როგორია „ომიკრონის“ ბუნება და რას უნდა ველოდოთ ვირუსის ახალი ვარიანტისგან - ხათუნა ზახაშვილი
როგორია „ომიკრონის“ ბუნება და რას უნდა ველოდოთ ვირუსის ახალი ვარიანტისგან - ხათუნა ზახაშვილი

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში, ჯამში, „ომიკრონის“ 48 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა და, სპეციალისტების თქმით, ფაქტობრივად, „ომიკრონის“ შტამმა ქვეყანაში ცირკულაცია უკვე დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჯერჯერობით გამოვლენილი შემთხვევები მოგზაურობას უკავშირდება და ჯერ ქვეყანაში „ომიკრონის“ მასობრივი გავრცელება არ არის.

„უფრო სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“, უფრო მეტი ადამიანის ინფიცირებას გამოიწვევს და აუცილებელია დაცვის საშუალებების თანამიმდევრული და გონივრული გამოყენება. ჯერჯერობით რა
შემთხვევებიც „დავიჭირეთ“ და მოკვლევა ხდება, უმთავრესად არის ასოცირებული მოგზაურობასთან, ან მოგზაურობიდან დაბრუნებულთა კონტაქტებია. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში შემოდის „ომიკრონი“ და შიდა გავრცელება ნამდვილად არ არის. მით უმეტეს - არც აქტიურ ფაზაშია შესული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც იტყობინებიან სხვა ქვეყნები ამ ვირუსის გავრცელების შესახებ, ალბათ 2 კვირაში და ცოტა მეტ დროში უნდა დაიწყოს მისი მასობრივი გავრცელება შიდა გავრცელების ხარჯზე. ამიტომ უმთავრესია, წესების მაქსიმალურად დაცვა“
, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

ჩვენს კითხვას, რამდენად გაუძლებს ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას, რამდენად არის იმის საშიშროება, რომ, ვირუსის სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, სამედიცინო კოლაფსი მივიღოთ, ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის.

განსხვავებული აზრი ვრცელდება საერთაშორისო ექსპერტების
მხრიდან, სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსი გავრცელდა, პირველად მძიმედ არ მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, იქ საზოგადოება უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ევროპასა და საქართველოში, და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, რომ იქ არ წავიდა მძიმედ.
როცა ბევრია შემთხვევა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რაოდენობაც გაიზრდება, მაგრამ დღეს არსებული ხელსაწყოები, რაც არის, ამის შეფასებით, როცა ვცადეთ ანალიზი, გამოდის, რომ, „ომიკრონის“ მომატებული შემთხვევების დროს, თითქოსდა, ყოფნის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯერჯერობით იმაზეც ვერ საუბრობენ, კონკრეტულად რა ასაკის ადამიანებისთვის იქნება ეს შტამი უფრო საფრთხის შემცველი, ამიტომ ყველას მოუწოდებენ სიფრთხილისკენ.

„ამაზე მსჯელობა ნაადრევი იქნება, სხვადასხვანაირი ინფორმაცია მოდის და, ჯერჯერობით, მასობრივი გავრცელების არეალიდან ასაკობრივი დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ჯერ ნაადრევია ამაზე მსჯელობა - რომელ ასაკს დააზიანებს უპირატესად და იქნება თუ არა რომელიმე გამოკვეთილი ასაკი. ბავშვებშიც არის შემთხვევები, მოზრდილებშიც, დიდებშიც, ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა არ შეგვიძლია“, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი და დასძენს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„როგორც ექსპერტები ამბობენ, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტები ანტისხეულების მიერ „ომიკრონის“ შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მუშაობს ვაქცინები, ოღონდ ერთმნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმაზე, რომ ვისაც ესაჭიროება, სჯობს, ჩაიტარონ „ბუსტერვაქცინაცია“.

დამაიმედებელი ის არის, რომ, საბედნიეროდ, ეს არ არის ახალი შტამი. ეს არის ახალი ვარიანტი. იმედი გვაქვს, რომ „ომიკრონი“ ვერ შეძლებს ყველა შემთხვევაში ვაქცინური იმუნიტეტიდან ან დაავადების გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტიდან დასხლტომას. ალბათ გვექნება მომატებული რეინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ალბათ ეს არ მიაღწევს კატასტროფას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს დაავადება ცოტა უფრო რბილი ხასიათის იქნება და კლინიკური შემთხვევები არ იქნება მძიმე.

დაავადების მატებას უნდა ველოდოთ, მაგრამ იქნებ ისე გამოვიდეს, რომ უფრო რბილად გადაიაროს - ნაკლები ჰოსპიტალიზაციით და ნაკლები სიკვდილით. ამიტომ ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ ინფექცია. ასევე - დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცინაცია“
, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.


4558
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები