მართალია, პანდემიის მორიგი ტალღის პიკი გადავიარეთ და ახლა ე.წ. დაღმავალ მრუდზე ვართ, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ინფიცირების ათასობით შემთხვევა, კიდევ კარგა ხანს გვექნება. ომიკრონი კი, კიდევ კარგა ხანს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ომიკრონის თავისებურებებისა და პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ambebi.ge-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრება.
- ბავშვებში ომიკრონს აქვს თავისებური მიმდინარეობა. განსაკუთრებით პირველ დღეებში ახასიათებს ცხელება, ანუ ბავშვებს აქვთ ხოლმე მაღალი 39-40 გრადუსი ტემპერატურა, რომლის სახლის პირობებში მართვა მშობლებს უჭირთ და ხშირად ხდება ეს ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ ტემპერატურის რეგულირებას. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირე ასაკის ბავშვებში - ახალშობილები, წლამდე, 3 წლამდე ბავშვები, ამ ასაკობრივ კატეგორიაში რისკები არის, რომ მაღალი ცხელების ფონზე სხვადასხვა გართულებები განვითარდეს. ესაა ძირითადად განმასხვავებელი სხვა შტამებისგან და ამის გამო არის გაზრდილი მიმართვიანობა ჰოსპიტლებში ომიკრონის დროს. კარგი რაც აქვს ომიკრონს, შედარებით დელტასგან, ისაა, რომ ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანების ალბათობა ბევრად დაბალია.
- რა დარიგებებს მისცემთ დედებს, რას მიაქციონს ყურადღება?
- პირველ რიგში, ცხელების ნუ შეეშინდებათ. საყურადღებოა, თუ ტემპერატურული რეაქცია ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტ ხანს, ვგულისხმობ, 38-ზე მაღალ ტემპერატურას, მიმართონ ექიმს. თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებას, თუ ბავშვი ვერ არის აქტიური, არ იღებს საკვებს, სითხეს, ძილიანობა გამოიხატება, აუცილებელია დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. თუ ბავშვს აქვს ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნები, ანუ აქვს ხმაურიანი სუნთქვა, უჭირს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ეს ის ნიშნებია, რასაც აუცილებლად დროულად უნდა მიექცეს ყურადღება.
- რაც შეეხება პოსტომიკრონულ გართულებებს, ამაზე რას გვეტყვით?
- მინდა, ერთი განმარტება გავაკეთო, ხშირად მესმის ხოლმე, - კოვიდი და ომიკრონი გადავიტანეო, ისე ამბობენ, თითქოს სხვადასხვა ვირუსები იყოს. ეს ასე არ არის. ომიკრონმა მრავალი მუტაციის შედეგად იცვალა სახე, თვისებები, მაგრამ ის მაინც არის კოვიდის გამომწვევი ერთ-ერთი შტამი და შესაბამისად, პოსტკოვიდური გართულებები და პოსტკოვიდური სინდრომი ომიკრონსაც ისევე ახასიათებს, როგორც მის წინამორბედ შტამებს. უბრალოდ შეიძლება შეიცვალა ინტენსივობა, ან სიმპტომები. ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, ვგულისხმობ ომიკრონის შტამს, უხანგრძლივდებათ დაღლილობა, მშრალი ხველა, ყელის სიმშრალე, ეს სიმპტომები საყურადღებოა და არა საგანგაშო. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ეს სიმპტომები 2-3 კვირაში ალაგდება. არ სჭირდება ჩარევა. საუბედუროდ, ასეთ დროს სხვადასხვა მედიკამენტები არ გვაძლევენ შედეგს, იმიტომ, რომ პოსტინფექციური ხველა არ ექვემდებარება მკურნალობას. თუ ამ სიმპტომებს აქვს მზარდი ხასიათი, ეს უკვე საყურადღებოა და ექიმს უნდა მიმართოთ. თუ ახალი სიმპტომები წამოვიდა - ტემპერატურის რეაქცია, ან ქოშინი, ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, ან კიდურების დაბუჟება, მეხსიერების პრობლემა, მხედველობის პრობლემა და თუ ეს სიმპტომები მზარდია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
განაგრძეთ კითხვა