რა აწუხებთ ყველაზე მეტად კოვიდგატანილ ბავშვებს და რატომ არის ჭარბწონიანი ბავშვების აცრა აუცილებელი
რა აწუხებთ ყველაზე მეტად კოვიდგატანილ ბავშვებს და რატომ არის ჭარბწონიანი ბავშვების აცრა აუცილებელი


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, რატომაა ბავშვთა ასაკში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი, რა გართულებებისგან იცავს ის და ზოგადად, რა უარყოფით გავლენას ახდენს კოვიდ-19 მათ ჯანმრთელობაზე:

- საქართველოში ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრა ფაიზერის ვაქცინის შემოსვლისთანავე დაიწყო, რაც 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს შეეხო. შემდეგი ეტაპი თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას გულისხმობდა. რამდენიმე დღის წინ კი ქვეყანამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა
ვაქცინაცია, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, დაიწყო. პანდემიასთან ბრძოლაში ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დამოკიდებულება, რომ კორონავირუსი ბავშვებში იშვიათია, ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, სწორი 2020 წელს იყო, როდესაც საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ძირითადად ე.წ. ჩინური შტამი ცირკულირებდა. კორონავირუსის მუტაციებმა ყველაფერი შეცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბავშვთა ავადობაზე ე.წ. დელტა ვარიანტმა მოახდინა. მან მნიშვნელოვნად გააახალგაზრდავა კორონავირუსით ინფიცირების საშუალო ასაკი. ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების წილის ზრდა, მათ შორის საქართველოშიც. თუ ინფიცირებული ბავშვების წილი საერთო რაოდენობასთან მიმართებით 2020 წელს 5-10% იყო, 2021 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, 20. 4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, ე.წ. დელტა შტამის დროს, ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ
ბავშვებს კორონავირუსი. უფრო გასაგები რომ იყოს, 100 ინფიცირებულიდან, 20 ბავშვია. შედარებისთვის, ჩინეთში სულ 98 ათასია ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოში თითქმის 100 ათასი მარტო ბავშვი გვყავს ინფიცირებული, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კატასტროფული მონაცემი გვაქვს ინფიცირების თვალსაზრისით. 2021 წელს გაიზარდა არა მხოლოდ ბავშვების ხვედრითი წილი, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მიმდინარეობის სიმძიმე. იმ სტატისტიკური ანალიზიდან, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაწვდის, ნათელია, რომ ყოველი 100 ბავშვიდან 9-ს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. ე.ი. თითქმის ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვი საავადმყოფოში მოთავსებას საჭიროებს. ამიტომ, ე.წ. დელტა ვარიანტის დროს კორონავირუსი ბავშვებში არ გახლავთ იშვიათი და ასევე, ის ყოველთვის იოლი ფორმით არ მიმდინარეობს.

- რა გართულებებისგან იცავს ბავშვებს ვაქცინა?

- ყველა იმ გართულებისაგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ინფიცირებას. თუმცა, ყველაზე მთავარია ის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებს საავადმყოფოში მოხვედრისაგან იცავს. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, რაც შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ანთებით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, სითხის დაკარგვით, ცნობიერების შეცვლით, ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურით. ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ პროტოკოლშია მოყვანილი.
100 ათასამდე ინფიცირებული, აუცრელი ბავშვიდან საქართველოში 8 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. ისინი უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრების კონტაქტები იყვნენ და ოჯახის უფროსი წევრები არ ყოფილან ვაქცინირებულნი. როდესაც კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, 2021 წლის 15 მარტიდან პირველ ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსის გამო 5469 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 98.96% არავაქცინირებული იყო. ვაქცინაციის აუცილებლობის ამაზე უფრო ნათელი დადასტურება ვერ წარმომიდგენია. ეს ძალიან სერიოზული არგუმენტია ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც ვაქცინაციის მნიშვნელობას არ აღიარებენ. გარდაცვლილთა 98.96 პროცენტი არავაქცინირებულია! ესაა ჩვენი მთავარი სატკივარი. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე რომ ვსაუბრობთ, ამ მონაცემების უკან ადამიანების სიცოცხლეა.

- ხშირად მშობლებს ასეთი პოზიცია აქვთ, თუ ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, თვლიან, რომ არ არის აუცილებელი ვაქცინის გაკეთება. რა შეგიძლით უთხრათ მათ?

- მსგავსი მიდგომა სწორია, როდესაც გრიპის ვირუსზე ვსაუბრობთ. გრიპის შემთხვევაში, 5 წლამდე ასაკის ბავშვები იმუნური სისტემის ნაკლები განვითარებისა და კონტაქტების უფრო მეტი რისკის გამო, საჭიროებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 5 წლის ზემოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებათ იმ ბავშვებს, რომელთაც ქრონიკული დაავადება აქვთ. მაგრამ, კორონავირუსი გრიპთან შედარებით, გაცილებით უფრო მძიმე და სერიოზული დაავადებაა. სეზონური გრიპის შემთხვევაში 1000 ინფიცირებულიდან 1 შეიძლება დაიღუპოს, ხოლო კორონავირუსის დროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 100 ინფიცირებულიდან 2-3 იღუპება.
გარდა ამისა, კორონავირუსს კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს, რაც გამოხატულია ე.წ. ხანგრძლივი კოვიდით. ის თვეების განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ტოვებს ბავშვებში. მაგალითად, საერთო სისუსტეს, სუნთქვის უკმარისობას, ტემპერატურას, თავის ტკივილს, დეპრესიას, ღამის ძილის დარღვევას, მახსოვრობისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობის დროსაც შეიძლება გამოიხატოს. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება. უმრავლეს შემთხვევაში იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც აღნიშნული დიაგნოზით ჩვენთან მკურნალობდნენ და ახლაც განაგრძობენ მკურნალობას, ჩვენგან გაიგეს, რომ მათ შვილს კორონავირუსი აქვს გადატანილი. უსიმპტომო შემთხვევებმაც, გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ სერიოზული გართულება მოგვცა, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. ამიტომ, არაფერ შუაშია ბავშვის ჯანმრთელობის სტატუსი, თუ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია, აუცილებლად უნდა გაიკეთოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.

- რკინის, D ვიტამინის, ზოგადად, ვიტამინების ნაკლებობასა და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებზე რამდენად შეიძლება ჩაითვალოს რისკ-ფაქტორად და აცრის განსაკუთრებულ მიზეზად ბავშვებში?

- ვაქცინაციისთვის არ არის აუცილებელი ბავშვებში ქრონიკული დაავადების არსებობა. ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, თავისი დამატებითი რისკის შემცველია. თუმცა, ანემიის, D ვიტამინის მკვეთრი დეფიციტის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავდების, ბრონქული ასთმის, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების რისკს ზრდის. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტულია. გართულების რისკს წარმოადგენს ასევე სიმსუქნე. ჭარბწონიანი ბავშვების ვაქცინაცია კოვიდასწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია.

- ვაქცინაციის შემდეგ რა ჩივილები შეიძლება გამოიხატოს ბავშვებში და როდისაა საყურადღებო? სასურველია, თუ არა სკოლისა თუ სხვა აქტივობებისგან გათავისუფლება აცრის მომდევნო დღეს?

- უმრავლეს შემთხვევაში ლოკალური გვერდითი მოვლენებია გამოხატული. ეს შეიძლება იყოს, ინექციის ადგილას შეწითლება, შუშუპება, ტკივილი, შესაძლოა აღინიშნოს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ყველა მათგანი 2-3 დღეში უკვალოდ გაივლის. არ არსებობს არც ერთი გვერდითი მოვლენა კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩივილები მოსალოდნელია ვაქცინის გაკეთებიდან 2 დღის განმავლობაში. ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღით ვურჩევთ ხოლმე, რომ არ არის სასურველი ინტენსიური ფიზიკური აქტიურობა. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, უმჯობესია დარჩეს სახლში, დალიოს სიცხის დამწევი საშუალება და მერე წავიდეს სკოლაში.

- კოვიდის შემდეგ ძალიან ბევრი ზრდასრული განიცდის თმის ცვენას, მეხსიერების პრობლემებს, კოვიდგადატანილ ბავშვებში ყველაზე ხშირად რა ჩივილებია გამოხატული?

- როგორც გითხარით, ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი ბავშვებშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მათთან აღწერილია 100-მდე კლინიკური სიმპტომი, რომლებიც სწორედ ხანგრძლივი კოვიდის ქვეშ მოიაზრება. შეიძლება 6-8 თვის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ძალიან შემაწუხებელია და ბავშვის სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად უარესდება. მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, ძილის დარღვევები, დეპრესია, უენერგიობა ხშირადაა გამოხატული. ეფექტური მედიკამენტი აღნიშნული სიმპტომების საწინააღმდეგოდ არ არსებობს, ამიტომაც ეს კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ უნდა ჩაიტარონ ბავშვებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

თამარ იაკობაშვილი



1894
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები