საქართველომ კორონავირუსის სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულების 5000 დოზა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიისგან დონაციის სახით მიიღო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მონოკლონური ანტისხეულები მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალების რისკებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა საქართველოში 10 ნოემბრიდან ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. პრეპარატი გამოყენებული იქნება როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში. რა შედეგი აქვს აღნიშნული პრეპარატების გამოყენებას და რომელ ჯგუფებს მიენიჭებათ უპირატესობა, თემაზე ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:
- მონოკლონური ანტისხეულები საკმაოდ ეფექტურია, რასაც უამრავი კვლევა მოწმობს. მას აქვს უნარი, შეამციროს და გააჩეროს ვირუსის რეპლიკაცია ანუ გამრავლება. შესაბამისად, დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებიც მცირდება. პრეპარატი პაციენტებში დასაწყის პერიოდში, პირველი-შვიდი დღის განმავლობაში ინიშნება, როდესაც ვირუსის მაღალი რეპლიკაციაა და დამძიმების შანსი არსებობს. უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც დამძიმების მაღალი რისკი აქვთ. ასეთები არიან ასაკოვანი ადამიანები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სხვა. ან იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც დაავადება თავიდანვე მძიმედ მიმდინარეობს.
- არის რამე რისკი, რაც კონკრეტული პრეპარატის გამოყენებას თან ახლავს?
- სერიოზული და მაღალი რისკები არ არსებობს, მაგრამ თუ გვაქვს თანდართული, ბაქტერიული მძიმე ინფექცია ან პაციენტს პრეპარატში შემავალ რომელიმე კომპონენტზე მძიმე ალერგიული რეაქცია აქვს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არ უნდა გამოვიყენოთ. ასევე, აქტიური სიმსივნეების დროს არ არის რეკომენდებული.
- ზოგადად, ასაკობრივად, კლინიკაში მომართვიანობა როგორია?
- კლინიკაში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მკურნალობს, მაგრამ უფრო მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ასაკოვნებშია. თუმცა, დელტა შტამის დროს მძიმე მიმდინარეობა სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც, მათ შორის, მოზარდებშიც და ახალგაზრდებშიცაა გამოხატული. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ძირითადად მაინც ასაკოვან ადამიანებში მძიმდება დაავადება და სამწუხაროდ, ცუდი გამოსავალიც დგება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ასაკოვან ადამიანებს ვაქცინაცია ჩუტარდეთ და ამ პოპულაციის მოცვა უფრო მაღალი იყოს.
- ხომ არ მოიმატა კლინიკაში ვაქცინირებული ადამიანების მომართვიანობამ?
- სტაციონარს ვაქცინირებული ადამიანებიც მომართავენ, მაგრამ მომართვიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე არავაქცინირებულების შემთხვევაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათში მძიმე მიმდინარეობა 10-15-ჯერ უფრო შემცირებულია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თუ 30-35 პაციენტი წევს, შეიძლება მათგან მხოლოდ ერთი ან არც ერთი არ იყოს ორჯერადად ვაქცინირებული. ამიტომ, დაავადების მიმდინარეობის შემთხვევაში ძალიან დიდი განსხვავებაა.
- ხომ არ გამოჩნდა ე.წ. ტვინდემიის შემთხვევები?
- ტვინდემიის თეორიული რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე გრიპის კუთხით ეპიდსიტუაცია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერჯერობით არ შეცვლილა. ამიტომ, ჩემი აზრით, ტვინდემიის რეალური საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.
თამარ იაკობაშვილი