პედიატრი, თსსუ პროფესორი ფიქრია ჟვანია და ბავშვთა რევმატოლოგი, თსსუ პროფესორი თინათინ კუტუბიძე გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობენ, რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენება და ჯანმრთელობის რა პრობლემებს ჰქმნის მისი დანიშნულების გარეშე მიღება:
ფიქრია ჟვანია: - ძირითადად, მშობლები წინა ექიმის დანიშნულებით, თვითნებურად იწყებენ ბავშვისთვის ანტიბიოტიკის მიცემას. ან კიდევ, სიცხის მატებისას არის შიში, რომ არ გართულდეს, თუმცა უფრო უარესს ვაკეთებთ, როცა ვირუსს თვითნებურად ანტიბიოტიკებით ვებრძვით. ანტიბიოტიკები აუცილებლად ექიმის მიერ შეფასების შემდეგ უნდა იყოს დანიშნული და არავითარ შემთხვევაში, თვითნებურად ან მეზობლისა და ახლობლის რეკომენდაციით.
თინათინ კუტუბიძე: - ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ძალიან კარგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 6 თვემდე დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკების გამოყენება შემდგომში აუტოიმუნური დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ფაქტორთან იყო ასოცირებული. მათ შორის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტიებისგანვითარებასთან. ძალიან კარგად ვიცით, რომ იმუნიტეტის უდიდესი ნაწილი სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყალიბდება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება 6 თვემდე ასაკში შემდგომში აუტოიმუნური დაავადებების განვითარების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული, რომელსაც, სხვათა შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ვაკვირდებით და რაოდენობა და სიხშირე მატულობს.