ჰემატოლოგი
ლევან მახალდიანი გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს, რა ქმნის თრომბის განვითარების რისკებს ადამიანებში:
- ორი სახის თრომბი არსებობს - ერთი, რომელიც არტერიაში ჩნდება, მეორე კი ვენებში. ვენების საშუალებით სისხლი გულისკენ მიედინება, ჰოსპიტალიზირებული, მწოლიარე პაციენტის შემთხვევაში, როდესაც ქვემო კიდურების კუნთების მუშაობა არ ხდება, სისხლს გულის მიმართულებით მიდინება უჭირს, მისი მოძრაობა დუნდება და ეს იდეალურ პირობას ქმნის, რომ თრომბი გაჩნდეს. ფილტვში თრომბის გაჩენის შემთხვევაში ხშირად სწორედ ქვედა კიდურია დამნაშავე. ხშირ შემთხვევაში, ქვედა კიდურიდან მოწყვეტილი თრომბი ფილტვის არტერიისკენ მიემართება, სადაც თრომბირება ხდება. ესეც სწორედ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ერთ-ერთი გართულებაა. რაც შეეხება არტერიულ თრომბოზებს, ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი. ამ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზირებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და რისკფაქტორად ათეროსკლეროზი განიხილება. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ქვემო კიდურებში არტერიების თრომბირებისა და შემდგომი გართულებების.
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მარი მალაზონია ამავე გადაცემაში ყურადღებას ამახვილებს იმ საკვებზე, რომელთა მირთმევაც ზოდიერთი ადამიანისთვის თრომბის განვითარების დამატებით რისკს ქმნის:
- რაც უფრო რაფინირებულია პროდუქტი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ მისი დამსახურებით თრომბოზის რისკი გაიზარდოს. მოსაზრება, რომ შაქარს თუ მივირთმევთ, თრომბოზი დაგვემართება, რასაკვირველია, მცდარია. ან კარაქიან პურს, ცხიმიან ხორცს თუ მივიღებთ, ავტომატურად თრომბოზი განვითარდება - არა, ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტების სისტემატური გამოყენება შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ ორგანიზმში ანთების რისკები გაიზარდოს. ნებისმიერი მექანიზმით გაზრდილი ანთების რისკი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ ფონზე თრომბოზის რისკიც შეიძლება გაიზარდოს. მეორე, რაც ასევე გასათვალისწინებელია, ეს ე.წ. ანტიდამჟანგავების, ანტიოქსიდანტების ეფექტურობაა. ამ ტიპის კვებაში ანტიოქსიდანტების მინიმალური რაოდენობაა, შესაბამისად მექანიზმის დამამძიმებელი ესეც შეიძლება გახდეს. აღარაფერს ვამბობ ტექნოლოგიურად დამუშავებულ პროცესირებულ პროდუქტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომბინაციაა, რომელიც, როგორც წესი, სხვადასხვა დაავადებასთან კავშირში განიხილება. ესენია: ონკოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დაბერება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებითაც გვაქვს მტკიცებულებები. მეცნიერება გვეუბნება, რომ ხილის, ბოსტნეულის სიუხვე ყოველდღიურ რაციონში, ასევე, მარცვლეულის, ბურღულეულის, თხილეულის, პარკოსნების არსებობა ორგანიზმის მთლიან ჯანმრთელობას განსაზღვრავს. მათ შორის, თრომბოზების რისკს ამცირებს. მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად განიხილება. პირველად ამის შესახებ საუბარი 2017 წელს დაიწყეს. საკითხი ეხება ე.წ. ნაწლავურ მიკრობიომს, ნაწლავში ბინადარი ბაქტერიების გავლენას თრომბის წარმოქმნაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს კავშირი მეცნიერული თვალსაზრისით დღეს უკვე ძალიან აქტუალურია. თუ ჩვენ ნაწლავში ბინადარ ბაქტერიებზე ვლაპარაკობთ, აღმოჩნდა, რომ მათზე ძალიან ბევრი პროცესია დამოკიდებული. მათ K ვიტამინის ერთ-ერთი ფორმის წარმოქმნა, B ჯგუფის ვიტამინების ზოგიერთი ფორმის წარმოქმნა, მათ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების შეთვისებაში დახმარება აღმოგვიჩინონ, ან პირიქით, ხელი შეგვიშალონ. კვერცხსა და ხორცზე ამ კვირაში ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ მარხვა დასრულდება და ადამიანები გაფართოებული კვების რეჟიმს დაუბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველური წარმოშობის ცილები, ცხიმები დაბრუნდება მათ კვების რაციონში. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რა სიმდიდრეა კვერცხის გულში. ეს არის ნივთიერება სახელად ქოლინი, რომელიც დედამიწაზე ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ კვერცხის გულშია. გარკვეული რაოდენობითაა წითელ ხორცში. აღმოჩნდა, რომ ნაწლავი, რომელიც ამ ნივთიერებას გადაამუშავებს, წარმოქნის პროდუქტს, რომელიც თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ხშირი იყოს ნაწლავისა და გულის კავშირი, ნაწლავისა და სიხლძარღვის კავშირი, ნაწლავისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან. იმიტომ, რომ ამ ნივთიერების წარმოქნის შედეგად შეიძლება მივიღოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერი კატასტროფა. ეს იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თრომბით განპირობებული მიოკარდიუმის ინფარქტი, ეს შეიძლება იყოს თრომბით პროვოცირებული თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც ინსულტი ჰქვია. წარმოგიდგენიათ, ერთი პატარა, თვალით უხილავი ბაქტერია, მისი ნამუშევარი, მის მიერ გარდაქმნილი პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლო და ბევრჯერ ნაქებია ჩვენს გადაცემაში, მაგრამ შედეგად შეიძლება მოგვცეს ის, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი იქნება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვერცხი არ მივირთვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ არის ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც მაღალი რისკის ჯგუფი შეიძლება იყოს ეს პროდუქტები. კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ხორცის მჭამელ ადამიანებს უფრო მაღალი ჰქონდათ თრომბის განვითარების რისკი, ვიდრე ე.წ. ბალახის მჭამელებს. შედეგად, მეცნიერებმა საზოგადოებას ურჩიეს, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს. თუმცა, ჩემ მიერ ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი ვეგეტარიანელები გავხდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბალანსირებული კვების პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ უპირატესად ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ბურღულეული, პარკოსნები სადაცაა, განსაკუთრებით თევზეულთან ერთად, ასეთი მოდელი უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურ რაციონში. ასევე, როდესაც სისხლის სიბლანტესთან, შედედებასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, წყლის ადეკვატური რაოდენობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.