თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ბავშვებიც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილებებთან, თამაშობენ, სწავლობენ ან თანატოლებს ეკონტაქტებიან. სამწუხაროდ, ბევრ მშობელს უჭირს ზღვარის გავლება, სად მთავრდება ბავშვებისთვის გაჯეტების აუცილებელი საჭიროება და საიდან იწყება ეკრანდამოკიდებულება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის ფონზე გახდა, როდესაც სწავლება სკოლებში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბაღები დაკეტილი იყო. ნეიროფსიქოლოგი მარიკა არევაძე Mshoblebi.ge-ს მკითხველს უყვება, რას გულისხმობს სინამდვილეში ეკრანდამოკიდებულება, რა იწვევს მას და მშობლებს სთავაზობს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რითაც პრობლემისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას შეძლებენ: - ეკრანდამოკიდებულება ეს არის ტელევიზორზე ან გაჯეტზე (აიპედი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ.) მიჯაჭვულობა, რაც აზიანებს ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს. აქ მოიაზრება: ძილის, კვების, პირადი ჰიგიენის დაცვის, აკადემიური მიღწევის, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა და ა.შ. ამ განმარტებით, ეკრანდამოკიდებულება განისაზღვრება არა მხოლოდ ეკრანთან გატარებული წუთებისა და საათების გამოთვლით, არამედ მისი მავნე ზეგავლენის ხარისხის შეფასებით ბავშვის ყოველდღიურობაზე, ჩვეულ ფუნქციონირებაზე. უნდა გვახსოვდეს, თუ ბავშვი რეკომენდებულ დროზე (იგულისხმება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ან ამერიკის პედიატრთა ასოციაციის სტანდარტი) უფრო დიდ დროს ატარებს ეკრანთან, ის ეკრანდამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკჯგუფშია. ამის საპირისპიროდ, შესაძლოა ეკრანთან გატარებული დრო არც აღემატებოდეს რეკომენდებულს, მაგრამ იგი მაინც არღვევდეს ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების ხარისხს (ასეთია რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები, მაგალითად სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ბავშვები). სხვა განმარტებით, ეკრანდამოკიდებულებას ადგილი აქვს მაშინ, როცა "გვიყენებენ გაჯეტები, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ისინი".საინტერესოა, რომ ეკრანდამოკიდებულება, უფრო სწორად კი ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება, კლინიკური აშლილობების რიცხვშია შეყვანილი და თავისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებიც კი აქვს (DSM-5, 2013). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO, 2019) რეკომენდაციით:
5 წლამდე ასაკის ბავშვები ჯანმრთელები რომ გაიზარდონ, აუცილებლად ნაკლები დრო უნდა გაატარონ ეკრანებთან მჯდომარე პოზიციაში, კარგად უნდა ეძინოთ და ხშირად უნდა დაკავდნენ აქტიური, მოტორული თამაშებით (WHO, 2019). ამ რეკომენდაციით, WHO ბავშვის ჯანმრთელი მომავლისთვის (ფიზიკური განვითარებისთვის და ხარისხიანი ძილისთვის) ერთ-ერთ მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად მოიაზრებს ეკრანთან გატარებულ დროს. სწორედ ამიტომ არის ასეთი პრინციპული საკუთარ პოზიციაში. 5-6 წლის და სასკოლო ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი, რეკომენდებული დღიური ნორმა არ აღემატება ორ საათს (რაც ნაკლები, მით უკეთესი). თანამედროვე ციფრული ეპოქის პირობებში, კი, ყველა ადამიანი, განურჩევლად ასაკისა იყენებს გაჯეტს, თქვენ სწორად შენიშნეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მშობელმა არ უნდა დააწესოს ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტი. პირიქით, ეკრანთან გატარებული ლიმიტის დაწესება რეკომენდებულია და უფრო მეტიც, აუცილებელიცაა. WHO-ს რეკომენდაციით, 5 წლამდე ასაკის ბავშვი დღეში მინიმუმ 3 საათი უნდა იყოს დაკავებული აქტიური მოტორული თამაშებით. 1-2 წლის ასაკის ბავშვს უნდა ეძინოს დღე-ღამეში 11-14 სთ, ხოლო 3-4 წლის ასაკის ბავშვს კი 10-13 სთ.
- მრავალმხრივი, მათ შორის: ოფთალმოლოგიური ხასიათის პრობლემები, ჭარბწონიანობა, ძილის დარღვევა, კვების ჩვევის დარღვევა, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, პრობლემები სწავლაში, სენსორული ინტეგრაციის სირთულეები, ერთობლივი და წარმოსახვითი თამაშის სირთულეები, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სირთულეები (უპირატესად რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვებისთვის), თვითრეგულაციის უნარის დარღვევა. ეს უკანასკნელი გულისხმობს მისაღწევი მიზნის დასახვას, მიზნის მისაღწევი საფეხურების დაგეგმვას, მიზნის მიღწევაზე კონცენტრაციის შენარჩუნებას შინაგანი და გარეგანი დისტრაქტორების პირობებში, დაგეგმილი საფეხურების განხორციელებას და მიღწეული შედეგის მონიტორინგს/გაკონტროლებას. უნდა აღინიშნოს რომ ბავშვის/ზრდასრულის ფუნქციონირების თითოეული სფეროსთვის თვითრეგულაციას (აღმასრულებელ ფუნქციებს) კრიტიკული მნიშნველობა აქვს და ხშირად განსაზღვრავს აკადემიურ, პროფესიულ და სოციალურ მიღწევებს. "ბავშვებს სჭირდებათ სოციალური ინტერაქცია და არა ეკრანთან ინტერაქცია" (ამერიკის პედიატრთა ასოციაცია). ეკრანდამოკიდებულ მოზარდებში ნეიროვიზუალური კვლევები მიუთითებენ ინფორმაციის გადამუშავების დაქვეითებულ უნარსა და იმპულსის დამუხრუჭების პრობლემაზე (Dong & Devito 2013), წამახალისებლის/ჯილდოს მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე და დანაკარგის მიმართ დაქვეითებულ მგრძნობელობაზე (Dong & Devito 2013),თავის ტვინის პათოლოგიურ აქტივობაზე, რაც კავშირშია დავალებასთან გამკლავების მწირ უნარებთან(Yuan 2011). იგივე ნეიროვიზუალური კვლევები ავლენენ ეკრანდამოკიდებულების მავნე ზეგავლენას თავის ტვინის ქსოვილზეც, შუბლის წილის ატროფიისა და თავის ტვინის ქერქის გათხელების სახით (Yuan, 2013).
- ეკრანდამოკიდებულების ჩამოყალიბება რამდენიმე რისკ-ფაქტორთანაა შეჭიდული. მათ შორის: ძალიან დაკავებული მშობლები, მარტოხელა მშობელი, ბავშვის სოციალური უნარების პრობლემა, ბავშვის თვითშეფასების პრობლემა, ოჯახის დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ბავშვის გასართობი ალტერნატივების არარსებობა, ქცევის არასწორი მოდელი სახლში (ოჯახის უფროსი წევრების ეკრანდამოკიდებულება). კვლევები მიუთითებენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვის დაკავების ალტერნატივის არარსებობამ (მაგ. საბავშვო ბაღების და სკოლების დაკეტვა) მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკრანთან გატარებული დროის ზრდას, იმ ფონზე, რომ მშობელს კვლავ უწევდა დისტანციურად მუშაობა. ხოლო დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვების ეკრანთან გატარებული ჭარბი დროის მიზეზად მკლვევარები მოიაზრებენ მშობლის მცდელობას, დაიცვას საკუთარი შვილი მეზობელი ბავშვების/ოჯახების არასახარბიელო ზეგავლენისგან.
- ეკრანდამოკიდებულება ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ რისკფაქტორად გვევლინება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, იმპულსის მართვის პრობლემა, ჭარბი მოტორული აქტიურობა, მეტყველების დაგვიანება, თანატოლებთან სკოლამდელი ასაკის ბავშვთან თამაშის და ზოგადად - გარემოს შემეცნების დაქვეითებული ინტერესი/ნაკლები ცნობისმოყვარეობა, ძილის პრობლემა, კვების პრობლემა, სოციალური კომუნიკაციის პრობლემა, დაქვეითებული გუნება-განწყობა (სოციალური იზოლაციის შედეგი, ყოველდღიური ფუნქციონირების ხარისხის დაქვეითების შედეგი) და ა.შ.
- თანამედროვე განსაზღვრებით, ბავშვის ეკრანთან კომუნიკაცია მაშინ წარმოადგენს პრობლემას, როდესაც მას აქვს აკვიატებული, გადაჭარბებული, კომპულსიური და იმპულსური ხასიათი (Lodha, 2018). ბავშვი ხშირად ცრუობს ეკრანთან ურთიერთობისთვის, დაუკითხავად იღებს ოჯახის წევრების გაჯეტებს, მთელ დღეს ატარებს საკუთარ ოთახში ჩაკეტილი - ციფრულ ტექნიკასთან ერთად. ვერ ახერხებს მეცადინეობას, რჩება გამოუძინებელი, ვერ ასწრებს მისთვის საინტერესო წრეებზე წასვლას, ოჯახური გასვლითი აქტივობების დროს ამჯობინებს სახლში დარჩენას, ეკრანთან; უარს ამბობს სკოლაში/ბაღში წასვლაზე სახლში გაჯეტთან ურთიერთობის სურვილის გამო. იმისთვის რომ მშობელმა მარტივად ამოიცნოს ბავშვის ეკრანთან ურთიერთობის პრობლემურობა, სარა დომოფმა და კოლეგებმა (Sarah Domoff t al., 2019) შექმნეს ეკრანთან პრობლემური ურთიერთობის სკრინინგ კითხვარი 4-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ამ კითხვარში 9 დებულებაა. მშობელმა, ბავშვის ქცევის გათვალისწინებით, უნდა შეფასოს თითოეული დებულება 1-დან 5 ქულამდე. 1=არასდროს; 2= იშვიათად; 3= ხანდახან; 4 = ხშირად; 5= ყოველთვის. ამ დებულებებში უპირატესად 4 ქულიანი ან 5 ქულიანი პასუხები მიანიშნებს ბავშვის შესაძლო ეკრანდამოკიდებულებაზე და სპეციალისტთან კონსულტაციის საჭიროებაზე.
- პანდემიის პირობებში პრობლემა მხოლოდ დამძიმდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვების ეკრანთან გატარებული დრო. მშობლები აღნიშნავენ, რომ სოციალური იზოლაციით, დისტანციური სწავლებით და გაზრდილი ეკრანული დროის დამსახურებით, რისკჯგუფში მყოფ ბავშვებში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა სოციალური კომუნიკაციის და ემოციური ხასიათის პრობლემები (მაღალი შფოთვა, თვითშეფასების პრობლემები) მათ შვილებში, განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში, გახშირდა დაქვეითებული გუნება-განწყობა, ინდიფერენტულობა. მკაცრი შეზღუდვების დროს, რამდენიმე მშობელმა აღნიშნა, რომ მათი შვილები არ დგებოდნენ საწოლებიდან, იქვე ჭამდნენ, სწავლობდნენ, თამაშობდნენ და ეძინათ - თუმცა არეული ჰქონდათ ძილ-ღვიძილის ფაზები. პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, პირადი დაკვირვების მიხედვით, გარკვეულწილად დავიწროვდა ბავშვების ინტერესები, გაიზარდა სტერეოტიპული ქცევების სიხშირე, ბავშვები გახდნენ კოგნიტური თვალსაზრისით ნაკლებად მოქნილნი. ეკრანთან გატარებული ჭარბი დროის და დისტანციური სწავლების ფონზე, გამოიკვეთა წერა-კითხვის უნარის დაგვიანებით ათვისების ტენდენციაც. ბავშვები გახდნენ მეტად დათრგუნულები, ფრთხილები, უჭირთ უცხო გარემოსთან/ადამიანებთან ადაპტაცია.
- 2 წლიდან, დღეში მაქსიმუმ 1 საათით (რაც ნაკლები, მით უკეთესი) და აუცილებლად კოოპერაციულ რეჟიმში (მშობელი უხსნის ბავშვს ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს). ერთობლივი აქტივობის და გაზიარებული ყურადღების თვალსაზრისით, ბავშვის მობილურ ტელეფონთან ერთი-ერთზე ურთიერთობას ჯობს თუ მთელი ოჯახი, ან ბავშვი და მშობელი ერთად უყურებენ ტელევიზორს. წესად ქცევისთვის, აუცილებელია პირველ რიგში თავად მშობელმა დაიცვას ეს წესი და არ დაუშვას გამონაკლისები დამატებითი ეკრანული დროის სახით მაშინ, როცა მისთვის არის მოსახერხებელი. ამ გამონაკლისებს ბავშვი არასწორად განაზოგადებს და ექნება პროტესტი ეკრანული დროის ლიმიტირებაზე. წესების ჩამოყალიბებაზე მუშაობისას უფროსის ქცევა უნდა იყოს მაქსიმალურად რუტინული და ბავშვის მიერ პროგნოზირებადი.
- დიახ, აკრძალვა გამოსავალია. თუმცა, მხოლოდ აკრძალვა არ არის ეფექტური. ვინაიდან, ეკრანდამოკიდებულება არცთუ ისე იშვიათად ნიღბავს ბავშვის სხვა პრობლემებს. ბავშვის ეკრანდამოკიდებულების ეფექტურად მართვისთვის:
რა არის ბავშვის ეკრანდამოკიდებულების მიზანი? უდევს თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა საფუძვლად? მაგალითად: სოციალური კომუნიკაციის სირთულე; დაბალი თვითშეფასება; ან იქნებ საშინაო დავალების მომზადების გადავადების მცდელობა, ვინაიდან ვერ უმკლავდება სასწავლო პროგრამას ფსიქიკური განვითარების გარკვეული თავისებურებების გამო. ეს ინფორმაცია მშობელმა შეიძლება მიიღოს ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით და ბავშვთან გასაუბრებით (მასთან ერთად უყუროს ბავშვისთვის საინტერესო ვიდეობს, უბრალოდ ჰკითხოს რატომ მოსწონს ეკრათან დროის გატარება და ა.შ.). მას შემდეგ რაც გარკვეულწილად დადგენილია ბავშვის ეკრანთან კომუნიკაციის მიზანი, მშობელმა უნდა ეძებოს ამ მიზნის დამკაყოფილების ალტერნატიული გზები, ეკრანის გვერდის ავლით. ზოგჯერ ხდება, რომ არ ჩანს კონკრეტული მიზანი, რის გამოც ბავშვი ეკრანს არის მიჯაჭვული, არც რამე პრობლემა იმალება ამის უკან. ამ შემთხვევაში, საჭიროა ეკრანის გამოყენებასთან დაკავშირებული მკაფიო ქცევის წესების შემუშავება ოჯახში და ამ წესების დაცვა. ბავშვებს მოსწონთ წინასარმეტყველებადი გარემო, უყვართ როდესაც მათ ეკითხებიან აზრს.
რა დრო მიაჩნია მას ეკრანთან ყოველდღიური კომუნიკაციის ოპტიმალურ დროდ ? სამუშაო დღეებში 1.5 საათამდე დასახელებული ყველა დრო მისაღებია. იმ შემთხვევაში თუ ბავშვის პასუხი სცდება რეკომენდებულ დროს, მაშინ თქვენ თავად აწესებთ ლიმიტს. შეათანხმეთ ბავშვთან, რა ჯილდო ელის მას კვირის ბოლოს წესის დაცვის შემთხვევაში და რა სასჯელი ელის - წესის დარღვევის შემთხვევაში. იყავით თანმიმდევრული, ნუ დანებდებით ერთი და ორი მცდელობის შემდეგ. მოერიდეთ ძალიან მკაცრ და ბუნდოვან აკრძალვებს, მაგალითად „ვერასდროს მიიღებ ტელეფონს/კომპიუტერს“ - ეს განუხორციელებელი წესია, რომლის დარღვევაც თქვენ თავად მოგიწევთ მინიმუმ იმისთვის, რომ ბავშვმა ინტერნეტთან დაკავშირებული საშინაო დავალების ამოხსნა მოახერხოს. იყავით ზომიერი შეზღუდვებში და მიზნად აიღეთ უფრო რეალური/განხორციელებადი ლიმიტი.
სასურველია, თუ სასკოლო ასაკის ბავშვს ექნება კარგად განსაზღვრული, თანმიმდევრული აქტივობებით გაწერილი ვიზუალური ცხრილი. ამ ცხრილში, ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს უნდა იყოს დატანილი ეკრანთან კომუნიკაციის საათიც. ეტაპობრივად, წამზომის კონტროლი შეგიძლიათ თქვენს შვილსაც მიანდოთ - ეს თვით-რეგულაციის უნარს გამოუმუშავებს მას.
იყავით სასურველი ქცევის (ეკრანთან შეზღუდული დროის გატარების) რაციონალური მოდელი - თქვენ თავად თქვით უარი მობილურ ტელეფონზე სადილობისას, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისას, ან საწოლში ყოფნისას.
თამარიაკობაშვილი