"არ არის აუცილებელი, ხველა მაშინვე მედიკამენტებით დავთრგუნოთ, ხველება ბუნებრივად ასუფთავებს ბავშვების სასუნთქ გზებს" - პედიატრი ბრონქოსპაზმისა და ხველის დროს საჭირო რჩევებზე
"არ არის აუცილებელი, ხველა მაშინვე მედიკამენტებით დავთრგუნოთ, ხველება ბუნებრივად ასუფთავებს ბავშვების სასუნთქ გზებს" - პედიატრი ბრონქოსპაზმისა და ხველის დროს საჭირო რჩევებზე

რა ვირუსები ცირკულირებს ამ პერიოდში ქვეყანაში და რამდენად ახლავს მათ ბრონქოსპაზმი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც ხველის საწინააღმდეგო ან ამოსახველებენ პრეპარატებს არჩევენ და როდისაა ექიმის ჩარევა აუცილებელი - აქტუალურ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება

- ცივი სეზონის დადგომისთანავე იზრდება ბავშვთა ავადობა უპირატესად სასუნთქი გზების ინფექციებით, რომელთა უდიდეს ნაწილს ვირუსები იწვევს. უკანასკნელი დღეებია პაციენტები მოგვმართავენ ლარინგოტრაქეიტით რომლის სიმპტომებია: ხმის ჩახლეჩვა, შემაწუხებელი, მშრალი, ზოგჯერ სპაზმური ხველა, ტემპერატურის მომატება, ბრონქული ობსტრუქციის მოვლენები. ბრონქული ობსტრუქციის დროს სუნთქვა
გაძნელებულია, ზოგჯერ ხმაურიანი, სუნთქვა მანძილზეც
ისმის. მშობელი ამჩნევს გახშრებულ, გაძნელებულ ამოსუნთქვას და ბავშვის ხელში აყვანისას ზოგჯერ ლორწოს ვიბრაციასაც შეიგრძნობს. ამჟამად გავრცელებული ვირუსები: რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციულ -სინციტიალური ვირუსი და სხვა ადვილად აზიანებენ სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსებს და იწვევენ სურდოს, ფარინგიტს, ნუშურების, ყურის ანთებას. ანთება სწრაფად ვრცელდება ბრონქებში რომელთა აგებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზრდილთა ბრონქებისგან. ის შედარებით ვიწროა
და ანთებითი პროცესის შედეგად დაგროვილი ლორწოს ევაკუაცია გაძნელებულია. ლორწო ხშირად ახშობს ბრონქების სანათურს და ვითარდება ბრონქოობსტრუქციის ფონზე ბრონქოსპაზმის მოვლენები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქოსპაზმს ხშირად რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი იწვევს, 2 წლის ზემოთ კი უპირატესად რინოვირუსები.

- რას ნიშნავს ბრონქოსპაზმი? რა იწვევს მას და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს?

- ბავშვთა ასაკში ყველაზე ეფექტური საშუალებაა ნებულაიზეროთერაპია(ინჰალატორი) საჭირო მედიკამენტებით. ბრონქოსპაზმის განვითარებამდე აუცილებელია მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს დაავადების დაწყებისთანავე. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვებში ბრონქები განსაკუთრებული ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება. ბრონქული ხის ვიწრო სანათურში ადვილად იჭედება გათხელებული ლორწო, რომელსაც ამოსახველებელი საშუალებები იწვევენ. 2 წლამდე ასაკის ბავშვს ამოხველების უნარი ნაკლებად გააჩნია, რის გამოც ადვილად ვითარდება ბრონქოსპაზმი და გაძნელებული სუთქვა (ვიზინგი). ორ თვემდე ასაკი განსაკუთრებით საყურადღებოა და აუცილებლად სტაციონარში გადაყვანას საჭიროებს. მოზრდილთა ასაკშიც ხველის დაწყებისთანავე არ არის აუცილებელი მაშინვე დავთრგუნოთ ხველის რეფლექსი და სწრაფად დავიწყოთ ამოსახველებელი საშუალებები, რადგან ის საჭირო იმუნურ რეფლექსს წარმოადგენს. სასურველია სითხეების მიღება, სასარგებლოა მსხლის და კომშის კომპოტები, რძე და სხვა "დამარბილებელი" საშუალებები. ბრონქოსპაზმის დროს წარმატებით გამოიყენება ნებულაიზეროთერაპია, ოჯახის ექიმთან შეთანხმებით და საჭირო მედიკამენტებით.

- როდესაც ბრონქოსპაზმი ალერგიულია, ამ დროს რა უნდა გააკეთოს მშობელმა და როდისაა ექიმის ჩარევა აუცილებელი?

- თითქმის ყველა მშობელმა იცის ბავშვის დიაგნოზის შესახებ, ალერგიულია ის თუა არა და წინასწარ მომზადებულია მედიკამენტებით, რომლებიც შეთანხმებულია როგორც ალერგოლოგთან, ასევე ოჯახის ექიმთან. თუ ბრონქოსპაზმი პირველად ვითარდება, ვირუსული ინფექციის სიმპტომების არაარსებობისას აუცილებელია ბავშვის სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში, რათა გამოირიცხოს უცხო სხეულით ასპირაცია, ალერგიული პრონქოსპაზმის დროს კი პატარას სათანადო დახმარება გაეწევა.

- ზოგადად, როგორ უნდა განახვაონ ბრონქოსპაზმი ალერგიულია თუ ვირუსი იწვევს?

- ყველა ბრონქოსპაზმი, ვიზინგი, სასუნთქი გზების ინფექციის დროს ასთმა არ არის, ანუ არ არის ალერგიული გენეზის. ძალიან ხშირია ვიზინგი პატარა ბავშვებში, მაგრამ ასეთ ბავშვებს ასთმა საერთოდ არ ემართებათ. პრონქოსპაზმის დიდი პროცენტი ჩვილებში ვირუსინდუცირებულია და ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღინიშნება. ასეთი სიმპტომებია: სასაზე ვირუსული მარცვლოვანება, “გაჭედილი” ცხვირი, რინორეა და სხვა. გასათვალისწინებელია ასევე ეპიდანამნეზი, გრიპით დაავადებულთან კონტაქტები.

- ხშირად ბავშვებს ამოსახველებელ საშუალებებს, ან პირიქით, ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ასმევენ, რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს და ასევე, გვითხარით საკვები, სასმელი, რაც არ შეიძლება ხველების დროს.

- ამოსახველებელი საშუალებები შესაძლებელია მიიღოს არა ჩვილმა, არამედ მოზრდილმა ბავშვმა შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, პნევმონიის, ქრონიკული ხველის, ყივანახველისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ყველა მობელს უნდა ახსოვდეს, რომ ხველა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დაწყებისთანავე არ უნდა დავთრგუნოთ, რადგან ისევე როგორც ორგანიზმის მომატებული ტემპერატურაა თავდაცვა და იმუნური რეაქცია, პასუხი გამომწვევი აგენტების მიმართ, ასევე ხველა ასუფთავებს ჩვენი პატარების სასუნთქ გზებს ბუნებრივად. ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის ფონზე ვირუსები ნადგურდებიან, ამიტომ სიცხის დამწევი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ მიზანმიმართულად ჰიპერთერმიისა (39 გრადუსი და მეტი) და ბავშვის დისკომფორტის დროს. ხველით მიმდინარე დაავადებებისას უმჯობესია მოვერიდოთ ისეთ საკვებს რომლებიც აღიზიანებენ ხახას. ასეთებია: სხვადასხვა ტკბილეული, ნიგოზი, ცხარე, მჟავე, დაკონსერვებული და შებოლილი საკვები, გაზიანი სასმელები. დასაშვებია თბილი კომპოტები, რძე, გაზგასული მინერალური წყალი, თბილი ფაფები და ა. შ

თამარ იაკობაშვილი
10651
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Tamo
0
Ingalaciis dros ra sheileba daumatot romeli preparati saingalacio cyalis garda bavshvi 1 da 4 tvisaa
23:17 / 28-12-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები