"კოსმეტიკური საშუალებებით აკნე არ იკურნება... ყველაზე სახიფათო აკნეს დროს ნაწიბურების გაჩენაა" - რა უნდა იცოდეთ მოზარდებში აკნეს გამწვავებასა და მკურნალობაზე - მშობლები
მოზარდებში აკნე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რასაც ხშირად განიცდიან და სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას მიმართავენ. დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, რა იწვევს აკნეს, როგორ უნდა მოვუაროთ გამონაყარს და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება:
- აკნეს შემთხვევაში გამომწვევი მექანიზმი ყოველთვის ერთი და იგივეა - ესაა ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი მუშაობა, რომელიც, სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად სწორედ თინეიჯერულ ასაკში იწყება. თუმცა, შესაძლებელია, რომ მოზარდობის ასაკში არ ჰქონდეს ადამიანს მსგავსი ტიპის პრობლემა და შემდგომ განუვითარდეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მექანიზმი ყოველთვის ერთი და იგივეა. მომწიფების პერიოდის დროს, სხეულში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მაპროვოცირებელი, გამამწვავებელი ფაქტორი იმისა, რომ ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია დაიწყოს. განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის პაციენტებში. თუმცა, შესაძლებელია, აკნესთან და გამონაყართან ერთად სხვა ტიპის პრობლემებიც გამოვლინდეს. კერძოდ, გოგონებში - სხვადასხვა ტიპის ჰორმონალური დარღვევები, გინეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი და ასე შემდეგ.
- წინასწარ შესაძლებელია ანალიზების გაკეთება და მიზეზის დადგენა?
- ანალიზები, როგორც წესი, აკნეზე არ კეთდება. ერთადერთი ანალიზი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის მხოლოდ მდედრობითი სქესის პაციენტებში ჰორმონებზე, ისიც იშვიათად კეთდება იმიტომ, რომ კლინიკური მნიშვნელობა მას არ აქვს. მამაკაცის ჰორმონების სიჭარბემ მდედრობითი სქესის პაციენტებში შეიძლება აკნეს განვითარება განაპირობოს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი ნორმაში იყოს, მაგრამ კანის ჰიპერმგრძნობელობა ჰქონდეთ და ცხიმოვანი ჯირკვლები სწრაფად რეაგირებდნენ. ამიტომ, არსებითი კლინიკური მნიშვნელობა ანალიზების გაკეთებას არ გააჩნია. შესაძლებელია, ანალიზების გარეშე, პირდაპირ სხვადასხვა ტიპის მკურნალობა დაინიშნოს.
- აკნე მოზარდობის ასაკში ბიჭებში უფრო ხშირია თუ გოგონებში?
- სტატისტიკურად, თინეიჯერულ ასაკში აკნე გოგონებსა და ბიჭებში დაახლოებით ერთნაირი პრევალენტობით ხასიათდება. თუმცა, შემდგომ ასაკში ქალები მკვეთრად უსწრებენ კაცებს.
- უშუალოდ გამონაყარს როგორ უნდა მოვუაროთ?
- გამონაყარი აუცილებლად უნდა შეაფასოს დერმატოლოგმა და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის აკნეა. მოვლის საშუალებებით აკნეს მკურნალობა არ ხდება. ხშირად ამასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია ვრცელდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კოსმეტიკური საშუალებებით აკნე არ იკურნება. ზოგჯერ აკნესთვის დანიშნულ მკურნალობას, სხვადასხვა მედიკამენტს განსხვავებული ეფექტი ახასიათებს. მაგალითად, კანის გამოშრობა და იმის გამო, რომ ეს პრობლემა მკვეთრად არ იყოს გამოხატული, ამ შემთხვევაში პაციენტს დამატენიანებელი საცხის გამოყენება სჭირდება, რომელიც აუცილებლად არაკომეტოგენური უნდა იყოს. ასევე, დასაბანი საშუალება იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, რა მკურნალობაც ინიშნება. დასაბანი საშუალების შერჩევისას სხვადასხვა ფაქტრორი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ დანიშნულია აკნეს სამკურნალო გარეგანი გამოყენების პრეპარატები, რომლებსაც, როგორც ვთქვი, გამოშრობის ეფექტი ახასიათებს, მათთან ერთად თუ ავარჩიოთ ისეთი დასაბანი საშუალება, რომელშიც შეიძლება სალიცილის მჟავა შედიოდეს, სალიცილის მჟავაც ზედმეტად აშრობს კანს, ამიტომ, შეიძლება ზედმეტი გამოშრობის ეფექტი მივიღოთ. მსგავსი საშუალებები სწორად უნდა შევარჩიოთ. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს მოვლის საშუალებები და მედიკამენტები. აკნეს დროს ყოველთვის საჭიროა, სამკურნალო საშუალება დაინიშნოს, რომელიც შეიძლება როგორც გარეგანი გამოყენების იყოს, ასევე დასალევი პრეპარატი. აკნეს დროს რაც უფრო სწრაფად დაინიშნება მკურნალობა, მით უკეთესია. ამიტომ, ის მიდგომა, რომ ეს გარდატეხის ასაკის გამონაყარია და თავისით გაივლის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არასწორია. რაც უფრო მალე ვუმკურნალებთ, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ შევაჩეროთ და მსუბუქი ფორმიდან არ გადავიდეს საშუალო ან რთულ ფორმაში და მერე ნაწიბურები არ გაჩნდეს. ყველაზე სახიფათო აკნეს დროს ნაწიბურების გაჩენაა, იმიტომ, რომ მისი სრულად მოშორება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, შეიძლება ისეთი მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ, რომელიც შეიცავს მაგალითად ალფა და ბეტა ჰიდროქსის მჟავებს. თუმცა, მათი გამოყენების შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ. არასწორი ინსტრუქციის შემთხვევაში, შესაძლოა პირიქით, კანის სერიოზული გაღიზიანება გამოვიწვიოთ. ამიტომ, როგორ და რა ფორმით უნდა მივმართოთ, ამ შემთხვევაშიც სწორი რეკომენდაცია სპეციალისტისგან უნდა მივიღოთ. ყველაზე ხშირად, პრაქტიკაში აკნეს გართულებას მექანიკური გაღიზიანება იწვევს, როდესაც პაციენტი თავად აღიაიზნებს, ხელით ზედმეტად ეხება გამონაყარს ან კოსმეტოლოგიურ პროცედურებს მიმართავს. კოსმეტოლოგიური პროცედურებიდან ყველაზე ხშირი სახის წმენდაა. ზოგადად, სახის წმენდა აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდია და არაფრისმომცემი. როგორც წესი, ის დამატებით პრობლემებს ჰქმნის. მე მას საბჭოთა მეთოდს ვუწოდებ. სახის წმენდაში პილინგი არ იგულისხმება, რომელიც სხვადასხვა ტიპის პრობლემის დროს გამოიყენება, მათ შორის, ნაწიბურების ვიზუალის გამოსწორებისთვის. მაგრამ, სახის წმენდის პროცედურები, როდესაც მექანიკური ჩარევა ხდება, აბსოლუტურად გაუმართლებელია.
- კოსმეტიკური საშუალებები რამდენად იწვევს აკნეს?
- როგორც აღვნიშნე, თუ თინეიჯერულ ასაკში აკნე გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი თანაფარდობით გვხვდება, შემდგომ პერიოდში, სტატისტიკურად, გოგონები მკვეთრად უსწრებენ. იმიტომ, რომ ქალები უკვე იწყებენ სახეზე სხვადასხვა ტიპის საცხების გამოყენებას. გიდასტურებთ, რომ სხვადასხვა ტიპის საცხების გამოყენება, რუტინა, მოვლის საშუალებების გრძელი სია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც წესი, პრობლემას ქმნის. ასეთმა საშუალებებმა შესაძლებელია აკნეს განვითარების პროვოცირება გამოიწვიონ. მით უმეტეს, როცა ისინი ძლიერ კომეტოგენურ ინგრედიენტებს შეიცავენ. კომეტოგენური ინგრედიენტების ჩამონათვალი ძალიან გრძელია.
- მოზარდობის ასაკში ბიჭებში წვერის გაპარსვას აკნეს გამოწვევა შეუძლია?
- გაპარსვამ შესაძლებელია პროვოცირება მოახდინოს აკნეს გამწვავების. შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს აკნე და გაპარსვით გამწვავდეს. ასევე, გაპარსვის დროს შესაძლოა თმის ფოლიკულის ანთება განვითარდეს, რაც სხვა დიაგნოზია. წვერის გაპარსვას, ასევე ეპილაციას აკნეს გამოწვევა არა, მაგრამ გამწვავება შეუძლია.