ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო სპეციალისტები კოვოდსტატისტიკის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ. ამ ფონზე კვლავ აკითხავენ ვაქცინაციის ცენტრებს აცრების მსურველები. არც ისე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვაქცინის გასაკეთებლად უზმოზე მიდიან, შემდეგ კი თავს ცუდად გრძნობენ. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა აცრის ჩასატარებლად მივდივართ და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ ომიკრონის გავრცელების პირობებში, საკითხზე კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი - მაკა ბულეიშვილი გვესაუბრება:
- ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად ემოციური დამოკიდებულება აქვთ. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, უამრავი მითისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფონზე. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია არ მოითხოვს აუცილებლობას, რომ ადამიანს დღის განმავლობაში საკვები ჰქონდეს მიღებული. მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, არანასაუზმევი ადამიანები სამედიცინო მომსახურების მისაღებად არ უნდა წავიდნენ, თუ, რა თქმა უნდა, უზმოდ ყოფნა აუცილებელი არ არის კონკრეტული ანალიზების ასაღებად. ამიტომაც, ხშირად ცუდად გახდომის, გონების დაკარგვის ეპიზოდები ემოციებთან და შიშთანაა დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, ვაქცინას არ უკავშირდება. საუზმე კი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და არ აქვს მნიშვნელობა, აცრაზე მივდივართ, სამსახურში თუ უნივერსიტეტში. კვების შემდეგ ადამიანი უფრო პროდუქტიული ხდება. ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ წინა რამდენიმე დღის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ რაიმე დაავადების გამწვავების ფაზაში. თუ ამცრელ პუნქტში დაფიქსირდება, რომ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, ასეთ შემთხვევაში, უნდა მოვაგვაროთ პრობლემა და მერე ავიცრათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიპის, გაციების, მწვავე რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში არ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ჯერ ალაგდეს სიმპტომები და შემდეგ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს. არ შეიძლება წინა დღის ან იმ დღის ნაბახუსევი ადამიანის ვაქცინაცია. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომ ვაქცინაციამდე მედიკამენტების მიღება უნდა შევწყვიტოთ, არ შეესაბამება რეალობას. პაციენტს შეუძლია იმ ძირითადი მედიკამენტების მიღება, რასაც ჩვეულებრივ იღებდა.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ალკოჰოლთან დაკავშირებით, რა პერიოდის განმავლობაში უნდა შეიკავოს ვაქცინირებულმა პირმა დალევისგან თავი?
- ვაქცინაცია არ შეიძლება, თუ ადამიანს წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, ზედიზედ ალკოჰოლური თრობა აქვს. ვაქცინაციის დღესაც არაა ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი. ხოლო, ვაქცინაციის შემდგომ პირველი სამი დღე ალკოჰოლური თრობა, დიდი რაოდენობით დალევა არაა სასურველი. ასევე, დაბანასთან დაკავშირებითაც არსებობს მითები. თუ აცრიდან ძალიან მალე, ინიექციის ადგილი სხვადასხვა შხაპის გელითა და სახეხით არ იქნება დამუშავებული, კარგი იქნება, მაგრამ ის, რომ ბანაობა არ შეიძლება, სიცრუეა.
- ომიკრონის გავრცელების პირობებში, რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მოსახლეობისთვის?
- ვხედავთ, რა სწრაფად ვრცელდება ომიკრონი და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, ჯერჯერობით პოზიტიური ინფორმაციაა ის, რომ, დელტა შტამისგან განსვავებით, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ომიკრონი მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება. მაგრამ, ძალიან ხშირია რეინფიცირების ფაქტები. ადამიანები, რომლებმაც თუნდაც 3 თვის წინ გადაიტანეს კორონავირუსი, ახლა განმეორებით დაინფიცირდნენ. ეს საყურადღებო ფაქტია, რადგანაც ხშირად კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტებს გარკვეული სიმპტომები მაინც რჩებათ და სჭირდებათ დრო, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ნარჩენი მოვლენები, 3-6 თვე გრძელდება და გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთი წელიც აწუხებთ. ამიტომ, თუ ადამიანი ჯერ კიდევ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში იმყოფება და კიდევ ახალი შტამი დაემატება, რა თქმა უნდა, დაუძლურებული იმუნური სისტემისთვის დიდი გამოწვევა იქნება. განსაკუთრებით, თუ რეინფიცირება ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში ფიქსირდება. ამიტომ, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გავთამამდებით და უგულებელვყოფთ ომიკრონის გავრცელებას. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ როდესაც რაიმე სიმპტომი გვაქვს, იმავე დღეს არ წავიდეთ ტესტის ჩასატარებლად. ის ვირუსის არსებობას მაშინვე არ აჩვენებს და შესაძლოა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სხვა ადამიანების დაინფიცირება გამოვიწვიოთ. სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს დაუკავშირდით და მასთან ერთად, 3 დღის განმავლობაში აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ კი ტესტი გაიკეთეთ.
- სწრაფი ტესტი, თუნდაც PCR ტესტი ომიკრონს აჩვენებს?
- ომიკრონის დადგენა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში სექვენირების შედეგად ხდება. მაგრამ, როგორც სწრაფი ტესტი, ასევე pcr ტესტი აჩვენებს, კონკრეტულად არა ომიკრონის შტამს, არამედ ზოგადად, კორონავირუსს. პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უკეთ სიმპტომების გამოვლენიდან მე-4-მე-5 დღეს ჩანს ვირუსის არსებობა ორგანიზმში.
რაც შეეხება ომიკრონსა და ვაქცინაციას - ჯერჯერობით, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს და ვსარგებლობთ ჩვენი უცხოელი კოლეგების კვლევებით. რა ინფორმაციასაც ვფლობთ, არის ის, რომ ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ბუსტერის შემთხვევაში - ასიმპტომურად ან შეიძლება უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს. კოვიდგადატანილ პაციენტებში, როგორც აღვნიშნე, რეინფიცირების ხშირი ფაქტებია. პირადი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსი 5-6 დღის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება. კოვიდგადატანილ პაციენტებში, რომლებიც მეორედ დაინფიცირდნენ მოკლე დროში, უფრო გამოხატულია სიმპტომები, ძლიერი სისუსტე. ვაქცინცია არ ნიშნავს იმას, რომ არ დავსნებოვნდებით.
- რომელი პირბადის გამოყენება სჯობს ომიკრონის გავრცელების პირობებში?
- ომიკრონის გავრცელების პირობებში ძალიან კარგია რესპირატორული პირბადის გამოყენება. მაგრამ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძლება ვერც შეიძინოს და არც გამოიყენოს ამიტომ, პაციენტებს ხშირად ვურჩევ ხოლმე, ორი სამედიცინო პირბადე გამოიყენონ, ხშირად გამოცვალონ. პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა, დისტაცნიისა და აუცილებელი ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო. აუცილებელია გაითვალისწინოთ ის, რომ თუ გაქვთ სიმპტომი, დარჩით სახლში, რათა არ გამოიწვიოთ სხვა ადამიანების ინფიცირება.
თამარ იაკობაშვილი