ჯანმრთელობააქტუალური
"როდესაც განავალი უფერული ხდება და შარდს ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, ეს უკვე საგანგაშოა" - ივანე ჩხაიძე ბავშვებში დაფიქსირებულ ახალი ფორმის ჰეპატიტზე საუბრობს
"როდესაც განავალი უფერული ხდება და შარდს ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, ეს უკვე საგანგაშოა" - ივანე ჩხაიძე ბავშვებში დაფიქსირებულ ახალი ფორმის ჰეპატიტზე საუბრობს


ბოლო დღეებია მსოფლიო საკმაოდ მძიმე ფორმის, გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტზე ალაპარაკდა, როცა გარკვეულ შემთხვევებში ღვიძლის გადანერგვა ხდება საჭირო. გარდა ამისა, დაფიქსირდა გარდაცვალებაც. რა სიმპტომები ახასიათებს ახალი ფორმის ჰეპატიტს, უკავშირდება თუ არა ის კორონავირუსის გადატანას და დაფიქსირდა თუ არა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები, თემაზე პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს:

- მსგავსი შემთხვევები საქართველოში არ დაფიქსირებულა, ვინაიდან, ზოგადად, ამ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ცოტაა - სულ 450 შემთხვევაა მსოფლიოში, ასე, რომ შანსი იმისა, რომ ჩვენს
ქვეყანაშიც დაფიქსირდეს, მინიმალურია. ჯერჯერობით, სულ
25 ქვეყანაშია აღწერილი. მიმდინარეობა ჰეპატიტისთვის, ღვიძლის დაზიანებისთვის დამახასიათებელია. ეს არის ცხელება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შარდისა და განავლის ფერის შეცვლა - შარდი მუქი, ხოლო განავალი უფერული ხდება და შემდეგი ნიშანი, რომელიც ყველასთვის საგანგაშოა, კანის ფერის შეცვლა, სიყვითლეა. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ღვიძლი დაზიანებულია და როგორც წესი, ექიმთან მიმართვის მიზეზი ხდება. მიმდინარეობის სიმძიმეში უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ ასევე აღწერილია გარდაცვალების შემთხვევებიც. 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან არსებული მონაცემებით, 29 პაციენტთან ღვიძლის გადანერგვა აუცილებელი გახდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა გარკვეული ნაწილი ძალიან მძიმეა. ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი მიმდინარეობა, განსაკუთრებით სიყვითლე, ოდნავი ეჭვიც კი სიყვითლის არსებობაზე, ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს. შემდეგი ეტაპი დეტალური გამოკვლევა, ღვიძლის ფუნქციების შესწავლაა. რაც უფრო სწრაფად მოხდება დიაგნოსტიკა, უფრო შედეგიანი იქნება.
ორი ძირითადი თეორია განიხილება. ერთი, უმრავლეს შემთხვევაში, 72-%-ში ადენოვირუსია დაფიქსირებული. ეს არის ვირუსი, რომელიც, ზოგადად, მძიმე ვირუსების კატეგორიას არ მიეკუთვნება, შეიძლება სასუნთქი სისტემის დაზიანება, დიარეა გამოიწვიოს, მაგრამ, არა ღვიძლის. ადენოვვირუსის ერთ-ერთი ფორმა, ერთ-ერთი შტამია აღმოჩენილი და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ადენოვირუსმა განიცადა მუტაცია და უფრო აგრესიული გახდა, რაც ღვიძლის დაზიანებას იწვევს. მაგრამ, ყველაზე უფრო ფართოდ განხილული მოსაზრება სწორედ კორონავირუსთან კავშირია. ჯერჯერობით, თეორიულია, რადგან ამას უფრო მეტი შესწავლა, ანალიზი და მეტი შემთხვევების ლაბორატორიული დადასტურება სჭირდება, რომ ვთქვათ, რომ ეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ განვითარებული მდგომარეობაა. ზოგადად, კორონავირუსი იმუნური სისტემის ცვლილებას იწვევს და ამ ცვლილების ფონზე, ღვიძლის დაზიანება ვითარდება. შესაძლებელია, აქ ადენოვირუსი ერთ-ერთი გამშვები მექანიზმი იყოს, მაგრამ მაინც, ძირითადი აქცენტი კორონავირუსზე კეთდება. ეს ორი ფაქტორი ერთობლივი მოქმედების პირობებში ღვიძლის დაზიანებას განაპირობებს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, კორონავირუსმა დღემდე უცნობი ბევრი მდგომარეობა გამოიწვია. საქართველოშიც გვაქვს შემთხვევები, როდესაც, ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განვითარდა. ამ კატეგორიაში შეიძლება შევიდეს ღვიძლის დაზიანება. ასეც ეძახიან - ღვიძლის წვავე დაზიანება ასოცირებული კორონავირუსთან ბავშვებში. 1-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები იგულისხმება, თუმცა უმრავლესი შემთხვევა 5 წლამდე ასაკისაა. ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვმა კორონავირუსი მძიმე ფორმით გადაიტანა, თუ - მსუბუქი. შეიძლება ეს იყოს ბავშვი, რომელსაც არანაირი გამოვლინება არ ჰქონია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოვლენა განვითარდეს. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ აქ რაიმე ლოგიკური კავშირი, სად ვითარდება ღვიძლის მძიმე დაზიანება და სად - მსუბუქი, ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ, ფაქტია, რომ იმ 29 შემთხვევაში, როდესაც ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა დადგა, ეს სწრაფად განვითარებული უკმარისობის შედეგია. 450 დაფიქსირებული შემთხვევიდან 11 ბავშვი გარდაიცვალა.
არ მგონია, რომ რომელიმე დედამ ბავშვი სახლში დატოვოს, თუ მას სიყვითლეს შეამჩნევს. ტემპერატურის მომატება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება ექიმთან წასვლის მიზეზი გარკვეულ ეტაპზე შეიძლება არ იყოს, მაგრამ განავლისა და შარდის ფერის შეცვლა - აუცილებლად. როდესაც განავალი უფერული ხდება და შარდს ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, რა თქმა უნდა, ეს უკვე საგანგაშოა. განსაკუთრებით, ნებისმიერი გამოხატვის სიყვითლე, მსუბუქიც კი, მშობლისთვის მოტივაცია უნდა გახდეს, რომ შვილი საავადმყოფოში წაიყვანოს.

ივანე ჩხაიძემ არსებულ კოვიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა:

- ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია სტაბილურია. შემთხვევები შემცირდა, სიმძიმეც, რა თქმა უნდა შემცირებულია, რაც ომიკრონთანაა დაკავშირებული. ის მუტაცია, რაც ახლა საქართველოში ცირკულირებს განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებს არ იწვევს. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევებიც მკვეთრადაა შემცირებული. პიკი აპრილის პირველ ნახევარში გვქონდა და ყოფილა შემთხვევები, როდესაც დღეში სამი პაციენტი მომართავდა იაშვილის კლინიკას ამ მძიმე დიაგნოზით, მაგრამ ბოლო კვირაა, სულ 1 შემთხვევა დაფიქსირდა. საბედნიეროდ, ეს ტალღაც გადავლილია.

alt "დედა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, თუ ბავშვს ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება" - ივანე ჩხაიძე საყურადღებო გართულებებზე



ბეჭდვა