ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომ არ უნდა იყიდოთ საკვები დანამატები და რეალურად, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი:
- ძალიან ბევრ პაციენტს, მნიშვნელობა არ აქვს ასაკსა და დაავადებას, დანიშნული აქვს ერთი და იგივე რამ, რაც არავითარ შემთხვევაში, გამართლებული არ არის. არის რაღაცები, რომლების მიღება და მასში ფულის ხარჯვა არასწორია. ეს საკვები დანამატებია. მყავდა პაციენტი, რომელსაც, დაახლოებით, 15 წამალი ჰქონდა დანიშნული და აქიდან 5 საკვები დანამატი იყო. ეს პრეპარატები 5 და 10 ლაღი კი არა, საკმაოდ ძვირი ღირს, 55-90-ლარიანი წამლებია. უბრალოდ, მედიკამენტის სახელი აწერია და რეალურად, საერთოდ არაა მედიკამენტი. ის საკვები დანამატია, რომელიც პაციენტს რაღაცის გამო აქვს დანიშნული. არ არის სწორი და არ მივესალმები. პაციენტებს საკვები დანამატები არაფერში არ სჭირდებათ, თუ ამისი ჩვენება არ აქვთ. დღეს რომელი პაციენტებიც მყავდა, არც ერთ მათგანს ჰქონია საკვები დანამატების მიღების საჭიროება. თუ ბევრი წამალი გაქვთ გამოწერილი, მოძებნეთ სათითაოდ დასახელება და თუ მას აწერია, რომ საკვები დანამატია, დიდი ალბათობით, არ გჭირდებათ იმის შეძენა. 15 წამლიდან რეალურად მხოლოდ 2 სჭირდებოდა ადამიანს, დანარჩენში სულ ტყუილად იხდიდა ამდენ ფულს.
დანამატი შეიძლება დასჭირდეს პაციენტს, რომელსაც რაღაც ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი ხნის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს. დანამატი შეიძლება დასჭირდეს ადამიანს, რომელიც 50-წელზე მეტისაა. მაგალითად, D ვიტამინი, B12 ვიტამინი. მოხუცებში ხშირია B12 -ის ნაკლებობა და შეიძლება მხოლოდ ეს დავუნიშნოთ, რომელიც უფრო იაფი ღირს. შეიძლება დანამატები შევთავაზოთ იმ ქალბატონს, რომელიც დაფეხმძიმებას აპირებს იმიტომ, რომ ფეხმძიმობის წინა პერიოდში და მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში აუცილებელია ფოლიუმის მჟავა, დანამატის სახით, მაგრამ მას სხვა რაღაცები არ სჭირდება. 5 წელს ქვემოთ ბავშვებს შეიძლება A, D ვიტამინის მიცემა დასჭირდეთ. თუ საუბარია ადამიანზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში გარეთ არ გადის და D ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობა აღენიშნება, შეიძლება D ვიტამინი შევთავაზოთ. თუ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ხორცს არ ჭამს, ვეგეტარიანელია, მას შეიძლება დასჭირდეს დანამატი, მაგრამ საქმე მხოლოდ B12 ვიტამინსა და მაქსიმუმ, ფოლიუმის მჟავას ეხება.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, თუ გიწევთ ძალიან ბევრი წამლის ყიდვა, მოძებნეთ თითოეული მედიკამენტის სახელი, თუ ნახავთ, რომ "დანამატი" აწერია, დიდი ალბათობით, არ გჭირდებათ. 100 ლარის იმ წამალში გადახდას, წადით, იყიდეთ 100 ლარის ხილი, თევზი და ის ჭამეთ. უფრო მეტი იქნება სარგებელი, ვიდრე არაფრისმომცემი დანამატის მიღებისგან.
სამწუხარო რეალობაა, რომ იმ პაციენტების 90%-ს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მივიღე, რამდენიმე დანამატი ერთდროულად აქვს დანიშნული და არაფერში სჭირდებათ. ამას თან თვეების განმავლობაში სვამდნენ და 1000 ლარამდე ჰქონდათ დახარჯული. არ უნდა დავტვირთოთ პაციენტები ისეთი რაღაცებით, რაც მათ არაფერს არგებს.
თუ ხველის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატს სვამთ, კარგად დააკვირდით, რომელია ხველის საწინააღმდეგო და რომელი მიეკუთვნება ამოსახველებელს. 15 წამლიდან, როგორც გითხარით, 5 დანამატი იყო და 5 ხველაზე ორიენტირებული, ნაწილი ამოსახველებელი, ნაწილი ხველის საწინააღმდეგო, რაც წარმოუდგენელი რამეა.
ამ ინფორმაციას იმიტომ გიზიარებთ, რომ იმაში დახარჯოთ ფული, რაც გჭირდებათ. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა სჭირდება და რა - არა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, 15 წამლიდან მოძებნეთ ყველა და თუ აწერია "საკვები დანამატი" გადაშალეთ. სამწუხაროდ, 1 კი არა, 5 გაქვთ ხოლმე ასეთი ერთდროულად დანიშნული. ასევე, თუ დანიშნულებაში გიწერიათ ერთმანეთის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელიც, ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ. თუ გაწუხებთ მშრალი, შემაწუხებელი ხველა, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიძლება გამოგადგეთ. მაგრამ, თუ ნახველი გაქვთ, მაშინ ამოსახველებელი საშუალება გჭირდებათ" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.