"ძირითადი ჩივილი მაღალი ცხელებაა, რომელიც უმართავია და ბინის პირობებში სიცხის დაწევას ვერ ახერხებენ" - როგორია ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა
 "ძირითადი ჩივილი მაღალი ცხელებაა, რომელიც უმართავია და ბინის პირობებში სიცხის დაწევას ვერ ახერხებენ" - როგორია ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინციფირებული ბავშვების მდგომარეობას აფასებს:

"ამ ეტაპზე კლინიკაში 90 პაციენტია მოთავსებული, რეანიმაციაში 17 ბავშვი წევს. მათგან ნახევარი წლამდე ასაკისაა. 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა უმძიმესია. რეანიმაციაში მოთავსებულ ბავშვებს სხვადასხვა თანხმხლები დაავადებები აქვთ. სხვა განყოფილებებში, საშუალოდ, 1/3 წლამდე ასაკისაა, დანარჩენი 1 წელს ზემოთ, 18 წლამდე ასაკის ბავშვები მკურნალობენ. რაც შეეხება მშობლებს, მხოლოდ 2 მშობელია ვაქცინირებული და მათგან ერთს აქვს ვირუსი დადასტურებული.

მაია ჩხაიძე ამბობს, რომ არსებული მდგომარეობით, ბავშვებში
სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და წლამდე
ასაკი რისკ ფაქტორს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნავს ასევე იმასაც, რომ კორონავირუსის მიმდინარეობის წინასწარი პროგნოზი, რომელ პაციენტთან წავა დაავადება მსუბუქად ან პირიქით, არ შეგვიძლია.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული ბავშვების საავადმყოფოში გადაყვანის წინაპირობას, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ 112 განსაზღვრავს, რომელი პაციენტი გადაიყვანონ საავადმყოფოში და რომელი დატოვონ ბინაზე.

"როდესაც მათთან 112 მიდის, ძირითადი ჩივილი მაღალი ცხელებაა, რომელიც უმართავია და ბინის პირობებში სიცხის დაწევას ვერ ახერხებენ. შეიძლება ღებინება აღენიშნებოდეთ და სითხეს ვერ იღებდნენ. სხვადასხვა კლინიკური ნიშანია, რომელსაც სასწრაფო დახმარება ინდივიდუალურად განსაზღვრავს და იღებს გადაწყვეტილებას, ვინ გადაიყვანოს კლინიკაში."

მაია ჩხაიძის თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა ბოლო პერიოდში არ შეცვლილა.

" ბოლო 4 კვირაა, საშუალოდ, 24 საათში 10-15 ბავშვი შემოჰყავთ კლინიკაში" - ამბობს ის.

რამდენად წარმოადგენს ბავშვებში D ვიტამინის ნაკლებობა ან დაბალი ჰემოგლობინი რისკ ფაქტორს, მაია ჩხაიძე ასე განმარტავს:
"D ვიტამინის ნაკლებობას კორონავირუსთან არ აქვს კავშირი. სხვადასხვა ასაკში ნორმა სხვადასხვაა. დოზაც მაჩვენებლის მიხედვით ინიშნება. ნებისმიერი დაავადების წარმართვისთვის საჭროა, D ვიტამინი ნორმის ფარგლებში იყოს.
როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, მისი მიზეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს და შესაბამისად წარიმართოს მკურნალობა. ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი კორონავირუსისთვის განსაკუთრებულ რისკ ფაქტორად არ ითვლება, თუმცა შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობისას კიდევ უფრო დაიწიოს მაჩვენებელმა. ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს." - ამბობს მაია ჩხაიძე

თამარ იაკობაშვილი

1893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები