"უნდა ვიყიდოთ თუ არა იოდის პრეპარატები აფთიაქში? - არა. უნდა დავიწყოთ თუ არა იოდის პრეპარატების მიღება წინასწარ, რადიაციული ზიანის თავიდან ასაცილებლად - არა" - ამ ტექსტით აქვეყნებს ვიდეოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში და საზოგადოებას უხსნის, რატომ არ უნდა შეიძინონ იოდის პრეპარატები. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა და ევროპა ახალი კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. ასევე, მუდმივად საუბრობენ ატომურ ომზე. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში მოქალაქეები ერთმანეთს იოდის შეძენასა და მის გამოყენებას ურჩევენ, თუ რადიაქტიური დაბინძურების საფრთხე გაჩნდება.
არჩილ მარშანია განმარტავს:
- არასწორად გავრცელდა ინფორმაცია იოდის პრეპარატების შესახებ და როგორც ამბობენ, ევროპაში და საქართველოშიც აფთიაქებში მოთხოვნა გაიზარდა, რაც შეცდომაა. გავრცელებული ინფორმაციით, თუ იოდის ტაბლეტებს დავლევთ, ის რადიაციისგან დაგვიცავს და მშვიდად ვიქნებით. ასე ნამდვილად არ არის. გეტყვით სამ მიზეზს, რატომ არ უნდა იყიდოთ კალიუმის იოდიდი აფთიაქებში და მით უმეტეს, რატომ არ უნდა დალიოთ ის. სხვადასხვა კომენტარში შემხვდა, რომ ერთმანეთს ასწავლიდნენ, იოდის ხსნარი როგორ უნდა გააზავონ წყალში და დალიონ. ბავშვების დოზებზეც საუბრობდნენ. არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ!
- კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ რადიაქტიური იოდის გამოსხივებისგან და არა ზოგადად რადიაციისგან. ის ზოგადი რადიაციული დამცავი აგენტი არ არის.
- კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ თირეოიდულ ჯირკვალს და არა მთლიანად ჩვენს ორგანიზმს და სხვა ორგანოებს. ის სუპერმენი არ არის.
- თუკი მაინც მოხდა რადიაციული დაბინძურება რადიაქტიური იოდით, ამ შემთხვევაში, დოზირება ძალიან ფრთხილად ხდება. ეს დოზირება, აფთიაქში რაც იყიდება, იმასთან არაფერ შუაშია. მეორე, კილოგრამ წონაზე გათვლით, ასაკით და ასე შემდეგ დგინდება. დოზირება ფრთხილად იმიტომ ხდება, რომ მას უამრავი გვერდითი მოვლენა აქვს. არასწორად მიღებულმა იოდის პრეპარატებმა, მით უმეტეს, ჰიპერდოზირებამ, შეიძლება ძალიან მწვავე რეაქცია გამოიწვიოს. მათ შორის, სიკვდილიც კი. ამიტომ, დაივიწყეთ. ეს არის უბრალოდ პანიკა.
იოდის წყალში გაზავებასა და მის დალევაზე აღარაფერს ვამბობ. ასეთი რაღაც არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. რა თქმა უნდა, სამხედრო ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ, ლოგიკურად რომ მივყვეთ: ბირთვული ომი ასე არ ხდება, ვიღაცამ ჩრდილოეთში ღილაკს ხელი დააჭიროს და ის ჩვენ დაგვეცემა თავზე. თუკი ჩვენ, ამ დარგში არაპროფესიონალი ადამიანები, ვგრძნობთ საფრთხეს, ის სპეცსამსახურები, რომლებიც წლების განმავლობაში ამაზე მუშაობენ, მათი საქმე ეს არის, მათ უკეთესად იციან, მზაობაც აქვთ და თუ რაღაც მოხდება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და ყველას მიეცემა ინსტრუქცია. მაგრამ, არაფერი მსგავსი არ მოხდება. ყველაფერი კარგად იქნება და საპანიკო არაფერია. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მოკლედ, ნუ ყიდულობთ იოდის პრეპარატებს. ის, ჯერ ერთი, არაეფექტურია და ასევე, პოტენციურად, შეიძლება სახიფათოც იყოს.