ბოლო პერიოდში პედიატრები საუბრობენ, რომ მშობლები კალენდარულ აცრებზე უარს ამბობენ და შვილებს გეგმიურ ვაქცინაციას აღარ უტარებენ. ბევრი ამ ფაქტს კორონავირუსის გადადების მომატებული რისკით ხსნის, ნაწილი კი მიზეზად ვაქცინაციისადმი უნდობლობას ასახელებს. არადა, ეს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა და რისკი, დიდი ხნის წინ დამარცხებული ინფექციები ისევ მასობრივი გახდეს. პედიატრი, მედიცინის დოქტორი
თამარ ობგაიძე გვესაუბრება, რატომ არ არის რეკომენდებული გეგმიური აცრების გადავადება ან გამოტოვება:
- ამერიკის პედიატრიის აკადემია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად საუბრობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მასიურად, ძალიან ბევრ ქვეყანაში გეგმიური ვაქცინაციის გადადება ხდება, ან კიდევ საერთოდ არ მიდიან ასაცრელად და ამას ხსნიან იმ შიშით, რომ ბავშვს კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებაში არ დაემართოს. ამას ბოლო პერიოდში თავადაც ხშირად შევნიშნავ და მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ გეგმიური ვაქცინაციის გადადება რეკომენდებული არ არის იმიტომ, რომ ეს დამატებით სხვა ინფექციების აფეთქების საშიშროებას ჰქმნის. აქედან გამომდინარე, ჯობს, რომ ვაქცინაცია განსაზღვრულ დროს ჩატარდეს, უბრალოდ პაციენტების განცალკევებაზე ვიზრუნოთ. თუ თქვენ ვაქცინაციაზე მიდიხართ, ექიმთან წინასწარ დროზე შეთანხმდით, რომ ბევრი კონტაქტი თავიდან აირიდოთ. როგორც აღვნიშნე, ვაქცინაციის ჩავარდნა შესაძლებელია, დაკავშირებული აღმოჩნდეს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების გავრცელების მომატებულ რისკთან, რომლებიც, საბედნიეროდ, ვაქცინით მართვადია. მაგალითად, წითელა, წითურა, ყბაყურა და სხვა. შესაძლოა, ბავშვს დაემართოს, მაგალითად, წითელა, რომლის შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრი იყო ქვეყანაში. ამიტომ, ეს რომ ავიცილოთ თავიდან და დავიცვათ ჩვენი შვილები სხვადასხვა გართულებისგან, გვახსოვდეს, რომ კოვიდის გარდა სხვა ინფექციებიცაა. ამისგან თავდასაცავად გვაქვს გეგმიური აცრები, რომელთა გადავადებაც ნამდვილად არ ღირს გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ ბავშვს მოცემულ მომენტში რაიმე მწვავე დაავადება აქვს, რომელიც აცრის უკუჩვენებაა ან ვაქცინაციის სხვა უკუჩვენებები აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში, პედიატრთან შეთანხმებით, გეგმიური აცრის გადავადება შესაძლებელია. მაგრამ, სტანდარტულ შემთხვევაში, ვაქცინაციის გამოტოვება, რეკომენდებული არ არის.
თამარ იაკობაშვილი