საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-დან 18 წლამდე გოგონებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს. აქამდე ვაქცინაციით უფასოდ სარგებლობა 9-12 წლის გოგონებს შეეძლოთ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბაძემ განმარტა, რა შემთხვევაში, რა ინტერვალით კეთდება აცრა და ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა:
"საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა
აცრა უფასოა!"- წერს ის.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტში განგვიცხადეს, 9 წლიდან 18 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებს და სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაიტარონ ვაქცინაცია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, როგორია პაპილომა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და რისგან იცავს გოგონებს აცრა:
ჯანმო აღიარებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია. ვაქცინაციის სახელმწიფო სტრატეგიის რენტაბელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მისი პროგრამული დანერგვა ქვეყნის და რეგიონის დონეზე.
ორივე აპვ-ს ბივალენტური და კვადრავალენტური ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა ეფექტურობით.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით 2020 წელს გლობალურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 604 000 ქალს დაესვა და დაახლოებით 342 000 ქალი გარდაიცვალა.
ჩაუტარეთ თქვენს გოგონებს აცრები, რომელიც მოზრდილობაში ჩატარებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან ერთად მათ დაიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან.
პედიატრი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" თანამშრომელი, "რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის" მენეჯერი ქეთი ჭელიძე ამბობს:
"აცრა აუცილებელი, რადგან ის საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. ძალიან კარგია, რომ უფასოდ ვაქცინაციის ასაკი გაიზარდა, რადგანაც ბევრმა თავის დროზე ვერ ჩაიტარა, არასათანადო ინფორმირებულობის გამო. იმედი გვაქვს, ახლა უფრო მეტი გოგონა ჩაიტარებს აცრას და ამით დაცულები იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემების კიბოებს შორის გავრცელებით მეორეა, ძუძუს კიბოს შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აცრის ჩატარება საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანი პაპილომა ვირუსით არ არის ინფიცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გაკეთებას შედეგი არ აქვს. გარდა ამისა, ვაქცინაციისთვის არა მხოლოდ 18 წლამდე ასაკის გოგონებს, არამედ უფრო დიდი ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ მისვლა. თუმცა, ამ შემთხვევაში, წინასწარ უნდა გაიკეთონ ტექსტი, დარწმუნდნე, რომ არ აქვს პაპილომა ვირუსი და შემდეგ ჩაიტარონ აცრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 წელს ზემოთ ეს აცრა ფასიანია. მინდა მშობლებს მოვუწოდო, დავიცვათ ჩვენი გოგონები კიბოსგან და უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელი მომავალი."
თამარ იაკობაშვილი