"ცარიელი, უსიყვარულო ცხოვრებაა მიზეზი, რის გამოც ქალები სმას იწყებენ... ქალის ჰორმონალური სისტემა და ნივთიერებათა ცვლა ისეა მოწყობილი, რომ ალკოჰოლიზმი უფრო სწრაფად ფორმირდება, ვიდრე მამაკაცებში"
"ცარიელი, უსიყვარულო ცხოვრებაა მიზეზი, რის გამოც ქალები სმას იწყებენ... ქალის ჰორმონალური სისტემა და ნივთიერებათა ცვლა ისეა მოწყობილი, რომ ალკოჰოლიზმი უფრო სწრაფად ფორმირდება, ვიდრე მამაკაცებში"


ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ორსულობის, მშობიარობის დეპრესიაზე, ქალის გადაღლილობაზე, დედების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომლებსაც ზედმეტი დატვირთვა იწვევს, სამაგიეროდ არაფერს ვამბობთ კიდევ ერთ მძიმე პრობლემაზე, რომლის სათავეც ხშირად ისევ და ისევ გადაღლილობა და დეპრესიული განწყობაა. ეს ქალთა ალკოჰოლიზმია - პრობლემა, რომელსაც ოჯახები საგულდაგულოდ მალავენ, არადა პრობლემის მალვაში წლები იკარგება, ნადგურდება ქალის როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა, ირღვევა ოჯახი, მძიმე ტრავმას იღებენ ბავშვები.
"ჩემი ნათესავი, 4 შვილის დედა, რომელიც სამაგალითო შვილი, დედა და რძალი იყო, დღეს სისტემატურად სვამს. განათლებული, შესანიშნავი ოჯახის შვილი, ზრდილობიანი,
თბილი და მოსიყვარულე გოგო დღეს ამ საშინელებას სჩადის. უკვე ვატყობთ, რომ ვეღარ აკონტროლებს თავს, უგონოდ მთვრალია ტიტქმის ყოველ დღე. ბავშვები, ქმარი განადგურებულები არიან. მივხვდით, რომ აზრი არ აქვს არც ჩხუბს, არ ხვეწნას, არც შერცხვენას. აღარაფერზე რეაგირებს. სასმელის იქეთ ვე
არაფერს ხედავს. ამ საიტზე ძალიან ბევრი რჩევა წამიკითხავს, იქნებ ამ პრობლემაზეც დაწეროთ და გვირჩიოთ, რა უნდა ქნას ამ დროს ოჯახმა და საერთოდ, მოგვარებადია თუ არა ეს პრობლემა."
ნანა, 56 წლის, ქუთაისი



რა იწვევს ქალის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რა ზიანს აყენებს ეს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას და რა გზით შეიძლება განკურნება - თემაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონალური განყოფილების უფროსი ნინო გონგლიაშვილი გვესაუბრება:

- ალკოჰოლიზმი ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა. ესაა რეალობისგან გაქცევის
მცდელობა, რომელსაც მომავალში შესაძლოა ტრაგიკული და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის, ასევე მათი ოჯახის, ახლობლებისა და საზოგადოებისთვის. ხშირად ცარიელი, უსიყვარულო ცხოვრებაა მიზეზი, რის გამოც ადამიანები დალევას იწყებენ. ნებისყოფის პრობლემა ასევე ხელს უწყობს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. გენეტიკური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც ოჯახის წევრები სვამენ, ის მისთვის ნორმად ითვლება და ზრდასრულობის ასაკშიც შესაძლოა პრობლემა ნორმად ჩათვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მძიმე ბავშვობა, სტრესული მდგომარეობები, ემოციები, მარტოობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში. ეს ყველაფერი უკვე მოზრდილ ასაკში იჩენს თავს და ქვეცნობიერში არსებული აგრესიის ჩასახშობად ალკოჰოლიზაციას ან სხვა რაიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებას მიმართავენ. გარდა ამისა, შესაძლოა მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და სტრესს, ისინიც კი აღმოჩნდნენ პრობლემის პირისპირ. უკეთესი თვითგრძნობისკენ მიისწრაფვიან, ვიდრე ობიექტური რეალობაა, თუმცა ის საფასური, რასაც ამის მისაღებად იხდიან, დამღუპველია.

- რომელ ასაკში და როგორ გარემოში მყოფი ქალები ხდებიან ყველაზე ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულები?

- პრობლემა სხვადასხვა ასაკში იჩენს თავს. ადრე თუ სტატისტიკით იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლს იღებდნენ, ნაკლები იყო, დღეს შემთხვევებიც გაზრდილია და ასაკიც გაახალგაზრდავებული. უკვე მოზარდობის ასაკიდან იწყებენ სმას. როდესაც მეგობრები იკრიბებიან, ხშირად იყენებენ ისეთ სასმელებს, რომლებსაც სპირტის მაღალი შემცველობა აქვთ. ვერ აღიქვამენ, რომ შესაძლოა, ამან სავალალო შედეგები მოუტანოთ. გოგონები ფიზიოლოგიურადაც ძალიან მოწყვლადები არიან ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბებაში. ჰორმონალური სისტემა და ნივთიერებათა ცვლა ისეა მოწყობილი, რომ ხელს უწყობს ალკოჰოლიზმის ფორმირებას უფრო სწრაფად, ვიდრე მამაკაცებში. რა თქმა უნდა, სოციალიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გოგონა სკოლის ასაკში ჩაკეტილია, უჭირს მეგობრებთან და თანატოლებთან კომუნიკაცია, ალკოჰოლი ხშირად ათავისუფლებს კომპლექსებისგან. შესაბამისად, იღებს ისეთ კომფორტულ გარემოს, რაც ფხიზელ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო. ამიტომაა მშობლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება აუცილებელი.

- მკურნალობის რა საშუალებები არსებობს და რამდენად ეფექტურია?

- ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ნარკოლოგიური სტაციონალური განყოფილების უფროსად ვმუშაობ, ესაა ზუსტად ის ადგილი, სადაც ხვდებიან ალკოჰოლზე და არა მხოლოდ მასზე დამოკიდებული პაციენტები. ჩემი დაკვირვებითაც შემიძლია აღვნიშნო, რომ ქალების ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევებმა იმატა. როცა გამოსავალზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ადამიანმა აღიაროს, რომ პრობლემა აქვს და შესაბამისად, მკურნალობის სურვილი გამოთქვას. პირველ ეტაპზე, როდესაც სრულად არაა დამოკიდებულება ჩამოყალიბებული, შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობა შევთავაზოთ და ექიმის კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ დანიშნული რეკომენდაციები და მედიკამენტოზური თერაპია ჩაიტაროს. ვინაიდან ეს დაავადება ფსიქოსოციალურია, არსებითი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას და ფსიქოლოგის ჩართვას. უფრო რთულ ეტაპზე დეტოქსიკაციას მივმართავთ, რაც ინტოქსიკაციისგან გაწმენდას გულისხმობს და მედიკამენტური ჩარევა ხდება. გარდა ამისა, უფრო მძიმე ფორმაც არსებობს, როდესაც სახეზეა როგორც ქცევითი, ისე ფსიქიკური აშლილობის ფორმები. სამწუხაროდ, ჩვენთან მოდიან ადამიანები, როდესაც უკვე ცუდად არიან. ექიმი-ნარკოლოგი აფასებს მდგომარეობას და ამის მიხედვით საზღვრავს, რა ტიპის მკურნალობას გაივლის პაციენტი. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია თავად ადამიანის სურვილი, რომ პრობლემას შეებრძოლოს და გამოჯანმრთელდეს.

- რისი გაკეთება შეუძლიათ ოჯახის წევრებს?

-ოჯახის წევრების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მოტივაციის ჩამოყალიბებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ ადამიანს გაუჩნდეს ფხიზელი და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების სურვილი. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია, რომ სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ, ისწავლონ, როგორ დაელაპარაკონ და აუცილებლად თავი შეიკაონ ჩხუბისა და აგრესიისგან. კეთილგანწყობილი და არა საყვედურიანი ტონით ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოუცხადებენ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ქალს.

- ვიდრე პრობლემა გამწვავდება, არის რაიმე წინასწარი ნიშნები, რომლითაც ოჯახის წევრები მიხვდებიან, რომ ადამიანი ალკოჰოლზეა დამოკიდებული?

- როდესაც მშობლებს მოზარდები მოჰყავთ და ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ, ძალიან მიკვირს ხოლმე. ეს ყურადღების დეფიციტის მაჩვენებელია. როგორ შეიძლება ვერ გაარჩიო, რომ ბავშვი, რომელიც ძალიან კარგი აღსაზრდელი იყო, შესანიშნავად სწავლობდა, დაკავებული იყო სხვადასხვა აქტივობით, უცებ შეიცვალა. აღარ სწავლობს, დადის ქუჩაში, მიდის არაფხიზელ მდგომარეობაში ან შესაძლოა, ღამით საერთოდ არ მიდის სახლში. სოციალური პირობები დამძიმდა და ხშირად მშობლები ბავშვებისთვის დიდი დროის დათმობას ვეღარ ახერხებენ. მეტი ყურადღება და ჩართულობაა საჭირო.ზოგადად, როდესაც ალკოჰოლის მიღება ეპიზოდურ მოხმარებას სცდება და გადადის სისტემატურ გამოყენებაში, სწავლას ჩამორჩება, აღარაა დაკავებული სპორტით და უპირატესობას ალკოჰოლის მიღებას ანიჭებენ, მშობლებმა უკვე განგაშის ზარი უნდა შემოკრან და დროულად მიაქციონ ყურდღება.

- რა საფრთხეს უქმნის ალკოჰოლდამოკიდებულება ქალის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას?

-ალკოჰოლიზაცია პიროვნულ დეგრადაციას და სოციალურ დარღვევებს იწვევს. ჩვენთან მოდიან ქალები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, დედები არიან. შესაბამისად, დისფუნქციურები ხდებიან. როდესაც პაციენტი ცუდად გრძნობს თავს, მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ნაკლებადაა ჩართული შვილების აღზრდაში და ბუნებრივია, ეს ოჯახურ დისფუნქციაშიც იჩენს თავს. აქვთ ემოციური არასტაბილურობა, ხდებიან აგრესიულები, კონფლიქტურები და ხშირად, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ხოლმე ოჯახის წევრებს, რომ ჩვენამდე მოიყვანონ იმიტომ, რომ პრობლემას არ აღიარებენ. ალკოჰოლური ჰეპატიტი, გამოწვეული ალკოჰოლური ინტოკსიკაციით, როგორც წესი, ყველას აქვს. მაგრამ, დეტოქსიკაციის შემდეგ ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების აღდგენა სწრაფად ხდება. ალკოჰოლის ქრინიკულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფიბროზი და ციროზი, კუჭ- ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და ჰორმონალური სისტემების დარღვევები. ამიტომ, ჩემი პირველი რჩევაა, რომ აღიარონ თავიანთი პრობლემა და გამოხატონ მკურნალობის ჩატარების მზაობა. ძალიან ბევრი სამუშაოა შემდეგ ჩასატარებელი იმისთვის, რომ დაიბრუნონ ფხიზელი ცხოვრების სიამოვნება, ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც დაავადების დაწყებამდე ჰქონდათ და შესაბამისად, ჩაებან ოჯახურ საქმიანობაში, სოციუმში, სამსაურში და გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები. ოჯახის წევრებთან, ნარკოლოგებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შესაძლებელია მყარი ხანგრძლივი რემისიის (თავშეკავების) მიღწევა.

თამარ იაკობაშვილი

1550
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Dato
0
ეს გასაგებია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თავად ქალები არიან ასეთი მდგომარეობის შემქნელები... რაც შემდგომში იწვევს ზემოთაღნიშმულს... თან სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ როცა თავად არიან ავტორები მდგომარეობის რაც იწვევს ზემოთაღნიშნულს...
21:39 / 19-12-2021
მსგავსი სიახლეები