გადაცემაში
"პირადი ექიმი" ბევრი მშობლისთვის საინტერესო თემა განიხილეს და მოწვეულმა სტუმრებმა განმარტეს, რა არის რეპროდუქციული ასაკი, რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და რა გართულებების არიდება შეუძლიათ, თუ დროულად მიმართავენ სპეციალისტებს. გადაცემაში მონაწილეობდნენ: არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგი, პროფესორი; ჯენარო ქრისტესაშვილი - რეპროდუქტოლოგი, პროფესორი და ლალი ფხალაძე - რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი.
ლალი ფხალაძე: - საკვერცხის ფუნქცია მოზარდობის პერიოდში ყალიბდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი ნორმალურად წარიმართოს. დარღვევები, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზევე იჩენს ხოლმე თავს. ეს ძირითადად ვლინდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის სახით და ძალიან პოზიტიური ფაქტია, როდესაც მშობლებს გოგონები ჩვენთან მოჰყავთ და ადრეულ ეტაპზე ვიწყებთ გამოკვლევებს. ჩვენი ძალიან დიდი ხნის გამოცდილებით, გოგონებს, რომლებიც მოზარდობის პერიოდიდანვე იწყებენ მკურნალობას, გინეკოლოგთან ვიზიტს, შემდგომში ორსულობასთან დაკავშირებით სირთულეები აღარ აქვთ ხოლმე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც წყვილი მოგვმართავს და სურთ, რომ ორსულობა დადგეს, ყველას ვუხსნით - ამისათვის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: მამაკაცის ნორმალური სპერმის მაჩვენებლები, ქალის შემთხვევაში კი ნორმალური ოვულატორული ფუნქცია. ნორმალური ოვულაცია კვერცხუჯრედის მომწიფებას გულისხმობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების ანატომიური მდგომარეობა. ამიტომ, კვლევა ყოველთვის ამ სამი მიმართულებით მიდის და შემდგომ უკვე იშლება. მამაკაცებს ვთავაზობთ სპერმის ანალიზის ჩატარებას. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პრობლემები აღმოჩნდება, შემდეგ უკვე ანდროლოგ-რეპროდოქტოლოგი იწყებს კვლევებს. ქალების შემთხვევაში, პირველ რიგში, ვადგენთ, აქვს თუ არა ოვულაცია, რამდენად სრულფასოვნად უმწიფდება კვერცხუჯრედი, რამდენად მზადაა მისი საშვილოსნოს ღრუ იმისათვის, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიიღოს და როგორია საშვილოსნოს მილების გამავლობა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
არჩილ ხომასურიძე: - რეპროდუქციულ ასაკს რაც შეიძლება ადრე უნდა მიექცეს ყურადღება. მაგრამ, არა უგვიანეს იმ ასაკისა, როდესაც სქესობრივი მომწიფება იწყება. გოგონებში ეს, საშუალოდ, 9 წლის ასაკში იწყება. მენსტრუაცია სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანი არ არის. სქესობრივი მომწიფება 2 წლით ადრე იწყება. ამიტომ, რაც უფრო ადრე მიმართავს დედა სპეციალისტს კონსულტაციისთვის, უკეთესია. ტაბუდადებული სიტუაცია, რომ მცირე ასაკის პაციენტზე ხელის ხლება არ შეიძლებოდა, მალე უნდა მოიხსნას. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ რაც უფრო ადრე შეაჩვევს დედა გოგონას გინეკოლოგიურ გასინჯვას, წელიწადში ერთხელ მაინც წაიყვანს ვიზიტისთვის, ზრდასრულობისას ამ კონტიგენტში გინეკოლოგიური ავადობა გაცილებით უფრო იშვიათად გვექნება. მათ შორის, უშვილობა, სიმსივნეები და სხვა. ჩვენთან ასეა მიღებული - "როგორ შეიძლება გოგონაზე ხელის ხლება, სანამ არ დაოსრულდება და იმშობიარებს". ეს სრული აბსურდია. რა თქმა უნდა, 9 წლის ასაკიდან იდეალური ვარიანტია, მენსტრუაცია რომ დაეწყება, მაშინ ხომ აუცილებელია. ქალს რომც არაფერი აწუხებდეს, წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკისთვის გინეკოლოგთან უნდა მივიდეს. ბუნებრივად ქალის რეპროდუქციული ასაკი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მამაკაცის. ეს ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია გაცილებით უფრო რთულია. საშუალოდ, ოფიციალური რეკომენდაციით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 49 წლის ასაკში მთავრდება. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს ასაკი გადავადდა და ალბათ, ამ ოფიციალურ მოსაზრებას შეცვლიან. სამედიცინო თვალსაზრისით, თუ ვიტყვით, რომ 55 წლის ასაკია, უფრო სწორი იქნება. რაც შეეხება მამაკაცებს, სქესობრივი მომწიფება, გოგონებთან შედარებით, უფრო გვიან, დაახლოებით 11-12 წლის ასაკში იწყება, მაგრამ ზღვარი, როდის მთავრდება რეპროდუქციული ასაკი, არავინ იცის.
ჯენარო ქრისტესაშვილი: - საქმე ისაა, რომ თუ ქალებში მენოპაუზის დადგომასთან ერთად, ამოიწურება ფოლიკულების რაოდენობა, რომელიც გამრავლების საშუალებას იძლევა, მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაწილობრივი უკმარისობა შეიძლება იყოს. მისი დეფიციტი უფრო მეტად სექსუალურ ფუნქციაზე აისახება ხოლმე, ვიდრე რეპროდუქციულ ფუნქციაზე. სპერმატოგენეზი შეიძლება გვიან ასაკამდეც იყოს. ქალებში ადრეულ რეპროდუქციულ ასაკს თავისი რისკები აქვს. 15-დან 20 წელი ითვლება, რომ გარკვეულწილად რისკის ჯგუფია. მეტიც, გართულებების რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 20-დან 30 წლამდე. 35 წლის შემდეგ გვიანი რეპროდუქციული ასაკი მოდის. იქაც არის სხვადასხვა გართულების რისკი. ახლა გაჩნდა ასეთი მოსაზრება, მართალია, ადრეული რეპროდუქციული ასაკი რაღაც რისკებს მოიცავს, მაგრამ თუ უფრო ინტენსიურად დავაკვირდებით ამ ორსულებს, მაშინ თავიდან შეგვიძლია ავიცილოთ ის რისკები, რომლებიც არსებობს. ასევეა გვიან რეპროდუქციულ ასაკშიც. რეპროდუქტოლოგის მოვალეობაც ესაა, რომ გამოავლინოს პრობლემები და ქალს ამ რთულ სიტუაციაში დაეხმაროს.
გადაცემაში მაყურებელმა დასვა შეკითხვა, სადაც ამბობდა, რომ 15 წლამდე გოგონას ორი წლის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი არ დაულაგდა და ვერც ექიმთან ვიზიტი მოახერხეს. თემაზე სტუმრებმა რამდენიმე განმარტება გააკეთეს:
არჩილ ხომასურიძე: - გოგონა სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ექიმთან, რადგანაც შესაძლოა მას საკვერცხეების პოლიკისტოზი ჰქონდეს. სახელი ნუ შეგაშინებთ, დიდ პროცენტში ეს დაავადება საკმაოდ ადვილად განიკურნება. მაგრამ, რაც უფრო სწრაფად მიმართავთ ექიმს, უფრო უკეთესი იქნება.
ლალი ფხალაძე - 2018 წელს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ახალი გზამკვლევი გამოიცა, რომელიც ჩვენს გამოცდილებას ეხმიანება. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მენარქედან პირველი ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საუბარია მენსტრუაციის გადაცდენებზე, თუ გოგონას სხვა ჩივილი არ აქვს, ვგულისხმობ მძიმე აკნეს, პათოლოგიურ თმიანობას, სიმსუქნეს, ამ შემთხვევაში ეს ფიზიოლოგიურ მდგომარეობად განიხილება. პირველი-ორი წლის განმავლობაში მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა, ინტერვალი 45 დღეც შეიძლება იყოს. ხოლო, თუ სამი წლის შემდეგ მენსტრუაციათა შორის ინტერვალები 21 დღეზე ნაკლები ან 35 დღეზე მეტია, ეს უკვე პათოლოგიად განიხილება. თუმცა, ამ შემთხვევაში თანმხლებ ფატორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორ აღვნიშნე, ესა ჭარბთმიანობა და სიმსუქნეა. მაგრამ, გოგონებს, რომლებსაც მენსტრუალური ციკლის დარღვევა აღენიშნებათ, თუნდაც პირველი სამი წლის განმავლობაში, გაცილებით მაღალი რისკია იმისა, რომ შემდგომში მათ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ჩამოუყალიბდეთ. ამ შემთხვევაში, კონსულტაცია აუცილებელია.
იხილეთ გადაცემა
სრულად: