პანდემიამ ძირეულად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, ურთიერთობები, ცხოვრების წესი. სახეშეცვლილმა ყოფამ და სტრესულმა გარემომ არასასურველი ზემოქმედება მოახდინა ნებისმიერ ჩვენგანზე და განსაკუთრებული კვალი დატოვა ბავშვებზე. რაზეა დამოკიდებული ბავშვის ემოციური რეაქციები, როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ეს ნიშნები და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს? - გვესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი თინათინ ზენაიშვილი.
- მოზარდს, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, სამი უმთავრესი რგოლი სჭირდება: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება.
ფიზიკური და სოციალური იზოლაცია, კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვა თვით უახლოეს ადამიანებთანაც კი - არის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით.
ბავშვის ემოციური რეაქციები, სტრესთან გამკლავების გზები - დიდწილად დამოკიდებულია მშობლების ფსიქოლოგიურ მზაობასა და ადაპტურ მექანიზმებზე. მოზარდს მშობელზე აქვს სწორება, მისი მაგალითებით ხელმძღვანელობს, სწორედ უფროსებზეა დამოკიდებული, გაუძლიერდება თუ შეუსუსტდება ემოციური დაძაბულობის ნიშნები.
ეს არის გამოხატულებების მცირე ჩამონათვალი, ხოლო სიმწვავე დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და მის ასაკზე.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები მკვეთრად არ ავლენენ დარდს, წუხილს, რადგან მათთვის რთულია კრიზისული სიტუაციების გააზრება.
6-11 წლის ბავშვები შიშებს ავლენენ და ხშირად ეს არის კონკრეტული შიში, მაგ: მარტო დარჩენის, სიბნელის, ხმაურის, ახლობელი ადამიანის დაკარგვის, სიკვდილის და სხვა.
გარდატეხის ასაკში მოზარდები უკეთ იაზრებენ პრობლემას, თუმცა მათთვის დამახასიათებელია მოვლენების გაზვიადება, რაც ძლიერ გავლენას ახდენს მათ ფიქრებზე, ქცევაზე.
თუ პატარების რეაქცია მეტისმეტად გადაჭარბებულია, კარგი იქნება სპეციალისტების ჩართვაც.
მოუსმინეთ და ესაუბრეთ მათ, მიეცით საშუალება ილაპარაკონ საკუთარ განცდებზე, მიეცით მაგალითი, წაახალისეთ, თქვენც გაუზიარეთ გრძნობები.
მშვიდად, ასაკის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსენით ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები, ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე. სასურველია, თუ ამ ყველაფერს მიაწვდით მსუბუქი, სახალისო ფორმით.
შესაძლებელია, ბავშვმა დაგისვათ კითხვები, რაზეც პასუხი არ გაქვთ. გულახდილად უთხარით, რომ არ იცით და ერთად მოიძიეთ პასუხი.
დაგეგმეთ ოჯახური თამაშები, ერთობლივი აქტივობები: მოაწყვეთ კითხვის, ხატვის, ფილმების ყურების დღეები.
გახსოვდეთ, რომ თქვენ მთავარი ადამიანები ხართ თქვენი პატარებისთვის.