იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, რატომაა ბავშვთა ასაკში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი, რა გართულებებისგან იცავს ის და ზოგადად, რა უარყოფით გავლენას ახდენს კოვიდ-19 მათ ჯანმრთელობაზე:
- საქართველოში ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრა ფაიზერის ვაქცინის შემოსვლისთანავე დაიწყო, რაც 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს შეეხო. შემდეგი ეტაპი თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას გულისხმობდა. რამდენიმე დღის წინ კი ქვეყანამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, დაიწყო. პანდემიასთან ბრძოლაში ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დამოკიდებულება, რომ კორონავირუსი ბავშვებში იშვიათია, ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, სწორი 2020 წელს იყო, როდესაც საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ძირითადად ე.წ. ჩინური შტამი ცირკულირებდა. კორონავირუსის მუტაციებმა ყველაფერი შეცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბავშვთა ავადობაზე ე.წ. დელტა ვარიანტმა მოახდინა. მან მნიშვნელოვნად გააახალგაზრდავა კორონავირუსით ინფიცირების საშუალო ასაკი. ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების წილის ზრდა, მათ შორის საქართველოშიც. თუ ინფიცირებული ბავშვების წილი საერთო რაოდენობასთან მიმართებით 2020 წელს 5-10% იყო, 2021 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, 20. 4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, ე.წ. დელტა შტამის დროს, ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ ბავშვებს კორონავირუსი. უფრო გასაგები რომ იყოს, 100 ინფიცირებულიდან, 20 ბავშვია. შედარებისთვის, ჩინეთში სულ 98 ათასია ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოში თითქმის 100 ათასი მარტო ბავშვი გვყავს ინფიცირებული, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კატასტროფული მონაცემი გვაქვს ინფიცირების თვალსაზრისით. 2021 წელს გაიზარდა არა მხოლოდ ბავშვების ხვედრითი წილი, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მიმდინარეობის სიმძიმე. იმ სტატისტიკური ანალიზიდან, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაწვდის, ნათელია, რომ ყოველი 100 ბავშვიდან 9-ს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. ე.ი. თითქმის ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვი საავადმყოფოში მოთავსებას საჭიროებს. ამიტომ, ე.წ. დელტა ვარიანტის დროს კორონავირუსი ბავშვებში არ გახლავთ იშვიათი და ასევე, ის ყოველთვის იოლი ფორმით არ მიმდინარეობს.
100 ათასამდე ინფიცირებული, აუცრელი ბავშვიდან საქართველოში 8 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. ისინი უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრების კონტაქტები იყვნენ და ოჯახის უფროსი წევრები არ ყოფილან ვაქცინირებულნი. როდესაც კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, 2021 წლის 15 მარტიდან პირველ ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსის გამო 5469 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 98.96% არავაქცინირებული იყო. ვაქცინაციის აუცილებლობის ამაზე უფრო ნათელი დადასტურება ვერ წარმომიდგენია. ეს ძალიან სერიოზული არგუმენტია ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც ვაქცინაციის მნიშვნელობას არ აღიარებენ. გარდაცვლილთა 98.96 პროცენტი არავაქცინირებულია! ესაა ჩვენი მთავარი სატკივარი. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე რომ ვსაუბრობთ, ამ მონაცემების უკან ადამიანების სიცოცხლეა.
გარდა ამისა, კორონავირუსს კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს, რაც გამოხატულია ე.წ. ხანგრძლივი კოვიდით. ის თვეების განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ტოვებს ბავშვებში. მაგალითად, საერთო სისუსტეს, სუნთქვის უკმარისობას, ტემპერატურას, თავის ტკივილს, დეპრესიას, ღამის ძილის დარღვევას, მახსოვრობისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობის დროსაც შეიძლება გამოიხატოს. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება. უმრავლეს შემთხვევაში იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც აღნიშნული დიაგნოზით ჩვენთან მკურნალობდნენ და ახლაც განაგრძობენ მკურნალობას, ჩვენგან გაიგეს, რომ მათ შვილს კორონავირუსი აქვს გადატანილი. უსიმპტომო შემთხვევებმაც, გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ სერიოზული გართულება მოგვცა, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. ამიტომ, არაფერ შუაშია ბავშვის ჯანმრთელობის სტატუსი, თუ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია, აუცილებლად უნდა გაიკეთოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
თამარ იაკობაშვილი