კორონავიირუსის პირობებში უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ შეცვლილი აქვთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება. ზოგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს საერთოდ დაკარგული აქვს, ნაწილი კი არასასიამოვნო სუნსა და გემოს გრძნობს. პრობლემა ზოგჯერ ერთ წელსაც კი გრძელდება.
- "ვისაც არ გამოუცდია, ვერც წარმოიდგენს, შენი საყვარელი ყველა სუნი და გემო იცვლება. იმდენად ისტრესები, ფსიქიკასაც ანგრევს.
- "პერიოდულად საშინელი სუნი მცემს, სჭმელს ხან ნაგვის, ხან დამწვარი კაბელის სუნი აქვს"
- "უშედეგოდ ველოდები, როდის გაივლის, აჭმელს, ხილს, წვენს, შამპუნს, კბილის პასტას, დეოდორანტს - ყველას საშინელი სუნი ასდის, უკვე აღარ შემიძლია"
- "ბევრი რამ შემზიზღდა, ქინძი, ხორცი, კარტოფილი, კვერცხი... ყველას ერთნაირი საზიზღარი გემო აქვს, სუნს ხომ ნუ იტყვი, ყველგან მსდევს საშინელი სუნი, ხან დამწვარი რეზინის სუნი მაქვს ცხვირშიმოუცილებლად, ასე ვარ ამდენი ხანია." - წერენ კოვიდგადატანილი ადამიანები.
- ეს ნამდვილად არის ცხოვრების დამახინჯება, ყველაფერში ხელს უშლის ადამიანს, მაღაზიაში შესვლაც კი ტანჯვაა
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი/ეპილეფტოლოგი
თამარ ჯიშკარიანი გვიყვება, რა არის პაროსმია და მკურნალობის რა საშუალებები არსებობს ამ ადამიანებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ასევე, როგორ შეიძლება კორონავირუსის გადატანის შემდეგ მეხსიერების პრობლემას ვებრძოლოთ:
- დღეისათვის ძალზედ აქტუალური საკითხი - პაროსმია არის ტერმინი, რომელიც გამოხატავს ყნოსვის დარღვევას. პაროსმიის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყნოსვის დაქვეითებას, როდესაც სრულად ვეღარ აღიქმება სურნელი, ან გაუკუღმართებას - რა დროსაც ირგვლივ არსებულ საგნებს, საკვებს ეძლევა უსიამოვნო სუნი და შესაძლოა მიგვიყვანოს გულისრევის შეგრძნებამდე. პაროსმიის დროს ადგილი აქვს ყნოსვითი რეცეპტორებისა და ყნოსვის ბოლქვის დაზიანებას, რის გამოც თავის ტვინს მიეწოდება არასწორი ინფორმაცია ამა თუ იმ სურნელის შესახებ. პაროსმიის მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის ტრავმა, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციები, თამბაქოს მოხმარება (დროთა განმავლობაში), ტოქსიური ქიმიური ნივთირებები, ჰაერის დაბინძურება, სხივური და ქიმიოთერპია, თავის ტვინის თუ სინუსური წიაღების სიმსივნური დაავადებები - თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო ხშირია ე.წ. ფანტოსმია, ანუ არარეალური, არარსებული სუნის შეგრძნება.
- სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში ადამიანები წერენ, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ გრძნობენ, რომ საკვებს აქვს ცუდი ან შეცვლილი სუნი, არასასიამოვნო გემო. მათ შორის, ძალიან ბევრი წერს, რომ ეს პრობლემა უკვე 6 თვე, ერთი წელია აწუხებთ. რა შეიძლება გააკეთონ ამ დროს ადამიანებმა და მაქსიმალური, რა ვადა არსებობს, რომ პრობლემა მოგვარდეს?
- ვირუსული ინფექციის, მათ შორისკოვიდ-19-ის გადატანის შემდგომ, პაროსმიის სიმპტომები ჩვეულებრივ აღდგება გამოჯანმრთელებასთან ერთად, ვინაიდან ყნოსვის სისტემას გააჩნია რეგენერაციის მაღალი უნარი. ნერვული სისტემის ნეიროპლასტიურობის საფუძველზე ხდება ახალი ნეირონული წრეების წარმოქმნა და ყნოსვის აღდგენა. მიუხედვად ამისა, სხვადასხვა შემთხვევაში სიმპტომების სიმძიმე მკვეთრად ვარირებს. იგი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან წლამდეც კი და ითვლება კოვიდ-19-ის გართულებად. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა მიუთითებდეს ყნოსვის სისტემაში მიმდინარე აღდგენით პროცესებზე. ამდენად, კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვადით ზეგავლენა ყნოსვის სისტემაზე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
- თქვენ თუ მოგმართავენ მსგავსი ჩივილებით პაციენტები და რა არის ხოლმე ძირითადი რეკომენდაცია?
- თუკი პაროსმიის სიმპტომები გრძელდება რამდენიმე თვე და მეტი, რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სპეციალისტს (ოტორინოლარინგოლოგს, ნევროლოგს). ამ დროს ექიმის ძირითადი რეკომენდაციაა ე.წ. "ყნოსვითი ვარჯიშები", რაც მოიცავს 4 სხვადასხვა სურნელის საყნოსავი ნივთიერების ინტენსიურ ყნოსვას, ამასთან თითოეული ნივთიერების დაყნოსვა უნდა გრძელდებოდეს 15 წამი და აღნიშნული ვარჯიში უნდა ჩატარდეს რეგულარულად, დღეში 2-3 ჯერ, თვეების განმავლობაში. ასევე პაროსმიის სიმპტომების აღმოფხვრაში დახმარებას გვიწევს სხვადასხვა ვიტამინი თუ მიკროელემენტი, როგორებიცაა თუთია, A და B ჯგუფის ვიტამინები.
- კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს. რეალურად, რამდენად იწვევს ვირუსი მეხსიერების დაქვეითებას და რა შეიძლება გაკეთდეს? პაროსმიას კოვიდის შემდეგ მეხსიერების პრობლემებიც ახლავს?
- კოვიდ-19 -ის გადატანის შემდგომ ასევე ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებასა და კონცენტრაციის სირთულეებს, რაც ასევე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. კოგნიტიური პრობლემები შესაძლოა გამოვლინდეს კოვიდის გადატანიდან თვეების შემდგომ და მოიხსენიება ტერმინით "გონების დაბინდვა" - "Brain fog", რასაც უკავშირებენ ნეიროანთებითი თუ თავის ტვინის დაზიანების მანიშნებელი გარკვეული ბიოლოგიური მარკერების მატებას სისხლში, ასევე სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაბალ დონეს. კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდგომ ხანგრძლივად დარჩენილი ყნოსვისა და მეხსიერების პრობლემები, რაც გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 10-30 %-ში, მიიჩნევა გახანგრძლივებულ კოვიდ-ინფექციად და დღესდღეობით შესწავლის პროცესშია. უფრო და უფრო მეტი მონაცემი გროვდება კოვიდის გადატანის შემდგომ ვაქცინაციის შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომების მოხსნის და გაუმჯობესების შესახებ, რაც ასევე შესწავლის საგანია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ სიმპტომების ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში ვირუსი პერსისტირებს ადამიანის ორგანიზმში და იგი იქცევა "ვირუსის რეზერვუარად". ვაქცინაცია კი ახდენს ძლიერი იმუნური პასუხის წარმოქმნას, ვირუსის ელიმინაციასა და ამით სიმპტომების შემსუბუქებას. სხვა მეცნიერთა აზრით, ვირუსის ზემოქმედების შედეგად ხდება აუტოიმუნური დაავდებების გააქტიურება (როდესაც იმუნური უჯრედები შეცდომით ებრძვის საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს). ვაქცინაცია კი იწვევს დროებით იმუნურ პასუხს და სიმპტომების შემსუბუქებას, რითაც აიხსნება ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდგომ, რამდენიმე კვირაში, კვლავ ხდება სიმპტომების განახლება. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერ კიდევ ჰიპოთეზებია და მოითხოვს მეტ მონაცემსა და მტკიცებულებებს.
- ზოგადად, რატომ უჩივის ბევრი ადამიანი მეხსირების პრობლემას, და ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, არსებობს ვიტამინები, სხვა საშუალებები გასაუმჯობესებლად თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა?
- თავის ტვინისთვის, ისევე როგორც კუნთოვანი სისტემისთვის, აუცილებელია მუდმივი ვარჯიში. თუ თქვენ გაქვთ მეხსიერების მსუბუქი პრობლემები, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი - უწყვეტი, 7-8 სთ-იანი ღამის ძილი, ნაკლები კოფეინი, თამბაქო და ალკოჰოლი, დაბალანსებული კვება და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები (ზღვის პროდუქტები, თხილეული). ხშირად შეავსეთ კროსვორდები (ყოველდღიურად 30-60 წთ-ის მანძლზე), აითვისეთ ახალი უნარები, ავარჯიშეთ ტვინი სპეცილური თამაშებით. შესაძლოა დიდი დახმარება გაგვიწიოს კოგნიტიურ-ქცევითმა თერაპიამ. სხვა შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს.
თამარ იაკობაშვილი