ს ვეუბნებით, რომ ადგილი არ გვაქვს. ადამიანს, რომელსაც საშველის პოვნა უნდა, ვერ ეხმარები. ამის მეშინოდა ყოველთვის. იმედია, აწი მაინც მოვეგებით გონს. დღეს 74 გარდაცვლილი გვყავს, ეს ხომ არაა პატარა ციფრი", - აღნიშნა რატიანმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კოვიდსაინააღმდეგო ვაცინის გაკეთება არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვირუსი არ დაგვემართება, არამედ დაგვიცავს მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალური შედეგისგან.
"ვაქცინირებულებში შედარებით უფრო ნაკლებად ზიანდება ფილტვის ქსოვილი და გამოჯანმრთელება უფრო მოკლე დროში დგება", - ამბობს ლევან რატიანი.