დღევანდელ რეალობაში მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ყოველი ჩვენგანი. პანდემიის ახალ - ახალმა „ტალღებმა“ სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი. გამონაკლისი, სამწუხაროდ, არც ბავშვები აღმოჩნდნენ. „წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, პირველ კლასში ბავშვები ქართულ ანბანს ონლაინ ისწავლიანო, ალბათ გულიანად გამეცინებოდა, მაგრამ დადგა დღე და ყოველი ჩვენგანი ამ უცნაური გარემოების წინაშე აღმოვჩნდით“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საჯარო მმართველობის მაგისტრმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ეთერ ქავთარაძემ.
დღეს სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, რა გავლენას ახდენს ეპიდსიტუაცია ბავშვებზე და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან მომავალში.
- ჩემთვის, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგისთვის, ძალიან რთული იყო ამ პროცესებისთვის თვალის დევნება. თითქმის ყოველდღე ვესწრებოდი ონლაინგაკვეთილებს და ვხედავდი, რამდენი ემოციის გაზიარება უნდოდათ ბავშვებს, მაგრამ ამ ვირტუალურ სამყაროში, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ ჰქონდათ. პირადად, მე მყავს რამდენიმე საკურატორო კლასი და ყოველდღე მეკითხებოდნენ ბავშვები, თუ როდის დაბრუნდებოდნენ სკოლაში. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც პასუხი უბრალოდ არ მქონდა.
ონლაინშეხვედრებზე ხშირად ვაკეთებდით სხვადასხვა თერაპიულ დავალებას და ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ მიდიოდა მათი განწყობა დეპრესიისკენ. მუდმივად ეკრანის წინ ჯდომის შედეგად ბავშვები მეტად გადაერთნენ ვირტუალურ სამყაროში და რეალური ურთიერთობები სხვადასხვა ვირტუალური თამაშებით ჩაანაცვლეს, რამაც მათში ბრაზი და გაღიზიანება გააღვიძა.
როდესაც მე და ჩემმა კოლეგებმა ეს ზღაპარი წავიკითხეთ, გადავწყვიტეთ, ბავშვებისთვის გაგვეზიარებინა და სანამ წავუკითხავდით, ვთხოვეთ, დაეხატათ, ვის თვლიდნენ გმირად. ერთ-ერთმა მოსწავლემ სუპერგმირი „საპონმენი“ დამიხატა. მე-4 კლასის მოსწავლემ გაიაზრა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი ერთ-ერთი იარაღი არის საპონი და აქცია ის გმირად.
დღეს ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ჩვენს პატარებს გმირები სჭირდებათ და სწორედ ამ ზღაპარშიც საუბარია იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანი გმირია, თუ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას უფრთხილდება. გმირია ის, ვინც ცუდად ყოფნის დროს სახლში რჩება და ასე შემდეგ...
ჩვენ მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისკენ. ვასწავლით, როგორ დაიცვან თავი და როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. დღეს ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორც უწინ გმირი დედები შვილებს სამშობლოს დასაცავად საომრად რომ უშვებდნენ, განსხვავება ისაა, რომ ახლა ომი სამყაროს გადასარჩენად გვჭირდება, იარაღი კი ჩვენი პირადი ჰიგიენა, დისტანცია და აცრაა. სხვა იარაღი ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ჩვენი ვირუსული მტერი, საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით მიყოლა. ეს იგივეა, უეცრად რომელიმე შენობაში ევაკუაცია რომ დაიწყოს და მითითებებს არ მიჰყვე, შესაბამისად, გასასვლელთან დროულად ვერ მიხვალ.
დღეს ჩვენ - გმირმა დედებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, აღმზრდელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მალევე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ბავშვებს საშუალება მივცეთ, დატკბნენ ლაღი ბავშვობით. მოსწავლეები სკოლისა და ბაღის გარეშე აღარ უნდა დარჩნენ. პირველ რიგში, ჩვენ - უფროსებმა კარგად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია და სწორი ნაბიჯები გადავდგათ.
ჩვენი შვილები, მოსწავლეები და აღსაზრდელები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და აუცილებლად უნდა იყვნენ მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელები.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი - თუ დროულად არ ავიცრებით, არ დავიცავთ რეგულაციებს და არ შევაჩერებთ ვირუსს, აღვზრდით დეპრესიულ, გაღიზიანებულ, აგრესიულ ან პირიქით -დათრგუნულ თაობას.