კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირაში საქართველოში ასამდე ბავშვს პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი დაუდგინდა. ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, რომელსაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს შვილის კოვიდინფექციის შემდეგ, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე საუბრობს.
ივანე ჩხაიძე:
- ზოგადად, კორონავირუსი არ გამოირჩევა აგრესიული მიმდინარეობით ბავშვებში და ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია, თუმცა, მწვავე ფაზასთან შედარებით, არანაკლებია ქრონიკული კოვიდი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და შემაწუხებელია. შეიძლება ის 5-6 და მეტი თვეც გაგრძელდეს და ეს ხანგრძლივი კოვიდი ბევრ ბავშვს აქვს. ძალიან შემაწუხებელია ხველა, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი, ძილის პრობლემა. ძირითადად, არის მახსოვრობის პრობლემები, დეპრესია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ტემპერატურა, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და ა.შ. 100-მდე სიმპტომია, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს და ეს სიმპტომები ძალიან ხანგრძლივად გრძელდება.
სამწუხაროდ, მათ საწინააღმდეგოდ ეფექტიანი სამედიცინო საშუალება ჯერ არ არსებობს. საბოლოოდ არც ის არის დადგენილი, რა იწვევს ვირუსის ასე გახანგრძლივებას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ვირუსის ზემოქმედებას. ფაქტია, რომ ხანგრძლივი კოვიდი ბავშვებისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კოვიდის გახანგრძლივება 10 პროცენტიდან 30 პროცენტს შეიძლება აღენიშნებოდეს, ამიტომ ამ ბავშვებს სჭირდებათ დაკვირვება. სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა მკურნალობისა და შეფასების პროცესში. ძალიან ბევრი ქვეყანა სპეციალურად ქმნის პოსტკოვიდურ ცენტრებს, რომლებიც პირდაპირ არის მორგებული როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ამ პოსტკოვიდური მდგომარეობის შეფასებაზე და მართვაზე.
რაც შეეხება მულტისტემურ ანთებით სინდრომს, ამაზე ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი. პაციენტების 90% ამ დიაგნოზით, ძირითადად, ჩვენთან, იაშვილის კლინიკაში წვანან. ამ დიაგნოზით საქართველოში სულ 98 ბავშვია . ეს იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ ჩვენ პროტოკოლიც კი შევქმენით და გვაქვს დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი, შესაბამისად, ექიმებმაც იციან, როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა.
ტრენინგებიც ჩავატარეთ, ბევრი ექიმი ინფორმირებულია ამ სინდრომის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ მშობლებს - მათ შვილს გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი, ამის მიუხედავად, შვილებს მაინც მიაქციონ ყურადღება ამ პანდემიის დროს. თუ ბავშვს აღენიშნა ტემპერატურის მყარი მატება, 38 გრადუსის ზემოთ, ეს გრძელდება მინიმუმ 24 საათს და ამ მატებასთან ერთად ბავშვს აღენიშნება რაიმე სხვა გამოვლინება, ვთქვათ - ხველა, კუჭის მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, გამონაყარი, ქვემო კიდურების შეშუპება, კონიუნქტივი და ა.შ. ძალიან ბევრია ჩამონათვალი, მაშინ აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვი კლინიკაში, რომ შეაფასონ, ვინაიდან შესაძლებელია, საქმე გვქონდეს მულტისისტემურ ანთებით სინდრომთან, დაავადებასთან, რომლის სახელიდანაც უკვე ნათელია, რომ არ შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, რადგან აზიანებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემას.
ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, მულტიპროფილური ჯგუფის ჩართვას დიაგნოსტიკასა და მართვის პროცესში. ბავშვები აუცილებლად უნდა მოთავსდნენ მულტიპროფილურ კლინიკებში, რადგან, როდესაც ჩვენ ამ ბავშვებს ვიღებთ, მაშინვე იკრიბება კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობს ნევროლოგი, რევმატოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი და ა.შ. ანუ ის სპეციალისტები, რომელთა პროფილითაც შეიძლება სიმპტომები იყოს გამოვლენილი.
თვით მართვა საკმაოდ ძვირად ღირებულია. გარკვეულ ნაწილთან ჩვენ დაგვჭირდა ინტრავენული იმუნოგლობულინის გამოყენებაც, გარკვეულ ნაწილში - ხანგრძლივი გარკვეული ჰორმონოთერაპია 4 კვირის განმავლობაში, ასე რომ, ეს არის სერიოზული პრობლემა. საბედნიეროდ, ამ დიაგნოზით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ პრობლემა არსებობს და ვერანაირად ვერ გაქრება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველდღიურად 4000 ადამიანია ინფიცირებული და მათ შორის, მინიმუმ, 500-600 ბავშვია. ამ ბავშვებში კი ამ სინდრომის განვითარება იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 100 000 ბავშვი იყო დაინფიცირებული პანდემიის პირობებში და აქედან მხოლოდ 100 ბავშვს აღმოაჩნდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. დაავადება იშვიათია, მაგრამ რისკი იმისა, რომ კიდევ გამოჩნდეს, ნამდვილად არის.
- ამჟამად თქვენთან რამდენი ბავშვი მკურნალობს?
- 3 ბავშვი წევს ახლა იაშვილის კლინიკაში და აქედან ერთი - რეანიმაციაშია, ორი კი - სხვადასხვა განყოფილებაში... ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ძალიან მძიმე იყო პაციენტის მდგომარეობა ფილტვის, გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გამო, და რომ არა იმუნოგლობულინი, ვერ მოხერხდებოდა მისი გადარჩენა. საბედნიეროდ, გადარჩა.
ჩვენთან ორ შემთხვევაში იყო გულის დაზიანებით მიმდინარე პრობლემებიც, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა გამოჯანმრთელებით დამთავრდა. ამ დიაგნოზით ბავშვების შემოსვლა ეხმაურება ინფიცირების პიკს. „მეორე ტალღა“ რომ დამთავრდა, ამ დიაგნოზით ბავშვი 4-6 კვირის შემდეგ მოიყვანეს. ასე იყო მესამე, „მეოთხე ტალღის“ დროსაც, ახლა ჩვენ „მეხუთე ტალღის“ მიმდინარეობის პერიოდში ვართ და შეიძლება გამოვლინდეს 4-6 კვირის შემდეგ. ეს არის ფიქსირებული ვადა, რაც სჭირდება იმუნურ სისტემას, რომ კორონავირუსის გადატანიდან გამოჩნდეს პრობლემა. რეანიმაციაში შეიძლება 3-4 კვირაც იწვეს პაციენტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მძიმეა მდგომარეობა. თუ შოკური მდგომარეობაა, ასეთი ბავშვები აპარატულ სუნთქვაზეც არიან. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, ზოგადად, ეს არის პოტენციურად საშიში.
- არა, ამ დიაგნოზით არცერთი ბავშვი არ გარდაცვლილა საქართველოში, ის ბავშვები კორონავირუსის მწვავე მდგომარეობით გარდაიცვალნენ სხვადასხვა კლინიკაში.