ჯანმრთელობააქტუალური
"ჩემი 4 წლის შვილი იმდენჯერ დავტესტე, დაისტრესა ბავშვი.. მთელი დღე ცხვირი სტკიოდა... გერმანიაში სავალდებულოა, საფრანგეთშიც, სულ დაკეტვას ხომ ჯობია?" - საჭიროა თუ არა მოსწავლეთა გეგმიურ ტესტირება
"ჩემი 4 წლის შვილი იმდენჯერ დავტესტე, დაისტრესა ბავშვი.. მთელი დღე ცხვირი სტკიოდა... გერმანიაში სავალდებულოა, საფრანგეთშიც, სულ დაკეტვას ხომ ჯობია?" - საჭიროა თუ არა მოსწავლეთა გეგმიურ ტესტირება

"გერმანიაში ბაღშიც და სკოლაშიც მოსწავლეთა ტესტირება სავალდებულოა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში, კორონავირუსის პრევენციისთვის, ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, გეგმიური სავალდებულო ტესტირება ბავშვებსაც უტარდებათ. ბავშვთა ტესტირებაც განსხვავებულია და სხვადასხვა, უსაფრთხო მეთოდი არსებობს. ამავე ინიციატივით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მეგი კავთუაშვილმა და აღნიშნა, რომ ბავშვებზე მორგებული მეთოდით, გარკვეული პერიოდულობით, პედაგოგების მსგავსად, მოსწავლეებიც დაიტესტონ და ამით სასწავლო პროცესი უფრო უსაფრთხო გახადონ.

ჩვენ ვკითხეთ მშობლებს, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, თანახმა იქნებიან თუ არა მოსწავლეებში დაიწყოს კორონავირუსზე გეგმიური,
სავალდებულო ტესტირებები გარკვეული პერიოდულობით, თუნდაც 1 ან 2 კვირაში ერთხელ. მოკლე დროში 400-ზე მეტი მშობელი გამოგვეხმაურა და მათი უმრავლესობა ინიციატივის წინააღმდეგია. რამდენიმე მშობელმა კი უცხოური გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში ბაღებსა და სკოლებში ეს მიღებული პრაქტიკაა და არსებობს სპეციალური ტესტები, რომლებიც მაინცდამაინც ცხვირიდან ნაცხის აღებას არ ითხოვენ, მოსახერხებელი და კომფორტულია ბავშვებისთვის. გთავაზობთ მშობელთა კომენტარებს:
  • არა. ერთხელ გავუკეთე ჩემს შვილს და ძალიან ცუდად გახდა. არ არსებობს მეორედ გაიკეთოს. არც მე დავუშვებ რომ ყოველ 2 კვირაში ცხვირში უჩხიკინონ.
  • თანახმა ვარ, დაიტესტოს, რა მოხდება ამით?
  • რა საჭიროა? ჯერ ჩვენ, მასწავლებლებს რომ გვიტარებენ, არაა სასიამოვნო, დაზიანებული მაქვს ცხვირი, ისეთი საშინელებაა და ახლა ამ პატარა ბავშვებს დაუზიანონ? ისე ხომ არაა
    დასტრესილი მომავალი თაობა და ახლა ეს საკითხი წამოჭერით კიდევ. არავითარ შემთხვევაში.
  • მე ვმუშაობ სკოლაში და ჩემთვის სავალდებულოა და იცით ამასობაში როგორი პრობლემები შემექმნა? წარმოდგენა გაქვთ კვირაში ან ორ კვირაში ცხვირის "გაბურღვა" რა პრობლემებს იწვევს? მას შემდეგ შემერყა ჯანმრთელობა.
  • ჩემი 4 წლის შვილი იმდენჯერ დავტესტე, რომ დაისტრესა ბავშვი. თეთრხალათიანს დაინახავს თუ არა, ამბობს, დედა კორონა არ მაქვს, არ გამიკეთოთო. ახლა სკოლაშიღა აკლდათ დატესტვა. საახალწლოდ ნეტა სტუმრები და ნაძვის ხეზე თოვლის ბაბუები თუ დატესტეთ?
  • არა! როცა რამე რესპირატორული სიმპტომები აქვთ, ისედაც არ ვუშვებ არსად.
  • გერმანიაში მასე გვავალდებულებენ, ცხირში არა, პირის ღრუს ტესტებს. თვითონ გვაძლევს ბაღი კვირაში 2-ჯერ. ამ წუთას დამირეკეს, რომ ერთ ბავშვს დაუდასტურდა და ჯგუფი იკეტება ორშაბათამდე. ორშაბათს პისიარის ტესტი ვისაც უარყოფითი ექენება, ის ბავშვები მივლენ. მირჩევნია 2 დღე სახლში იყვნებ ბავშვები, ვიდრე არ ვიცოდეთ, რომ ვიღაცას კოვიდი აქვს და გადაედოს მთელ ჯგუფს, მერე ჩვენ და ა.შ.
  • ზოგი ისე საშინლად აკეთებს ამ ტესტებს, თვალებიდან ცრემლებს გადმოგაყრევინებს... და მით უმეტეს, ბავშვებისთვის ძალიან ძნელია...
  • ჩემს 8 წლის ბიჭს ისე გაუკეთეს ტესტი, მთელი დღე ცხვირი სტკიოდა, სხვა ბავშვები კი ღრიალებდნენ...
  • მშობელს უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ გაციებული ბავშვი სკოლაში არ გაუშვას....
  • არა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ეგ პროცესი ბავშვებისთვის, ჯობს მშობლების ცნობიერება (ვისაც არ აქვს ) მივიყვანოთ იმ დონეზე, რომ გაციებული ბავშვი არ გამოუშვან სკოლაში, ალბათ მარტო ასეა შესაძლებელი ვირუსების თავიდან აცილება.
  • გერმანიაში ბაღშიც და სკოლაშიც სავალდებულოა. ლოლი ტესტები უკეთდებათ ჩემს ბავშვებს კვირაში ორჯერ. აუცილებელი და სავალდებულო უნდა იყოს
  • აუცილებლად უნდა დაიწყოს. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩამოვრჩებით მაგ საკითხში სხვა ქვეყნებს, სადაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია ბავშვების გატესტვა კორონაზე, (ნერწყვის მეთოდით). მათ შორის ძალიან ბევრია უსიმპტომო შემთხვევა.
  • არა, არა და არა! 3 წლის მყავს მაგ საზიზღარი ჩხირების გამო ექიმის დანახვის ეშინია უკვე და ყურის ჩხირს რომ ხედავს, ცხვირზე ხელებს იფარებს არ მინდაო. ფსიქოლოგიურად განადგურდა ბავშვი.
  • გიზიარებთ გერმანიის რეგულაციას, სადაც სკოლის მოსწავლეები სკოლაში იტარებენ ტესტირებას, ზუსტად არ მახსოვს, რა პერიოდულობით, სავარაუდოდ ორ კვირაში ერთხელ. პირველკლასელიც კი თვითონ იტესტება, მასწავლებლის დახმარებით. სკოლა ურიგებს კლასებს უფასო ტესტებს.
  • საფრანგეთში ასე ვართ ახლა, ყოველ კვირას ვყიდულობთ ავტოტესტს და სახლში, მშობლები ვუკეთებთ. სულ დაკეტვას კი ჯობია. პ.ს. თუ ბავშვი იყო კონტაქტში, მისთვის უფასოა ტესტი. უკვე მაღაზიებშიც იყიდება
  • ანუ მთელი ევროპის ბავშვები დასტრესილები და უბედურები არიან ტესტირების გამო?
პედიატრს, მედიცინის დოქტორს თამარ ობგაიძეს ვკითხეთ, რამდენად შედეგიანი იქნება იმ საშუალებებით ბავშვთა ტესტირება, რითაც ახლა, საქართველოში სკოლის მასწავლებლებს ტესტავენ და რეალურად, შეუძლია თუ არა ანტიგენის ტესტს ცხვირის დაზიანება:

"სწრაფი ტესტის შემთხვევაში შესაძლებელია ცრუ უარყოფითი შედეგებიც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ვირუსი ჰქონდეს, მაგრამ ტესტის მეშვეობით მისი გამოვლენა ვერ მოხერხდეს. ის, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია და შემთხვევები არ გამოგვეპარება, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შეიძლება. ტესტის აღება ცხვირის ლორწოვანის გარსს ვერ დააზიანებს, თუმცა ბავშვებისთვის შესაძლოა უსიამოვნო პროცესი იყოს. განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვებში ჭირვეულობას, ტირილს, პროტესტს იწვევს. ამიტომაც, ჩემი პოზიცია ასეთია: ბავშვი, რომელსაც ახველებს, აცემინებს, ან აქვს სასუნთქი გზების დაზიანების სხვა ნიშნები, აღენიშნება ცხელება, არ უნდა გაუშვათ სკოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ გაკვეთილი არ გააცდინოს. დილით თუ თქვენს შვილს რაიმე სიმპტომი აქვს, აუცილებლად უნდა დატოვოთ სახლში. იმიტომ, რომ მას შეიძლება არა მარტო კოვიდი, არამედ ნებისმიერი სხვა ინფექცია ჰქონდეს და თანატოლებს გადასდოს. მხოლოდ ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალია, ვიყოთ ფრთხილად და არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში, ნებისმიერი ჩივილის არსებობის დროს. რაც შეეხება ონლაინსწავლებაზე გადასვლას, რაც ახლა კვლავ გააქტიურდა. ესეც ძალიან საფრთხილო საკითხია. იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, სკოლა უნდა დაიხუროს ყველაზე გვიან და გაიღოს ყველაზე ადრე იმიტომ, რომ სკოლები და ბაღები არა მარტო სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ადგილებია. შესაბამისად, გამუდმებით დახურვა ძალიან რთული ამბავია და სიფრთხილე გვმართებს ამ საკითხშიც. პერიოდული ტესტირება, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ, ის, რომ 100%-იან დაცვას მოგვიტანს და შემთხვევები მაინც არ გამოგვეპარება, ამის თქმა არ შეიძლება."

როგორც იცით, 17 იანვრიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგება. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მშობლებს ამჯერადაც მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, ბავშვებს გაუშვებენ სკოლაში თუ ონლაინ სწავლებას მიანიჭებენ უპირატესობას.
დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ სკოლებსა და ბაღებში ყველა რეგულაცია დაცული იქნება, სასწავლო პროცესის დასწრებულ რეჟიმში აღდგენა საფრთხეს არ წარმოადგენს:

"თუ სკოლაში დაიცავენ ისეთ რეკომენდაციებს, როგორებიცაა: ნიღბის ტარება, საკლასო ოთახების განიავება, მოსწავლეების დისტანცირება, სასადილოების ფუნქციონირების შეჩერება, თუ სკოლა ბავშვებს ვაქცინირებულ პედაგოგებს დაახვედრებს, მაშინ ეს პროცესი უსაფრთხო იქნება. არც ერთი ეპიზოდი, რომ სკოლა აფეთქების წყარო გახდა, დაფიქსირებული არ არის. მთავარია, ბავშვები მომზადებულები გავუშვათ, პირველ რიგში, ნიღბის სწორ ტარებას ვგულისხმობს, სასწავლო პროცესი კი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესაბამისად წარიმართოს. მაშინ ეს რისკები ნამდვილად მინიმალური იქნება."- განაცხადა მან.

თამარ იაკობაშვილი



ბეჭდვა