თუ ბებიები ხშირად გაძლევენ შენიშვნას, ნერვიულობენ იმის გამო, რომ ბავშვი გამხდარია, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს პრობლემა აქვს - მაშინაც კი, თუ მისი წონა ასაკს ჩამორჩება. ბევრი დედაც დარწმუნებულია, რომ მის შვილს ასაკის შესაბამისი წონა უნდა ჰქონდეს, თუმცა, ხშირად ამ პარამეტრების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. როდის არის სიგამხდრე ნორმა და როდისაა საყურადღებო - სპეციალისტები განმარტავენ:
როდესაც ბავშვი მუდმივად უარს ამბობს საკვებზე ან ჭამს პატარა ულუფებს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მისი უნარებისა და განვითარების ასაკის მიხედვით შეფასება. შედეგების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არასაკმარისი კვების გარდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს.
არსებობს არასრულფასოვანი კვების 4 ძირითადი ქვეფორმა:
- გამოფიტვა;
- ზრდის შეფერხება;
- არასაკმარისი წონა;
- ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა.
გასათვალისწინებელია, რომ არასრულფასოვანი კვება ბავშვებს უფრო დაუცველს ხდის ავადმყოფობისა და ვირუსების მიმართ, ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში წონის დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუ ბავშვს რაიმე მძიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს.
მეტაბოლური პროცესები და ზრდის ტემპი ყველაზე აქტიური მცირეწლოვან ასაკშია. თუმცა, სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არასაკმარისი კვების პირობებში შესაძლოა ცილოვან-ენერგეტიკული არასრულფასოვნება და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების დეფიციტი განვითარდეს. ხანგრძლივმა პროცესმა, რომელიც არასაკმარის კვებას უკავშირდება, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი შედეგები:
- ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება;
- მეტყველებისა და კოგნიტური უნარების შეფერხება;
- იმუნიტეტის პრობლემები, მაღალი ინფექციური ავადობა.
როგორ გავარკვიოთ, ბავშვი საკმარისად იკვებება თუ, პირიქით - აკლია კვება
სხეულის წონის ნამდვილ დეფიციტს ჰიპოტროფია ეწოდება. ეს დიაგნოზი ძალზე იშვიათია. მოდი გავარკვიოთ, რომელ შემთხვევაშია მართლაც გამართლებული მშობლების შეშფოთება ბავშვის სიგამხდრეზე.
არასწორი კვების შესახებ დასკვნების გაკეთებამდე აუცილებელია შეაფასოთ:
- რა წონით დაიბადა ბავშვი, ან ორსულობის მერამდენე კვირას დაიბადა, ხომ არ იყო დღენაკლული;
- როგორები იყვნენ მშობლები ბავშვობაში - ფიზიკურობა, გენეტიკური მიდრეკილება სიგამხდრეზე;
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებების არსებობა;
- ბავშვის უნარები ასაკის მიხედვით, მისი აქტიურობა და განწყობა.
თუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი შვილი საკმარისად არ ჭამს და აშკარად წონის დეფიციტს განიცდის, მაშინ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც შეაფასებს ბავშვს არა გარეგნულად, არამედ სპეციალური ცხრილების მიხედვით, რაც ზუსტი და ობიექტურია.
მაშინაც კი, თუ თქვენი შვილის წონა არ ჯდება საშუალო მნიშვნელობებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის დეფიციტს განიცდის. უმეტეს შემთხვევაში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის პატარაა.
როგორ ავიცილოთ თავიდან კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შერჩევითი მადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეულ პროდუქტებს ჭამს, აუცილებელია პედიატრთან ან დიეტოლოგთან განიხილოთ მისი მენიუ და შეადგინოთ იმ პროდუქტებით, რაც უყვარს. ზოგჯერ კვების პრობლემა დაკავშირებულია ყოველდღიურ რუტინასთან: ბავშვმა შეიძლება უარი თქვას ჭამაზე, რადგან საკმარისად არ შია ან კიდევ ეძინება და ჭამა ეზარება.
აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელებიც დაგეხმარებათ თქვენი შვილის კვების პრობლემის მოგვარებაში:
- დაიცავით კვების რეჟიმი: 3 ძირითადი კვება და 2 წახემსება.
- უყიდეთ თქვენს შვილს ფერადი ჭურჭელი, რომ ხალისით მიირთვას.
- დაიცავით ჭამის დროს გარკვეული რიტუალები, მაგალითად, ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობენ ხელსახოცების გამოყენებას, თუ ხედავენ, რომ მათ სუფრის გაწყობისას ყოველთვის იყენებთ.
- ბავშვს შეუძლია მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდეს - ან საჭმელი ან თამაში. ამ მიზეზით, არ უნდა ჩაურთოთ ტელევიზორი, მულტფილმები, ვიდეოები კვების დროს.
- თუ შესაძლებელია, შეუთავსეთ ბავშვის კვება თქვენს საჭმელს, დასვით ყველასთან ერთად სუფრასთან, შესთავაზეთ მას თქვენი თეფშიდან რაიმე (წინასწარ მიუთითეთ ზუსტად ის, რისი შეჭმაც შეუძლია)
- საკვები, რომლის ჭამასაც ბავშვი არ ასრულებს ბოლომდე, ყოველგვარი ნეგატიური კომენტარებისა და ჩხუბის გარეშე, გადადეთ გვერდზე და ნუ გაამახვილებთ ზედმეტ ყურადღებას.
- შესთავაზეთ მრავალფეროვანი საკვები. ის არა მხოლოდ მიაწვდის ბავშვს სასარგებლო ნივთიერებების კომპლექტს, არამედ ჭამას საინტერესო გამოცდილებად აქცევს.
- შეაქეთ! ბავშვებს უყვართ შექება და ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულია.
- ნუ აიძულებთ ჭამას, ეს სწორი კვების ქცევის განვითარებას ხელს არ უწყობს. მშობლების მცდელობამ, რომ რაც შეიძლება მეტი აჭამონ ბავშვებს, თუნდაც ეს არ უნდოდეთ, შესაძლოა კვებითი დარღვევა გამოიწვიოს.
- მისი თანდასწრებით არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორ იკვებება ბავშვი. საკვებზე ფიქსაცია მომავალში კვებითი დარღვევებისკენ (გადაჭარბებული კვება, ბულიმია) მნიშვნელოვანი გზაა. სწორედ ამ მიზეზით, ტკბილეული არ უნდა გამოიყენოთ ჯილდოდ ან წახალისებად.
რატომ უნდა იყოს ბიჭი უფრო გამხდარი, ვიდრე გოგო - ცნობილი პედიატრი უჭმელი ბავშვების შესახებ
"უჭმელი ბავშვის" საიდუმლო: "მშობელმა შეიძლება კვებაში არც კი ჩათვალოს ბავშვის ჩვევა, ისუსნაოს"
"მინდა გასწავლოთ მარტივი ხრიკი იმისთვის, რომ ბავშვის მადა იყოს უფრო კარგი" - ცნობილი პედიატრი "უჭმელი" ბავშვების მშობლებისთვის