კოვიდით ინფიცირების სტატისტიკა ისევ მზარდია, მათ რიცხვში ბავშვიც ბევრია, "დელტა" შტამით ინფიცირებული პატარები ხშირად ხვდებიან კლინიკებში.
ამჟამად ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმები კიდევ ერთი ჩვილის გადარჩენას ცდილობენ, რომელის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა. 1 თვის ჩვილი ბათუმიდან გადმოიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზეა.
„ერთი ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. რომლის რეფერირება მოხდა ბათუმიდან. მას აქვს ორივე ფილტვის ქსოვილის სერიოზული მაღალქულიანი დაზიანება. სხვა პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ რეანიმაციაში, თანმხლები დაავადებები აღენიშნებათ. სულ ორჯერადად ვაქცინირებული 4 მშობელია ჩვენთან და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სახლში ბავშვები ჰყავს, კოვიდინფიცირებისგან მათ დასაცავად, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის აცრა",- ამბობს ციციშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მაია ჩხაიძე.
სხვა კლინიკებშიც არიან დაინფიცირებული ბავშვები და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გამოსაჯანმრთელებლად.
აცრისკენ მოუწოდებს ყველას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე და მშობლებს ურჩევს, 12 წლის ასაკიდან ბავშვები „ფაიზერით“ აცრან, რომ ამ გზით დაიცვან შვილები და გარშემომყოფები. ბატონი ივანე საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის ბავშვებში კორონავირუსი საშიში და რატომაა აუცილებელი ბავშვთა ვაქცინაცია.
ივანე ჩხაიძე, პროფესორი:
- ხსენებულ თემაზე რამდენიმე თვალსაზრისით შეგვიძლია ვისაუბროთ, ანუ - თუ რატომ არის ბავშვებში კორონავირუსი საშიში. ციფრებსაც მოვიტან.
პირველი - თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არ კორონავირუსი ბავშვებში ყველა შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობის, კატეგორიულად ვამბობ, არა, რადგან 100 შემთხვევიდან 9 არის იმდენად მძიმე, რომ 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. კორონავირუსი აღარ განიხილება, როგორც ბავშვებისთვის უსიმპტომო დაავადება, 9 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ნიშნავს იმას, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და დიდ რისკებზე მიუთითებს. მეორე საკითხი - ვირუსი ბავშვებში, სამწუხაროდ, არა მარტო ჰოსპიტალიზაციით, შესაძლოა, ლეტალური გამოსავლითაც დამთავრდეს. შარშან კორონავირუსით ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა, ახლა კი, საუბედუროდ, შვიდია გარდაცვლილი. „დელტა“ ვარიანტმა სიკვდილობის მაჩვენებელიც გაზარდა. ასე რომ, ვაქცინაცია გვაშორებს ლეტალური გამოსავლის რისკსაც. მესამე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსს აქვს ერთი უნიკალური თვისება, მისი სიმპტომები შეიძლება ძალიან დიდხანს გახანგრძლივდეს , ამას ვეძახით ხანგრძლივ კოვიდს. რომლის დროსაც კორონავირუსი, თუნდაც მსუბუქი ფაზის გადატანიდან ანუ უსიმპტომო ფორმიდან შესაძლებელია, 6 - 8 თვის განმავლობაში დარჩეს. ბევრი სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელიც მისი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს. ძირითადად, ესენია: მახსოვრობის პრობლემები, დეპრესია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ტემპერატურა, ხველა, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და ა.შ. 100-მდე სიმპტომია, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს, და ეს სიმპტომები ძალიან ხანგრძლივად გრძელდება. სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სამედიცინო საშუალება ჯერ არ არსებობს, ეს არის მესამე ნეგატივი - ხანგრძლივი კოვიდის შესაძლებლობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ. მეოთხე - ბავშვებს აქვთ კორონავირუსის გადატანის უნარი, მაგრამ ვირუსს გადასცენ უფროსებს. ახლა სკოლები და ბაღები მინიმალური ოდენობით მუშაობს, ბავშვების კონტაქტი თანტოლებთან ნაკლებია, ძირითადად, არიან ოჯახის წევრებთან, რასაც საყოფაცხოვრებო კონტაქტებს ვეძახით.
საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს ბავშვების მიერ ინფექციის გადაცემის მაჩვენებელი საკმაოდ სერიოზულია და ეს არის მეოთხე არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყვნენ ბავშვები აცრილები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში სტატისტიკა გამოქვეყნდა - 1000 ბავშვის ვაქცინცია, 4 თვის განმავლობაში, 36 მოზრდილის სიკვდილს გვაცილებს თავიდან. აქ იგულისხმება ის, რომ ეს ბავშვები გადასცემენ ინფექციას მოზრდილებს და მოზრდილი შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვების ვაქცინაცია მოზრდილების ინფიცირებს ამცირებს, არა მხოლოდ ინფიცირებას ამცირებს, შესაძლოა, მოსახლეობის სიკვდილისგან დაცვაც განაპირობოს.
დღეს შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება და მოვუწოდებ მშობლებს, აცრან შვილები. 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვი შეუძლიათ მიიყვანონ ვაქცინაციის კაბინეტში და აცრან საკუთარი შვილები.
ეს ნაბიჯი გადაიდგა შემდეგი არგუმენტების გთვალისწინებით - ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, მათ შორის, „დელტა“ შტამის ვარიანტი, მკვეთრად გაიზრდა. თუ პანდემიის დასაწყისში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7-10 პროცენტი იყო ბავშვი, ანუ 100 ინფიცირებულიდან 10 ბავშვი მოიაზრებოდა, ახლა, 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 20 უკვე ბავშვია, ანუ ორჯერ გაიზარდა ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი, რაც გამოიწვია „დელტა“ ვარიანტმა. ამ მუტაციამ შეცვალა ასაკი. კორონავირუსის ვაქცინაცია პრაქტიკულად 100 პროცენტით ეფექტიანია ინფიცირების თავიდან აცილების თვალსაზრისით, ასევე, ეფექტიანია ვაქცინაცია საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების 100 პროცენტით შემცირების თვალსაზრისით.
- აბსოლუტურად ერთნაირი სიმპტომები აქვთ კოვიდს და სხვა ვირუსებს, არა მხოლოდ მშობელი, ვერც ერთი ექიმი ვერ განასხვავებს კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით. ეს არის გრიპი, თუ კორონავირუსი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი განსხვავებები არის, ვთქვათ: დიარეა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება უფრო ხშირია კორონავირუსის დროს და არ ახასიათებს გრიპს; სუნთქვის უკმარისობის შეგრძნებაც, უფრო ხშირად, კორონავირუსის სიმპტომად მიიჩნევა და არც ეს ახასიათებს გრიპს, მაგრამ ეს მართლა ისეთი ნიუანსია, რომელსაც დაკვირვება სჭირდება.
ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ახლა ყველა შემთხვევა, ნოემბრიდან დაწყებული - ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა... შესაძლებელია იყოს როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის მიმანიშნებელი. ამიტომ თუ თქვენ გინდათ, გაიგოთ, რა აქვს თქვენს შვილს, აქ უკვე ტესტირების კვლევების გარეშე ვერ გადავრჩებით. ზაფხულის თვეებში, აგვისტოსა და ივლისში, ჩვენ შეგვეძლო 100-პროცენტიანი ალბათობით გვეთქვა, თუ ასეთი სიმპტომები გქონდა ბავშვს, რომ ეს იყო კორონავირუსი, რადგან ზაფხულში საქართველოში გრიპის ვირუსი არც ცირკულირებს, მაგრამ ნოემბერში და, განსაკუთრებით, დეკემბერში გრიპის ვირუსის ცირკულაციაც დაიწყება.
ჯერჯერობით ჩვენთან გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა, აქედან გამომდინარე, ამ სიმპტომების მიხედვით განსხვავება რთულია მშობლისთვის, რომ მიხვდეს, ეს არის გრიპია თუ კორონავირუსი. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია კონტაქტიც, თუ ოჯახში კორონავირუსით არის ვინმე ავად , მაშინ შეიძლება ეს იყოს კორონავირუსი და ამაზე უნდა შევიტანოთ ეჭვი.
- შარშან დეკემბერში გადატანილი ვირუსი აღარ არის უკვე დაცვა. თქვენ რომ გეთქვათ, ზაფხულში ჰქონდაო, გეტყოდით - თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს გადატანილი ბავშვს კოვიდი, მაშინ იმის ალბათობა, რომ ეს ნიშნები უფრო მეტად იყოს დამახასიათებელი გრიპისთვის, არის რეალური.
დღეისათვის საქართველოში არცერთი გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დეკემბრის დასაწყისში უკვე ველოდებით გრიპის დადასტურებულ შემთხვევებს, რადგან სეზონური პერიოდი იწყება. რაც შეეხება რეინფიცირებას, ბავშვებში არის კოვიდით რეინფიცირების ერთეული შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში, შესწავლის საფუძველი იყო.
შესაძლოა, ბავშვებშიც იყოს რეინფიცირება, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ასეთ დროს რამდენიმე ფაქტორია აუცილებლად გასათვალისწინებელი, და არა მარტო კლინიკური ნიშნები. სავალდებულოა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნაც, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის ვირუსი. შეიძლება იყოს რეინფიცირება იგივე ვირუსით, თუ მოკლე ხანში ისევ დაინფიცირდება ბავშვი, თუმცა ამ დასკვნის გამოტანა დეტალურ შესწავლას მოითხოვს. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა „დელტა“ ვარიანტმა, ერთი, რაც ჩვენთვის ცნობილია, მისი უარყოფითი ზეგავლენაა და ისიც, რომ „დელტა“ ვარიანტმა რეინფიცირების მაჩვენებელი უფრო გაზარდა. ჩინური ვარიანტის შემთხვევაში რეინფიცირება ძალიან იშვიათი იყო და „დელტა“ ვარიანტმა, სამწუხაროდ, ესეც შეცვალა. მოზრდილების ვაქცინაციას აქვს სასიცოცხლო როლი კორონავირუსით ინფიცირების, კორონავირუსით გამოწვეული ავადობისა და ლეტალობის შემცირების თვალსაზრისით არა მარტო ბავშვებში, არამედ - ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ამიტომ ვურჩევ მშობლებს, აცრან 12- წლის ასაკიდან შვილები.
- კეთდება, მაგრამ არა ყველგან, როგორც ეს კორონავირუსის დროს ხდება. ამას აკეთებს რამდენიმე საყრდენი ბაზა, ჩვენ, იაშვილის საავადმყოფო ვართ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საყრდენი ბაზა და იმ კვირიდან ჩვენთან დავიწყებთ გრიპზე პაციენტების შემოწმებას, თუმცა, კორონავირუსის ანალიზის მსგავსად, უფასოდ არც ეს ხდება.