ჯანმრთელობააქტუალური
"მითია, რომ მცენარეული პრეპარატი ყოველთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქიმიურად წარმოებული, ზოგჯერ ტოქსიურობით აღემატებიან" - როდის არის ბავშვის ტირილი საშიში და როდის ინიშნება დამამშვილებლები
 "მითია, რომ მცენარეული პრეპარატი ყოველთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქიმიურად წარმოებული, ზოგჯერ ტოქსიურობით აღემატებიან" - როდის არის ბავშვის ტირილი საშიში და როდის ინიშნება დამამშვილებლები
შეკითხვა რედაქციას: „ჩემი ნათესავის ბავშვი ხშირად ტირის, თვეებისაა. ამას წინათ ერთად მოვხვდით სადღაც და ჩემმაც დაიწყო ტირილი, გაღიზიანდა რაღაცაზე და ვერ ვაწყნარებდი. მაშინვე მითხრა დედამისმა, დამამშვიდებლებს რატომ არ აძლევო, წამალიც კი დამისახელა, რომელსაც აძლევს. რამდენად გამართლებულია ასეთი რამ?"

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვი ტირის, ჭირვეულობს? რა ხდება ხოლმე უხშირესად მიზეზი და რამდენად გამართლებულია ამ ასაკში, ბავშვებს თვითნებურად მივცეთ დამამშვიდებელი საშუალებები - თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გვესაუბრება:

- დავიწყოთ იმით, რომ ტირილი ბავშვის მხრიდან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე
მძლავრი და ეფექტური საშუალებაა. მიზეზიც,
შესაბამისად, ჩვენგან დახმარების ან ყურადღების მიღების სურვილია ხოლმე. ასაკისა და სიტუაციის მიხედვით, მოტივაცია შეიძლება იცვლებოდეს. ერთი მხრივ, ლიდერობს სხვადასხვა ტიპის დისკომფორტთან დაკავშირებული ტირილი - მაგალითად, ტკივილი, შიმშილი, წყურვილი, უხერხული პოზა; მეორე მხრივ, ტირილის მიზეზი ხშირად ხდება უბრალოდ მოწყენილობა და კომუნიკაციის სურვილი. საგულისხმოა, რომ ყველა ამ კომპონენტს ბავშვები სხვადასხვა ტონალობის ტირილით გამოხატავენ. ჩვილი ბავშვის მშობლებსა და ოჯახის წევრებს რამდენიმე კვირის ასაკიდან უკვე შეუძლიათ განასხვავონ ტირილი "მტკივა", "მშია", "გამომიცვალე", "ჩამეხუტე" და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად, 2-3 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე სწავლობს ლაპარაკს, ტირილი მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო საშუალებად. სხვადასხვა ტიპის ტკივილით განპირობებული ტირილი ისევ ლიდერობს, ისევე, როგორც ხშირია ემოციების და უპირატესად უარყოფითი ემოციების გამომხატველი ტირილი - "შემეშინდა", "მეწყინა", "იმედი გამიცრუვდა" და ა.შ.

- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სპეციალისტის დახმარებაა საჭირო, არის კონკრეტული სიმპტომები, როცა ნევროლოგის ჩართვა აუცილებელია? როგორი ტიპის და რა ხანგრძლივობის ტირილია საყურადღებო და საგანგაშო?

- უკვე აღვნიშნეთ, რომ ძალიან ადრეული ასაკიდანვე ტირილის ტონალობის მიხედვით დედის ყურს უკვე შეუძლია ტირილის მიზეზის გამოცნობა. ასეთ დროს საკმარისია ტირილის მიზეზის მოცილება, რომ ბავშვი დამშვიდდეს. თუ ტირილის მიუხედავად, ბავშვის დამშვიდებას წარმატებით ვახერხებთ, მაშინ განგაშის საფუძველი ნაკლებია. ექიმთან მიმართვის მიზეზი ერთი მხრივ ტირილის ამოცნობილი მიზეზიც შეიძლება გახდეს, მაგალითად მუცლის ან ყურის სისტემატური ტკივილი. მეორე მხრივ, თუ ბავშვი რეგულარულად ტირის და ვერ ვახერხებთ კონკრეტული მიზეზის გარკვევას, დამშვიდების მცდელობა იწვევს უფრო მეტად გაღიზიანებას, უარს ამბობს მისთვის საყვარელ სათამაშოზე ან სასუსნავზე, ასეთი ტირილი შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე და მიზანშეწონილია სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა. რაც შეეხება სპეციალისტს, ვისაც უნდა მივმართოთ ამ დროს, ტირილი სულაც არ ნიშნავს, რომ კვლევას იწყებს ნევროლოგი. უფრო პირიქით, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ბავშვის პედიატრს და მივაწოდოთ ინფორმაცია როდის, რა სიხშირით, რასთან კავშირში იწყებს ბავშვი ტირილს, როგორია ქცევა შუალედებში და ა.შ. ნევროლოგი ერთვება, როდესაც ტირილის მიზეზია თავის ტკივილი ან ნებისმიერი დისკომფორტი, რომელსაც ახლავს ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა - მაგალითად უძილობა.

- ხშირად გაგვიგონია, რომ დედები ამ ასაკის ბავშვებს დამამშვიდებლებს აძლევენ. მაგალითად, ერთ-ერთი ამბობს, რომ ატარაქსს ასმევს, გაგვიგონია შემთხვევები, სასმელიც რომ მიუციათ დასაწყნარებლად. რამდენად გამართლებულია ამ ასაკში მსგავსი პრეპარატების გამოყენება? რა უარყოფით გავლენას ახდენს?

- ისევ და ისევ, ნებისმიერი ტიპის მკურნალობას პირველ რიგში სჭირდება ტირილის მიზეზის გარკვევა. თუ სწორად ამოვიცანით და მოვაშორეთ მიზეზი, დამატებითი "დამამშვიდებელი", როგორც წესი, აღარ არის ხოლმე საჭირო. უნდა გვახსოვდეს, რომ "დამამშვიდებელი" პრეპარატი მხოლოდ ადუნებს ორგანიზმის რეაგირებას სტრესულ ფაქტორზე, ამცირებს ამ რეაგირების ინტენსივობას, ანუ ბავშვი ნაკლებად ტირის, მაგრამ პრობლემა რჩება. სასმელში თუ ალკოჰოლს გულისხმობთ, რაც, სამწუხაროდ, რეალურად ხდება ხოლმე, ყოვლად დაუშვებელი და გაუმართლებელი ტაქტიკაა. ადრეული ასაკის ბავშვებისათვის ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. არც დამამშვიდებლად და არც გასართობად, ან საცდელად. რაც უნდა წინაპრების "გამოცდილი და ეფექტური" რეცეპტები მოიშველიონ, სპეციალისტები ამას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ. კვლევებიც და გამოცდილებაც მხოლოდ მავნე გავლენას ამტკიცებს.

- ზოგადად, თუ შეიძლება ბავშვისთვის დამამშვიდებლების მიცემა, მაგალითად ვალერიანი ან მსგავსი და რა საფრთხე არსებობს ამ მიმართულებით? როდის არის საჭირო დამამშვიდებელი?

- რა თქმა უნდა, არის მდგომარეობები, როდესაც სპეციალისტებიც მივმართავთ მედიკამენტებს დასახმარებლად. თუ სტრესული ფაქტორი მეტისმეტად გახანგრძლივდა დროში, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა, მაგ. ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ გამოჯანმრთელებას საჭიროებს, ქრონიკული დაავადება, რომელიც უხეშად ცვლის ბავშვის ცხოვრების სტილს, ოჯახის წევრის გარდაცვალება, სიახლე ბავშვის ცხოვრებაში, თუნდაც პოზიტიური, რომელზეც გადაჭარბებული ემოციური რეაგირება აქვს, იმდენად, რომ დაერღვა ძილი, მოუხშირა ფუნქციური ტიპის თავის ტკივილებზე ან მუცლის ტკივილზე ჩივილს, ადვილად ღიზიანდება და უჭირს დამშვიდება, შეეცვალა ხასიათი და გახდა უფრო ფიცხი და აფექტური, ასეთ დროს რეალურად განიხილება ხოლმე დამამშვიდებელი პრეპარატის გამოყენება. უშუალოდ მედიკამენტის არჩევანი მაინც სპეციალისტების პრეროგატივაა კონკრეტული ბავშვის კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. მითია ასევე, რომ მცენარეული პრეპარატი ყოველთვის უფრო მსუბუქია და უსაფრთხო, ვიდრე ქიმიურად წარმოებული. რიგ შემთხვევებში, მცენარეული პრეპარატები ტოქსიურობით არ ჩამოუვარდებიან ან აღემატებიან კიდეც მათ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიკამენტის დოზა და მიღების ხანგრძლივობა. თვითმკურნალობის შემთხვევაში მშობლები ხშირად იყენებენ არასწორ დოზას და არასწორ ხანგრძლივობას, რაც საბოლოოდ არასრული ეფექტით და იმედგაცრუებით, ან გართულებებით სრულდება.

- როცა ბავშვი ჭირვეულობს და ტირის, რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ტირილი არის ბავშვის მხრიდან კომუნიკაციის მძლავრი და ეფექტური საშუალება. შეუძლებელია, რომ მან არ მიიქციოს ჩვენი ყურადღება. ეს თითქოს ინტუიციურად არის ჩადებული ჩვენში. რეკომენდაციები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
  • პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი ხმა გაიგონეს და მისი პრობლემა მოვიდა ჩვენამდე.
  • რეაგირება ტირილზე უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი, რომ ბავშვს არ დასჭირდეს ხმის აწევა და ტირილის გაძლიერება ჩვენი ყურადღების მისაქცევად.
  • მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რატომ ტირის ბავშვი, თუ ეს არის კონკრეტული პრობლემა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, ან ფიზიოლოგიურ საჭიროებასთან, მაგალითად, სტკივა რაიმე, შია ან სწყურია, დახმარება სჭირდება, უნდა ვცადოთ ამ მიზეზის მოგვარება სწრაფად. პარალელურად, ვესაუბრებით მშვიდი ტონით, ვეფერებით.
  • მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო შფოთავს ბავშვი, ჩვენ დავრჩეთ მშვიდი და გაწონასწორებული და თან სიტყვით და საქმით ვუჩვენოთ რომ მისი პრობლემა მოგვარებადია და ჩვენ ამაში უკვე ვეხმარებით. მგალითად, ერთად მივდივართ საკვების ასაღებად ან წყლის დასალევად, ვიწყებთ ჭრილობის დამუშავებას, მოფერებით, სულის შებერვით ვუმსუბუქებთ ტკივილს, თან ვუხსნით, რას ვაკეთებთ და რატომ. ამ შემთხვევაში მშობლის სიმშვიდე აღარ აღიქმება, როგორც გულგრილობა. ეს არის გზავნილი ბავშვისთვის, რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ მისი პრობლემა.
ცალკე თემაა ტანტრუმები, რაც საკმაოდ ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში სწორედ 2-3 წლის ასაკიდან. ტანტრუმი უმეტესად არის ბავშვების მხრიდან იმედგაცრუების ან კატეგორიული მოთხოვნის დემონსტრირება, ერთგვარი პროტესტი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სწორად იგნორირება ბავშვის ტირილის, რათა ის არ გახდეს მანიპულირების იარაღი.

  • პირველი რეაგირება ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, ჩვენ გავიგეთ რატომ ტირის, რატომ ბრაზობს და რას ითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ვიყოთ ბავშვის სიმაღლეზე ჩამუხლული, ვუყუროთ თვალებში და მშვიდად გავახმოვანოთ მისი ტირილის მიზეზი - "მე ვიცი, რომ კიდევ გინდა შოკოლადი", ან "მესმის რომ არ გინდა სახლში წასვლა და ეზოში დარჩენა გირჩევნია". ამით ვუდასტურებთ, რომ ჩვენ უკვე ამოვიცანით მისი ტირილის მიზეზი და ამ მიზნით ტირილის გაგრძელების მიზეზი აღარ აქვს.
  • შემდეგი ეტაპია არგუმენტირებული უარი - "ვწუხვარ, მაგრამ ჯერ ვერ მოგცემ შოკოლადს. ჯერ სადილი არ გიჭამია. ჯერ უნდა ვისადილოთ. შემდეგ შემიძლია მოგცე შოკოლადი", ან " ვეღარ დავრჩებით ეზოში. უკვე გვიანია. სახლშიც გველოდებიან სათამაშოები. ახლა მათ უნდა ვეთამაშოთ. ხვალ ისევ დავბრუნდებით საქანელებთან". ვცდილობთ, რომ ამ ტიპის არგუმენტები გავიმეოროთ რამდენჯერმე და დამაჯერებლად. სასურველია წინადადებები არ იყოს ძალიან გრძელი. იყოს კონკრეტული და მკაფიო შინაარსის. მნიშვნელოვანია ასევე მკაფიოდ გამოვხატოთ სინანული, რომ "ვერ ვუსრულებთ" მოთხოვნას და ნაკლებად გამოვიყენოთ სიტყვა "არა", მაგალითად "არ მოგცემ", "არ წაგიყვან", რადგან ეს უფრო კატეგორიულია ტონია და ბავშვის მხრიდან მეტი პროტესტის მიზეზი ხდება ხოლმე. შესაძლებელია ასევე რაიმე უფრო მისაღები ალტერნატივის შეთავაზება. მაგალითად "დღეს მეტ შოკოლად ვეღარ მოგცემ, უკვე ბევრი შეჭამე, მაგრამ შემიძლია ორცხობილა მოგცე, ესეც ძალიან გემრიელია". ამ დროს ჯერ ისევ ვრჩებით ბავშვის სიმაღლეზე ჩამუხლული და ვაგრძელებთ თვალებში ყურებას. ვინარჩუნებთ მშვიდ ტონს, რაც უნდა ხმამაღლა ყვიროდეს ბავშვი. არავის აქვს ილუზია, რომ ეს ადვილია. როგორც წესი, ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ბავშვი გულამოსკვნილი და სასოწარკვეთილი სახით ითხოვს რაიმეს. ჩვენი სიმშვიდე ასეთ დროს, პირველ რიგში, ემსახურება მაგალითის მიცემას, რა ტიპის ქცევას ვითხოვთ მისგან და როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი.
  • თუ ამის მიუხედავად ბავშვი არ მშვიდდება და აგრძელებს ტირილს, ყვირილს, აპროტესტებს და ასე ცდილობს მიზნის მიღწევას, ვდგებით, აღარ ვაგრძელებთ თვალებში ყურებას და ახსნა-განმარტებას და ველოდებით დამშვიდებას. ვაკონტროლებთ მხოლოდ უსაფრთხოებას მასთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე.
  • მნიშვნელოვანია გავათვითცნობიეროთ, რომ ბრაზი და იმედგაცრუება ბუნებრივი ემოციებია, რომლის გადალახვა და დაძლევა ისევე უნდა ისწავლოს ბავშვმა, როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. ამასთან, ემოციებისგან დაცლისთვის ყველას ინდივიდუალური დრო შეიძლება დასჭირდეს.
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენდა უნებურად ბავშვს არ მივცეთ მაგალითი, რომ საბოლოოდ, "ოღონდ გაჩუმდეს", ყველანაირ დათმობაზე წავალთ და მაინც გვაიძულებს მანამდე აკრძალული ნივთის მიცემას.
  • ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ერთიანი მიდგომა ბავშვის ქცევის მიმართ და ერთი წევრისგან გაჟღერებული აკრძალვა, ოჯახის მეორე წევრმა არ გააპროტესტოს და არ შეუსრულოს სურვილი.
  • თუ ამ წესებს სწორად და მოთმინებით დავიცავთ, ბავშვი გააცნობიერებს, რომ ტანტრუმს რეალურად არანაირი შედეგი არ მოაქვს და ეს ქცევა ბუნებრივად ჩაქრება. ანუ ქცევის წარმატებული მართვის რეცეპტი არის მოთმინება და თანმიმდევრულობა.
თამარ იაკობაშვილი

ბეჭდვა