ცნობილი ქართველი გინეკოლოგის,
იოსებ ჟორდანიას დამსახურების შესახებ მისმა კოლეგებმა გადაცემაში
"პირადი ექიმი" ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჟორდანიამ მსოფლიოში პირველი ინსტიტუტი დააარსა, რომელიც უშვილობის პრობლემაზე მუშაობდა:
ლალი ფხალაძე, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი - "1958 წელს პროფესორმა იოსებ ჟორნდანიამ თბილისში ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი დააარსა. ეს მსოფლიოში პირველი დაწესებულება იყო, რომელიც უშვილობის პრობლემაზე მუშაობდა. არჩილ ხომასურიძე ხშირად ამბობს ხოლმე, რომ რეპროდუქტოლოგიის დაარსების იდეა სწორედ პროფესორ ჟორდანიას ეკუთვნის, ხოლო მან თავის თანამოაზრეებთან ერთად, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც რეპროდუქტოლოგია, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა, ისეა ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია."
ჯენარო ქრისტესაშვილი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი - "სხვათა შორის, ამაზე სულ იყო დავა, რომ მსგავსი ინსტიტუტი არსად არ იყო და ჩვენთან დაარსდა. ხომ შეიძლება რაღაცაში ჩვენც ვიყოთ პირველები?! დიახ, მიხარია, რომ პირველები ვართ."
არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი: "იოსებ ჟორდანიამ 1958 წელს ეს ინსტიტუტი რომ დააარსა, საკუთარ ეპოქას გაუსწრო. მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო რეპროდუქტოლოგია. არც ჩვენთან, არც ამერიკაში და არსად. ამერიკაში მხოლოდ 21 წლის შემდეგ გაიხსნა მისი მსგავსი დაწესებულება და წარმოიდგინეთ, 21 წლის განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტი მსოფლიოში ერთადერთი იყო. ჩვენ ეს, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, ისე გავხადეთ და ამით ძალიან ვამაყობთ."
იოსებ ჟორდანია ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია. იგი შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი მგზავრ გოგონას დაუთმო.
არჩილ ხომასურიძე
"კვირის პალიტრის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში იხსენებს: - გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელსაც კამერა არ ჰქონდა და ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა... ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა... იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო... მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო... იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო... ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი...
ვინც იოსებ ჟორდანიას ცხოვრებას იცნობდა, არასდროს შეეპარებოდა ეჭვი პროფესორის გმირობაში. ის იყო ექიმი, რომელმაც ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობას არა მხოლოდ მთელი სიცოცხლე, სიკვდილიც კი მიუძღვნა. სამწუხაროა, რომ მისი ხსოვნის შებღალვა ჯერ საქართველოში სცადეს და შემდეგ რუსებმა განაგრძეს. ვიღაცამ ვერ აიტანა, რომ მაშველი რგოლი პროფესორის გმირობის შარავანდედად იქცა..."
ჟორდანია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.