ზრდასრულ მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ოცნება ახალგაზრდობის გახანგრძლივება და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინის მონიტორინგი და კვების რაციონის მუდმივი რეგულირება. სწორედ ამ წესის დაცვა ისწავლეს იაპონიის კუნძულ ოკინავას მცხოვრებლებმა, რომლებიც არა მხოლოდ ყველაზე ჯანმრთელ მოსახლეობადაა დასახელებული, არამედ ჭამა მათთვის მთელი რიტუალია, მკაცრი წესებით. ისინი ნელა ჭამენ და საკვების დაახლოებით ოცი პროცენტი თეფშზე რჩება. ასეთი ტექნიკა, ნუტრიციოლოგების აზრით, ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას:
"80/20 წესის მიხედვით, ოკინაველები ნელა ჭამენ, რათა ტვინს პროცესის გასაგებად დრო მისცენ. მსგავსი მიდგომა ზედმეტი ჭამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, რადგან საკვების 20 პროცენტის დატოვებას ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წონის კონტროლისა და სასურველი ფორმის შენარჩუნების დროს." - წერს The American Journal of Lifestyle Medicine.
იაპონიაში საკვები აღიქმება არა როგორც ერთ-ერთ საჭირო საშუალებად, არამედ, პირველ რიგში, წამლად. მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მოხმარებული საკვების ხარისხი მთლიანადაა დამოკიდებულია ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ექიმთან ვიზიტების რაოდენობაზე. 80/20-ის წესი ეხმარება იაპონელებს, რომ შეამცირონ მედიკამენტების გამოყენება და თავიდან აირიდონ მძიმე ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი.
თავად ტერმინი 80/20 საუკუნეების მანძილზე არსებობდა. ის კონფუციანურ პრაქტიკას ემყარება, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს მოუწოდებენ, შეჭამონ იქამდე, სანამ 80%-ით სისავსეს არ იგრძნობენ. არ არსებობს აუცილებელი და მკაცრი შეზღუდვები: უბრალოდ, ოდნავ შეამცირეთ საკვების ულუფა და თეფშზე უფრო მეტი ბოსტნეული და მწვანილი დაამატეთ.
მაგალითად, ოკინაველებს, უყვართ ისპანახი, ტკბილი კარტოფილი და ტოფუ. ასევე, სიამოვნებით მიირთმევენ ღორის ხორცს, თევზს, ფრინველისა და სხვა ხორცს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი რაციონის მცირე ნაწილს შეადგენენ. აქაც მოქმედებს 80/20 წესი: კერძის 80 პროცენტი მცენარეული პროდუქტია, 20 კი ცხოველური ცილა.
იაპონელებს კვებასთან დაკავშირებით სამი "რკინის" წესი აქვთ, რომლებსაც ბავშვებს ძალიან მცირე ასაკიდან ასწავლიან და უფროსებიც იცავენ მოცემულ რეკომენდაციებს:
ჩაანაცვლეთ დიდი ჭურჭელი შედარებით მცირე ზომის საშუალებებით
ძალიან ხშირად მაღაზიაში დიდი ზომის თეფშებს, თასებს შევხვდებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, ლამაზია, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ თეფში ძალიან დიდია, ადამიანს ფსიქოლოგიურად უჩნდება განცდა, რომ სულ უფრო მეტი საკვები გადაიღოს. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნების პრაქტიკაზეც. ამიტომაც, იაპონელების მთავარი წესია, რომ აირჩიონ რაც შეიძლება პატარა თეფში და ვიწრო ჭიქა, რომ ზედმეტის ჭამისგან თავი დაიზღვიონ.
ჭამეთ ნელა
სამწუხარო ფაქტია, რომ რაც უფრო სწრაფად ვღეჭავთ, მით მეტს ვჭამთ. ცოტა შეანელეთ ეს პროცესი, რომ სხეულს ჰქონდეს დრო, გააცნობიეროს, როდის აქვს სისავსის შეგრძნება. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. "თუ თქვენ შეწყვეტთ ჭამას, როცა ფიქრობთ, რომ 80 პროცენტით დანაყრებული ხართ, დიდია შანსი, რომ უკვე სრულად დაიკმაყოფილეთ შიმშილი", - წერენ მეცნიერები.
ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე
ტელევიზორი, ტელეფონი და საუბრები ჭამის დროს გამორიცხეთ! გასაგებია, რომ ასეთი წესის დაცვა, განსაკუთრებით სადღესასწაულო სუფრაზე, თითქმის შეუძლებელია, თუმცა სხვა დღეებში მეცნიერები გვირჩევენ, რომ ჭამის დროს მხოლოდ საკვებზე ვკონცენტრირდეთ.
ხშირად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შესაბამისი კვლევების საფუძველზე ამბობენ, რომ ქალებმა დღის განმავლობაში 1600-დან 2400-მდე კალორია უნდა მიიღონ. ხოლო მამაკაცებმა 2 ათასიდან 3 ათასამდე კალორია.
ჰუნზას ტომის საიდუმლო – ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხი
7 აუცილებელი წესი დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისთვის
"ჩემი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩემმა ბავშვობის წლებმა განაპირობა" - 90 წლის თამარ სხირტლაძე განვლილი წლების შესახებ
106 წლის ქალის დღეგრძელობის საიდუმლო - არანაირი სექსი და სტრესი