დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. აქამდე უფასო პროგრამით მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები სარგებლობდნენ.
სად უნდა მიხვიდეთ გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინის უფასოდ მისაღებად
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ადამიანები საკუთარ ოჯახის ექიმებთან, იმ პოლიკლინიკებში უნდა მივიდნენ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან.
შეძლებენ თუ არა კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები ვაქცინის უფასოდ მიღებას
"კერძო დაზღვევის მქონე პირები სადაც არიან დაზღვეულნი, იმ კლინიკებსაც ექნებათ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა და უფასოდ შეძლებენ ვაქცინაციას", - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
რომელი ასაკიდანაა შესაძლებელი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 6 თვიდან ზემოთაა შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ახლა ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს აცრას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია ორსულთათვისაც და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
თუ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეთ, რამდენ ხანში შეგიძლიათ გრიპის ვაქცინის გაკეთება
მოქალაქეებს შეუძლიათ გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ დღეს გაიკეთონ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, თუ მოქალაქეები ორივე ვაქცინას ერთ დღეს არ გაიკეთებენ, მათ აცრებს შორის 14-დღიანი ინტერვალი უნდა დაიცვან.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა და სასურველია, 15 დეკემბრამდე ყველამ ცაიტაროს ვაქცინაცია.
თამარ იაკობაშვილი