სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში, ბევრი ადამიანი წერს, რომ ომიკრონის გადატანის შემდეგ 2 კვირაში ან ერთ თვეში კვლავ დაეწყოთ სიმპტომები. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში
"დღის თემა" განმარტავს, რამდენი ხნის განმავლობაში ტოვებს ომიკრონის შტამი ადამიანში იმუნიტეტს:
"კონკრეტულად ომიკრონი რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს, ზუსტად არავინ არ იცის. ისევე, როგორც ზუსტად არ იცოდნენ სხვა შტამებზე. ასე ჩათვალეს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა, ხოლო შემდგომ შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტთან, შეიძლება უფრო მეტი დროითაც. მაგრამ, მაღალ იმუნიტეტად, რომელიც უფრო სარწმუნოდ იცავს პაციენტს, 60 დღე ითვლება."- ამბობს ის.
გარდა ამისა, ცერცვაძე აღნიშნავს, რამდენად გამართლებულია ომიკრონის შემთხვევაში იზოლაციის ვადების შემცირება:
"მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებში, ძალიან დიდი ალბათობით 7 დღის მერე ის გადამდები არ არის. მით უმეტეს, რომ არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ 5 დღე კიდევ პირბადე ეკეთოთ ადამიანებს."- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.