პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი
ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება, რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს ბავშვებში, როგორია მისი მიმდინარეობა და რა გართულებების გამოწვევა შეუძლია ვირუსს:
- ქვეყანაში კრონავირუსის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე ვართ. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ე.წ. დელტა შტამი ბავშვებში უფრო საყურადღებოდ მიმდინარეობდა, ომიკრონი უფრო ნაკლები სიმძიმით ხასიათდება, თუმცა ძალიან მაღალი გადამდებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამის ფონზე, მომართვიანობა არ არის იმდენად მაღალი, როგორიც დელტა შტამის დროს იყო. მშობლების სატელეფონო ზარები სჭარბობს კლინიკაში მომართვიანობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბინაზე იმართება უფრო თავისუფლად, ვიდრე წინა შტამები. მაგრამ, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, დაავადებების როგორი ფონი აქვს მის შვილს. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა. რაც შეეხება ომიკრონის სიმპტომებს, მას ისეთი არაფერი ახასიათებს, რაც ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს არ გვხვდება. მაღალი ტემპერატურით დაწყება სეზონურ გრიპებსაც ახასიათებს. თუმცა, ხშირად აღნიშნავენ მშობლები, რომ ომიკრონის შემთხვევაში ტემპერატურა ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს და რამდენჯერმე სჭირდებათ გამეორება. ამ შემთხვევაში, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სითხით დატვირთონ, ვინაიდან სითხის კარგვა ისევე მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის დროსაც, როგორც პირღებინებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს. ასევე ახასიათებს ხმის ტემბრის შეცვლა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი.
- რა ხდება ყველაზე ხშირად კლინიკაში გადაყვანის წინაპირობა?
- ყველა პედიატრი ვაფრთხილებთ მშობლებს, რა დროს უნდა ჩათვალონ ბავშვის მდგომარეობა უფრო საყურადღებოდ და როდის უნდა იფიქრონ ექიმის დამატებით ჩარევაზე: როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია და აბსოლუტურად არ ემორჩილება სიცხის დამწევ არც ერთ საშუალებას,არის 39-ნახევარი, 40 და მეტი. რამდენიმე მშობელმა დამირეკა და მათ შვილს 40-ზე მეტიც კი ჰქონდა ტემპერატურა. როდესაც ბავშვი ძალიან მივარდნილია, არ ღებულობს საკვებს, განსაკუთრებით ეს საყურადღებოა 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ჩვილების იმუნური სისტემა სუსტია და ინფექციამ ძალიან სწრაფად შეიძლება გართულება გამოიწვიოს. გარდა ამისა, საყურადღებო ნიშანია, როდესაც ბავშვი აგზნებულია, ტირის და მშობელი ვერ არკვევს, რის გამო ჭირვეულობს. როდესაც ბევრ სითხეს კარგავს და გვაქვს შეუპოვარი ღებინება, არის გამოხატული ქრონიკული დაავადება.
- სახლის პირობებში რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც კოვიდინფიცირებული შვილი ჰყავთ?
- როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვი გვყავს, სახლის პირობებში მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტი მედიკამენტი არ მივცეთ. ყველამ ვიცით, რომ ტემპერატურის მომატება ჩვენი ორგანიზმის პირველი დაცვითი რეაქციაა, ყელის ტკივილიც ჩვეულებრივი მოვლენაა სასუნთქი გზების ნებისმიერი ინფექციის დროს. მაგრამ, თუ ეს ტკივილი აუტანელია და ჩირქი გაჩნდა, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ამ შემთხვევაში, თუნდაც ნუროფენი, სიცხის დაწევასთან ერთად, ტკივილსაც გააყუჩებს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ადგილობრივი, დამარბილებელი საშუალება. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ტკივილს ამცირებს.ხველაც დაცვითი რეფლექსია, ისევე, როგორც ტემპერატურის მომატება. ხველის დროს გამოიყოფა ლორწო, რომელშიც მიკრობები და ბაქტერიებია. მაგრამ, მისი ხასიათის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ მკურნალობა და პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობა. როდესაც შემაწუხებელი ხდება, როდესაც ნახველი ჩაიჭედება და ბრონქებს დაახშობს, სუნთქვის დროს ხმა ისმის, ეს უკვე ყურადღებაგასამახვილებელია და ამ დროს პედიატრისა და ოჯახის ექიმის ჩარევა აუცილებელია. როდესაც ხმის ტემბრი შეიცვლება და ჩასუნთქვა გაძნელდება, სასულეს შუშუპებაზე მიგვანიშნებს და ესეც საყურადღებო ნიშანია. გაძნელებული ჩასუნთქვა და ხმაურიანი სუნთქვა შესაძლებელია ბინაზე ვერ ვმართოთ და ექიმის ჩარევა გახდეს აუცილებელი. ხველასაც თავისი ხასიათი აქვს. მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა უკვე გვაფიქრებინებს, რომ მდგომარეობის დამძიმება და კრუპის განვითარების შესაძლებლობაა. ყურის ანთება სურდოს შემთხვევაშიც ხშირია და ყველა დედამ უნდა იცოდეს ცხვირის ღრუს სანაცია, გასუფთავება. პატარებს ძნელად შეუძლიათ, რომ ცხვირის ღრუ დამოუკიდებლად, კარგად გაისუფთაონ. ამისთვის იყიდება სპეციალური აპარატი, რომელიც ცხვირში ჩაწვეთების შემთხვევაში არაჩვეულებრივად გამოტუმბავს ლორწოს. ძალიან კარგია ბუნებრივი, მინერალური წყლებით, ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა. წინათ, როდესაც ჩვენს წინაპრებს არ გააჩნდათ ამდენი საშუალება, მარილიანი, სოდიანი წყლით შველოდნენ პრობლემას. ეს შესანიშნავი საშუალებაა. ძალიან მაღალი ტემპერატურის დროსაც, ბევრი ბავშვი ინარჩუნებს აქტივობის უნარს, თამაშობს, თუმცა ბევრი მოდუნდება და მისუსტებულია. როდესაც ინფიცირებული ბავშვი გვყავს სახლში, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ კვება ბალანსირებული უნდა იყოს და არა ზედმეტი რაოდენობით. თუნდაც ჩვეულებრივ ულუფას დაავადებული ბავშვის კუჭ-ნაწლავი იმ რაოდენობით ვერ გადაამუშავებს, რა რაოდენობითაც ჯანმრთელ მდგომარეობაში იღებდა. იმიტომ, რომ კუჭ-ნაწლავი ცალკე, იზოლირებულად არ რჩება და ისიც "ავადაა", როგორც ზედა სასუნთქი გზები. ამიტომ, სითხით მეტი დატვირთვაა გასათვალისწინებელი, ვიდრე საკვების დიდი რაოდენობით მიცემა.
- რა გართულებებს ტოვებს ომიკრონი ბავშვებში?
- ომიკრონმა ისეთივე გართულება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სხვა წინა შტამებმა და ჩვეულებრივმა ვირუსულმა ინფექციებმა. თუმცა, შედარებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ნაკლები ბავშვი იმყოფება რეანიმაციასა და მართვით სუნთქვაზე. პნევმონია, ბრონქიოლიტი უფრო ნაკლებად გვხვდება, ფარინგიტი, ლარინგიტი, სურდო, ყურის ანთება საკმაოდ ხშირია მომართვიანობის დროს.
- ომიკრონს პოსტკოვიდური პროცესის გამოწვევა შეუძლია?
- რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე შეუძლია, როგორც დელტა შტამს. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოს ყველა მშობელი. გადატანიდან, დაახლოებით 1 კვირის შემდგომ შესაძლებელია დაიწყოს მაღალი ცხელება, ადვილად დაღლა, შეიძლება გულთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიხატოს, ტკივილი გულ-მკერდის არეში და ყველაზე ხშირად გვხვდება ძლიერი ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე. ძილის რიტმის დარღვევა, ცოტა მოზრდილ ასაკში შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, კონტაქტებისგან თავის შეკავება. ხშირია აგზნებადობები, უმიზეზო, უჩვეულო ჭირვეულობა. უძილობა და შფოთვა არც თუ ისე იშვიათია მოზრდილთა ასაკშიც, მათ შორის, მშობლები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ ცუდად სძინავთ, მოუსვენრობა აქვთ.
- მშობლებს აინტერესებთ, კორონავირუსის, კონკრეტულად ომიკრონის, გადატანის შემდეგ დიაბეტის ჩამოყალიბების საფრთხე ხომ არ არსებობს?
- საფრთხე იმ შემთხვევაში გვაქვს, როდესაც ორგანიზმში უკვე არის კონკრეტული დაავადების მზაობა. ომიკრონმა შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს. თუმცა, ეს ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროსაა შესაძლებელი. ძალიან ხშირია, რომ დიაბეტი ბავშვთა ასაკში გამოვლენილა ზედა სასუნთქი გზების, ვირუსული ინფექციების ფონზე, პნევმონიების ფონზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ყურადღება სხვა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ. როდესაც ბავშვი მოთენთილია, ხშირადაა მოდუნებული, ხშირადვე აღებინებს, წონაში იკლებს, შესაძლებელია პირიქით, წონაში იმატებდეს და ესეც ამ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული - ეს და კიდევ ბევრი ნიშანია, რომ პანკრეასის დაზიანება არ გამოგვეპაროს. მემკვიდრეობა კი ყველაზე ყურადსაღებია. როდესაც ოჯახში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული უფროსი გვყავს, უფრო საყურადღებოა ის ბავშვი, რომელიც ასეთ ოჯახში იზრდება. ამიტომ, ომიკრონი უფრო მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს, ვიდრე გამომწვევი. ჩვენ ამ დაავადების დროს არ ვიყენებთ რაიმე ისეთ პრეპარატს, რომელიც პანკრეასის ფუნქციაზე იმოქმედებს და დიაბეტი განვითარდება.
თამარ იაკობაშვილი
"საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ" - თუ ომიკრონი გაქვთ და შინ ხართ, ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ