ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რამდენად საშიშია, როცა ბავშვი მხოლოდ ერთი ჯგუფის, თუნდაც სასარგებლო საკვებს "ამოიჩემებს" და ბევრ სხვა პროდუქტზე უარს ამბობს.
როგორ არ უნდა გამოგეპაროთ კვებითი აშლილობა, რა შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ხორცსა და რძის ნაწარმს არასაკმარისი რაოდენობით იღებენ და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენი შვილი ვეგეტარიანულ კევბას ირჩევს ან მარხვის დაცვას აპირებს:
- ბავშვის ყოველდღიურ რაციონში სულ ცოტა 5 ფერის, 5 ჯგუფის პროდუქტი უნდა იყოს. მაგრამ, ბავშვი როდესაც ავიწროებს საკვები პროდუქტების ჯგუფს, ეს ნამდვილად სახიფათო ნიშანია. "მხოლოდ ამას ჭამს და სხვას არაფერს" - მშობლის ამ სიტყვების მიღმა შეიძლება კვებითი აშლილობა იმალებოდეს. თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ მიჰყვება ვეგეტარიანული კვების მიმართულებას, ეს შეიძლება იყოს არა გააზრებული ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა, რომელიც ნამდვილად არ არის კვებითი აშლილობა, არამედ სინამდვილეში დგებოდეს გზაზე, რომელსაც კვებითი ანორექსია ჰქვია. არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, რადგანაც მწვანე ზონას ამოფარებულმა ჩვენმა შვილმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ულუფა უკიდურესად, შეცვალოს საკვების მიღების დრო და კვებებს შორის ინტერვალები" - ამბობს მარი მალაზონია.
მისი თქმით, ცხოველური საკვები უმნიშვნელოვანესია ბავშვის რაციონში, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს შესაძლებელია ცხოველური საკვები მცენარეულით ჩანაცვლდეს.
"შეიძლება მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით ბავშვის ორგანიზმის უზრუნველყოფა? - თემაზე ბევრი შეკითხვა ჩნდება. რძის ნაწარმი სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტად განიხილება ბავშვების შემთხვევაში. თევზის, ხორცის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია მათ რაციონში. მაგრამ, თუ მაინც ამოცანა გვაქვს და ძალიან ბევრი მორწმუნე ოჯახი სამარხვო კვების მოდელზე გადასასვლელად ემზადება, მაშინ, დიახ, ეს შეიძლება იყოს თუნდაც სეზონურად განაწილებული. მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სოიო, სხვადასხვა სახის თხილეული, მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ თესლი, მათ შორის, მზესუმზირის თესლი. მარცვლეული და ბურღულეული ნახშირწყლისა და ცოტა უფრო ნაკლების ცილის წყაროდ, იქნება ეს ხორბალი, სიმინდი, შვრია, კინოა, ჩია და ასე შემდე. ბოსტნეულის მრავალფეროვნება აუცილებელია, დაგროვილი მინერალები ჩირების სახით, რომელიც კალორიული პროდუქტი გახლავთ. სეზონურად ყველაზე მეტი რკინის შემცველი ახლა კომშია და არა ვაშლი. საუკეთესო ცხიმის შემცველია ავოკადო. კალიუმისა და სეროტონინის, კარგი გუნება-განწობისთვის ბანანია მნიშვნელოვანი და ასევე, ციტრუსები, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა და C ვიტამინის უნიკალურ წყაროს წარმოადგებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზღვისპირეთში გაზრდილი ეს მცენარეები იოდსაც შეიცავს, რაც ძალიან კარგ სამსახურს უწევს ჩვენს ჯანმრთელობას." - აცხადებს მარი მალაზონია.