"ნებისმიერი ასეთი აფეთქება სულ იქნება და ამის გამო მუდმივად შფოთვაში ყოფნა არ შეიძლება" - მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს
საქართველოში გუშინ ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობაში განსაკუთრებული აღელვება გამოიწვია. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" ვრცელ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, ვინ არიან რისკის ჯგუფში, გადაცემისა და მკურნალობის რა გზები არსებობს და როგორ უნდა განვასხვავოთ ეს დაავადება თუნდაც ჩუტყვავილასგან. აღსანიშნავია, რომ გადაცემა იქამდე გავიდა ეთერში, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა:

- პირველი შემთხვევის დაფიქსირება ყოველთვის პანიკას იწვევს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე 30-მდე ქვეყანაშია რეგისტრირებული, ახალი არაფერია, რომ ჩვენთანაც დაფიქსირდეს. თუმცა,
მღელვარების ტალღამ არ უნდა გადაგვიაროს.
პრობლემა ნამდვილად არსებობს, აქტუალურია, თუმცა, პანდემიერ ხასიათს მიიღებს თუ არა, ეს არ ვიცით. სხვადასხვა ინფექციური დაავადების ბევრი ასეთი აფეთქება ყოფილა ხოლმე, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სპეციალისტები. აუცილებელი არ იყო, რომ პანდემიური ხასიათი მიეღო ასეთ აფეთქებას, უბრალოდ ახლა, კოვიდით შეშინებულები ყველაფერზე ძალიან გადაჭარბებულ ყურადღებას ვამახვილებთ. მაგალითად, "მერსი", უკიდურესად მძიმე დაავადება ისე იყო 2012-2015 წლებში, რომ ჩვენმა მოსახლეობამ საერთოდ ვერ გაიგო. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი აფეთქება სულ იქნება და ამის გამო მუდმივად შფოთვაში ყოფნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყურადღება გვჭირდება, ინფორმირებულობა კარგია, მაგრამ უნდა დაველოდოთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაგვეწევა. რაც შეეხება თავად ამ დაავადებას, თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ე.წ. მაიმუნის ყვავილი ჩუტყვავილას დაუკავშირეს. ჩუტყვავილა აბსოლუტურად სხვა ინფექციაა, მაიმუნის ყვავილი კი სულ სხვა ჯგუფს მიეკუთვნება. მას მსგავსება აქვს ე.წ. ყვავილის ვირუსთან. თუმცა,

საბედნიეროდ, ყვავილივით მძიმედ არ მიმდინარეობს. მაიმუნის ყვავილი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. სიმპტომებით კი ჰგავს: იწყება, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, მაღალი ტემპერატურით და დაახლოებით, 3 დღის შემდეგ გამონაყარი ჩნდება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ხელისა და ფეხისგულებზეცაა გამონაყარი. თუმცა, სხეულის სხვა ნაწილებშიც. ბუშტუკოვანი გამონაყარია, ამით შეიძლება ჰგავდეს ჩუტყვავილას, თუმცა მისგან განსხვავებით, ბუშტუკებში შემდგომში მღვრიე ჩირქოვანი შიგთავსი დგება, თანდათანობით ფუფხებს გაიკეთებს და დასცვივდება. შესაძლებელია, პატარა ნაწიბურებიც დატოვოს კანზე. შემთხვევათა უმრავლესი ნაწილი თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა პროცესი შეიძლება 2-3 კვირა მიმდინარეობდეს. ადამიანი აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს. საბედნიეროდ, ამ აფეთქებას, აფრიკის კონტინენტის გარეთ ჯერჯერობით ლეტალური გამოსავალი არ ჰქონია. თუმცა, აფრიკის კონტინენტზე უკვე 2000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული და რამდენიმე ათეული სიკვდილის შემთხვევა იყო. ეს მაღალი ალბათობით იმას უკავშირდება, რომ მოცემულ ქვეყნებში სამედიცინო სერვისები იმდენად განვითარებული არ არის და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში უფრო ადექვატურად ხდება სიმპტომური მკურნალობა. რომც მიიღოს უფრო გავრცელებადი ხასიათი, დღეს სამედიცინო საზოგადოება ბევრად უფრო მომზადებული შეხვდება ამ ინფექციას, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო. ეს ვირუსი სქესობრივი გზითაც გადამდებია ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფექცია. რადგანაც ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტით გადადის, თავისთავად ცხადია, რომ სქესობრივი კონტაქტიც ერთ-ერთი გადაცემის გზაა. კიდევ უფრო მაღალია რისკი ჰომოსექსუალური კონტაქტების დროს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკრეტულად ამ ჯგუფის დაავადებაა და ჰეტეროსექსუალებს არ ემართებათ. ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ სქესობრივი კონტაქტები ე.წ. მაიმუნის ყვავილის გადაცემის თვალსაზრისით რისკის შემცველია. ამასთან ერთად, მსხვილი წვეთების გაფრქვევით ინფიცირებულ ადამიანიდან ჯანმრთელზე შესაძლოა გადამდები იყოს. ჰაერით გადამდები არ არის და წვეთებით გადამდებ ინფექციებთან შედარებით, მაგალითად, გრიპზე უფრო ძნელად გადადის. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რა მიმდინარეობა შეიძლება შეიძინოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვებიც, ორსულებიც მაღალი რისკია და ასე მოსახლეობის კატეგორიზაცია არ შეიძლება. გარკვეულწილად, იმუნური ფენაცაა. ის ადამიანები, რომლებიც ყვავილზე არიან აცრილები, გარკვეული დაცვა, რა თქმა უნდა, ყვავილის ვაქცინასაც აქვს და დღეს ეს ვაქცინაც ითვლება ერთ-ერთ იმედად, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ავამოქმედებთ. შესაძლოა 80%-ზე მეტი ეფექტურობა ჰქონდეს და ვინაიდან ყვავილის ვაქცინა მთელი ცხოვრების მანძილზეა ეფექტური, გარკვეული იმუნური ფენა ამიტომ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები 100%-ით დაცულები იქნებიან, ასევე არ ნიშნავს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს და ვაქცინაცია დაიწყება, ყვავილზე აცრილი ადამიანების ხელახალი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს ყველაფერი ასე არ არის, უბრალოდ კოვიდთან მიმართებით სპექტრი შეიცვალა. თუკი კორონავირუსის დროს უფრო მეტად რისკის ჯგუფში ხანდაზმულები შედიოდნენ, მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში უფრო მაღალ რისკად ბავშვები და მოზარდები ითვლებიან. ერთ-ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ისიც კი ახსენა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ასაკობრივ ჯგუფს გავუშვებთ წინა ხაზზეო. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ნაადრევი ვარაუდებია. იმედია, ეს საჭირო არ გახდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს არაერთი ვაქცინა და თანაც, ამ ვაქცინაზე არ იქნება ის უნდობლობა, რამაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ძალიან შეუშალა ხელი. ვისაც ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინის ეშინოდა, ყვავილის ვაქცინა უკიდურესად ტრადიციული ვაქცინაა. ეს იყო პირველი ვაქცინა, რომელიც მე-18 საუკუნეში კაცობრიობამ შექმნა. არსებობს ანტივირუსული მედიკამენტებიც და შესაბამისად, სიფხიზლე, ყურადღება, ინფორმირებულობა აუცილებელია, მაგრამ არა იმ მასშტაბის შფოთვა, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე.




956
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლიკა
0
იშვიათი პროფესიონალი და ადამიანი
10:52 / 29-06-2022
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები