„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია - ამ შტამს 3-დღიანი ავადობა ახასიათებს:ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების ტკივილი, ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას
 „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია - ამ შტამს 3-დღიანი ავადობა ახასიათებს:ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების ტკივილი, ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას
„ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში არის ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს „დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში, ინფიცირების რისკი მზარდია, მაგრამ ის მსუბუქად მიმდინარეობს.

„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“, -
განაცხადა ჩხაიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში „მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს.

„შეიძლება იყოს "მეექვსე ტალღა", ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინები არა ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით, არამედ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით მოქმედებენ.

ამასთან, მან განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“.

„ომიკრონს“ ძირითადად 3- დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ის მიიჩნევს, რომ თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, ძალიან მალე გახდება დომინანტური.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის
მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,-განაცხადა ჩხაიძემ.


7460
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები