ყველაზე ხშირად ვისგან ინფიცირდებიან ბავშვები, არიან თუ არა მათი მშობლები ვაქცინირებულები? - ამ და სხვა კითხვებს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მამუკა მაჭავარიანი უპასუხებს.
- დღეს საავადმყოფოში კოვიდით ინფიცირებული 20 ბავშვი გვყავს, მათი უმრავლესობა ოჯახური კლასტერია, ძირითად მშობლებისგან დაინფიცირებული ბავშვები არიან.
- როდის მოჰყავთ ბავშვები მშობლებს - დაავადების პირველივე დღიდან თუ გართულების შემდგომ?
- არის 2, 3 და 4-დღიანი ანამნეზი, შესაბამისად, როგორც კი გამოუვლინდებათ სიმპტომები, მაგალითად, ხველება, სიცხე, ბავშვი გაიტესტება და თუ დადებითი მაჩვენებელია კოვიდზე, მომართავენ კლინიკას.
- პირველად რა ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება?
- მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური გამოვლინება აქვს, შეგვიძლია დავასახელოთ ზოგიერთი მათგანი - ესაა სისუსტე, ხველება, ყელის ტკივილი, საყურადღებოა ცხელება. ყველაზე მთავარია, ბავშვები მოარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დაიცვან არსებული რეგულაციები. გასაგებია, რომ 2 და 3 წლის ბავშვმა შეიძლება პირბადე ვერ იგუოს და არ იხმაროს, ამიტომ მშობლები უნდა იყვნენ ისეთ გარემოში, რომ დაიცვან პატარები, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან, რომ არ დაინფიცირდნენ და არ გაავრცელონ კოვიდი ოჯახში.
- ბატონო მამუკა, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია - ვაქცინირებულები არიან თუ არა თქვენთან მყოფი ბავშვების ოჯახის წევრები?
- როდესაც ბავშვი შემოჰყავთ ჩვენთან, რა თქმა უნდა, ვარკვევთ, საიდან გადაედო ბავშვს ვირუსი და ამ კითხვასაც ვუსვამთ. სამწუხაროდ, მათი მშობლების უმრავლესობა არაა აცრილი.
- ძირითადად, რომელი შტამით არიან ავად ეს ბავშვები?
- ამ ეტაპისთვის „დელტა“ შტამი დომინირებს, შესაბამისად, ყველა მათგანი „დელტა“ შტამითაა დაავადებული.
- ბევრი ინფორმაცია ვრცელდება „ომიკრონთან“ დაკავშირებით. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ და ხომ არ იცით, ბავშვებზე როგორ გავლენას ახდენს ეს შტამი?
- „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯერ ამომწურავი და სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ეს შტამი ჯერჯერობით 70 ქვეყანაშია გავრცელებული და ვიცით მხოლოდ ის, რომ ადვილად გადამდებია და არ არის ისეთი რთული შტამი, რომ ვერ გავუმკლავდეთ.
რაც ნამდვილად ვიცით, არის ისიც, რომ უპირობოდ უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე და აბსოლუტურად ყველა ავიცრათ. ამ ეტაპისთვის ეს არის ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი - დავიცვათ საზოგადოება კოვიდპანდემიის გავრცელებისგან.