რა პრობლემებს იწვევს სიმსუქნე, რამდენჯერაა დღის განმავლობაში კვება უმჯობესი და რომელია ის პროდუქტები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ჯანსაღია, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს აზიანებს - ამ თემაზე
ელენენე გიორგაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გადაცემაში
"სხვა შუადღე" საუბრობს და განმარტავს, არის თუ არა სიმსუქნე დაავადება.
- სიმსუქნე, რა თქმა უნდა, დაავადებაა. ამის შესწავლა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს. ის ცალკე მთელი მიმართულებაა ენდოკრინოლოგიაში იმიტომ, რომ დაკავშირებულია მეტაბოლურ, ანუ ჰორმონალურ დარღვევებთან, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, არის შაქრიანი დიაბეტის მიზეზიც. 25 წელიწადში უკვე მოსალოდნელია, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ექნება. ზედმეტი წონა და სიმსუქნე ქმნის პირობას, რომ ორგანიზმში სხვა დაავადებები განვითარდეს. მსუქან ადამიანებში ონკოლოგიის რისკიც იზრდება. 20 წლის წინ იყო ანონსი, რომ 21-ე საუკუნეში სიმსუქნის პანდემია იქნებოდა. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო, ბევრად უფრო ადრე დაიწყო ეს პროცესი, როცა ადამიანი სახლში უმოძრაოდ იჯდა და ჭამდა. ჭამა არის სიამოვნება და ასევე ჩვევაც. ამიტომაც, ამ პრობლემის რეგულირებაში სულ უფრო მეტი ფსიქოთერაპევტია ჩართული. კვებითი აშლილობა ცალკე დარგია და ენდოკრინოლოგებთან ერთად, ამ მიმართულებით თუ ფსიქოთერაპევტი არ ერთვება, არაფერი გამოვა, რადგან, პირველ რიგში, ადამიანს ჩვევები უნდა შეუცვალო. ახლა ისეთი დროა, მშობლებს, ბებია-ბაბუებს არ სცალიათ, ამიტომ ბავშვი სკოლაში 5-7 საათამდე რჩება. შესაძლოა იქ კი სთავაზობენ, რომ ბოსტნეული, ხილი, სალათი იქნება რაციონში, მაგრამ ბავშვი მაინც მაკარონს, ან რაიმე ცომეულს, ფუნთუშას იღებს და ჭამს. ჩემს კლასში 34 ბავშვი იყო და მათგან მარტო ერთი გოგონა იყო, რომელსაც სიმსუქნე ჰქონდა. ჩვენთვის, მაშინ, იმ დროს, უცნაური იყო და ყველა ვფიქრობდით, რომ რაკი წონით ჩვენგან განსხვავდებოდა, ესე იგი ავად იყო. ახლა სკოლასა და ბაღებში რომ შეხვიდეთ, შეხედეთ ბავშვებს... როდესაც კონსულტაციაზე მოჰყავთ ბავშვები და მშობლებს ვესაუბრები, უკეთებენ თუ არა წვნიანს თავიანთ შვილებს, 80%-ში ბავშვები მეკითხებიან, რა არის წვნიანი. გენეტიკურად ჩადებული გვაქვს, დაახლოებით, რა სიმაღლის იქნება ბავშვი. თუ ის ნორმალურ კვებას იცავს, საკმარისი რაოდენობითაა ცილა, ვიტამინები, მიკრო-მაკრო ელემენტები, ბავშვი იმ გენეტიკურ რესურსს ბოლომდე იყენებს. შეიძლება 10 სანტიმეტრით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ის ბავშვი, რომელიც მსუქანია. არ ვფიქრობთ, რატომ იმატებს უშვილობის ან სხვა სქესობრივი პრობლემები. ესეც სიმსუქნითაა გამოწვეული. პუბერტატში, 8-დან 16 წლამდე პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ნორმალურად იკვებოს. მერე ჩნდება ეს პრობლემები. იგივე, საკვერცხე ისე არ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ცხიმოვანი ქსოვილი მეტაბოლურად აქტიური ქსოვილია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე სასქესო ჰორმონების გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. ამიტომ, პუბერტატში არ შეიძლება, რომ ცხიმოვანი ქსოვილი საერთოდ არ იყოს, ანუ წონის დეფიციტი არ უნდა იყოს და ასევე არ შეიძლება, მაღალი იყოს.
ამავე გადაცემაში წამყვანმა, გვანცა დარასელიამ ჩამოთვალა ის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ბავშვის "ჭარბი წონის" პრობლემაში დავადანაშაულოთ:
- იოგურტი და იოგურტების მრავალსახეობა, რომელიც, ერთი შეხედვით, ჯანსაღია, მაგრამ სინამდვილეში დამატკბობლებითაა დამზადებული. ასევე, პოპკორნი. ერთი შეხედვით, პოპკორნი არ უნდა ასუქებდეს, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქრად გარდაიქმნება. ვაშლის პიურე, რომელსაც ჩვილებსაც ხშირად აჭმევენ ხოლმე (თერმულად დამუშავებულ ვაშლზე გვაქვს საუბარი). აბობენ, რომ ის მაღალი გლიკემიური ინდექსით ხასიათდება და ფაქტობრივად, ბავშვი კონცენტრირებულ შაქარს მიირთმევს, რომელიც სწორედ თერმული დამუშავების შემდეგაა მიღებული. ე.წ. ენერჯი ბარები, ბატონები, რომლებიც მზა მდგომარეობაში იყიდება. ერთი შეხედვით, ის ენერგიის წყაროა და ენერგიით უნდა გვავსებდეს, თუმცა ნახშირწყლების დიდი წყაროცა და ამასაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სხვადასხვა ხილის წვენი, კომპოტები, რომლებისგანაც ჩვენი შვილები ვიტამინებს ვერ იღებენ და პრაქტიკულად, კონცენტრირებულ შაქარს მიირთმევენ. შემდეგია კრეკერებისა და მიწის თხილის კარაქის მრავალფეროვანი არჩევანი. ამ კარაქს ხშირად დიდი რაოდენობით შაქარი აქვს დამატებული, ამიტომ ეტიკეტზე ინგრედიენტები ყოველთვის წაიკითხეთ, ან სახლში მოამზადეთ ჯანსაღი ვერსია. დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ მსგავსი ხემსების, სასუსნავების საკვები რაციონიდან ამოღებით, გარდა იმისა, რომ წონის პრობლემა გვარდება, ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან, უფრო კარგ ხასიათზე არიან და სკოლაში უფრო კარგადაც სწავლობენ. რაც მთავარია, არიან ჯანმრთელები და არ აქვთ ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა მაგალითად, დიაბეტი.
ელენე გიორგაძე: კვების კულტურა მთავარია. როდესაც დილით ვსაუზმობთ, მინიმუმ, 5-6 საათი უნდა გავიდეს სადილამდე. ასე ბავშვს მოშივდება, წვნიანსაც შეჭამს და ხილსაც. ასევე, ხილი უნდა ჭამოს და არა გამზადებული პიურეები და წვენები. რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერი მავნეა, მაგრამ ბავშვსაც მოსწონს და მშობლისთვისაც უფრო ადვილია. მიაქციეთ ყურადღება, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ცხოვრების განმავლობაში სასწორზე არ დამდგარან და არც პრობლემა შექმნიათ როდისმე. ასეთი ადამიანი დღეში 3-ჯერ ჭამს, შუალედებში არც ყავას იღებს და არც ჩაის და მარტო სუფთა წყალს მიირთმევს. ამას თუ ადამიანს ბავშვობიდან მიაჩვევ, მერე ხინკალიც შეიძლება რომ შეჭამოს, ნამცხვარიც. ხილის მირთმევა უკვე კვებაა. ხილი შეუძლია მიირთვას სადილის დროსაც. თუ 3-ჯერ დღეში მიირთმევენ ხილს ან საუზმედ აქვთ, ერთი კილოგრამი დღე-ღამის განმავლობაში დაშვებულია.