ჯანდაცვის მინისტრის მოდგილემ
"ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ბავშვებში ომიკრონის გავრცელების პირობებში ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელობასა და შეცვლილ პროტოკოლზე ისაუბრა:
"შემთხვევების მატებასთან ერთად, ბუნებრივია, ბავშვებში ვირუსის გავრცელებამ მოიმატა. გასული ერთი კვირის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შედარებით გაიზარდა. საწოლფონდი მობილიზებულია და თუ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის, რომ ომიკრონის შემთხვევები, უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობისაა. ამდენად, თუ წლამდე ასაკის ბავშვი არაა და არ აქვს მაღალი ტემპერატურა, მივარდნილობა და რაიმე სხვა გამოხატული ქრონიკული დაავადება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საყურადღებოს ხდის, ბავშვის მართვა თავისუფლად შეუძლია ოჯახის ექიმს ბინაზე. თუ არ არის განსაკუთრებული საჭიროება, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი და პედიატრების რჩევაა, რომ ბავშვმა იმკურნალობს სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. მაგრამ, წლამდე ასაკის ბავშვებში მაინც ვცდილობთ, რომ უფრო მეტად ჰქონდეთ მეთვალყურეობის შესაძლებლობა და წინასწარი შეფასება ჩაუტარდეთ და მხოლოდ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით არ შემოვიფარგლოთ. სხვა მხრივ, უმრავლესობა კარგად მართვადია და არანაირი შიშის საფუძველი არ არსებობს. განახლებული პროტოკოლი ჰოსპიტალს მიღმა ბავშვების მართვის შესაძლებლობას იძლევა. როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც მდგომარეობა ამას არ მოითხოვს, ბავშვისთვის უმჯობესია, ოჯახურ გარემოში დარჩეს. თუ არის ტემპერატურის იმგვარი მომატება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, თუ ბავშვი მივარდნილია, არსებობს რაიმე თანხმლები დაავადება, წლამდე ასაკისაა - ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის გარშემოც პროტოკოლი დღეს აქცენტს აკეთებს.
თამარ გაბუნიამ ბავშვებში ვაქცინაციის თემაზეც ისაუბრა:
"ბავშვებში ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე დაშვებულია 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უფრო ადრეც დავუშვით. ჯერჯერობით ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. მაღალი აქტივობა არ გვქონია. იყო აქტივობა იმ ბავშვების მშობლების მხრიდან, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. დღეს მთელი მსოფლიო უკვე საუბრობს მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე - 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. საბოლოოდ, პანდემიის დასრულება ბავშვების ვაქცინციის გარეშე რთული იქნება."