მშობელი, ორგანიზაცია "ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების" დამფუძნებელი,
მარიამ მითაიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური ცენტრის შესახებ საკუთარ გამოცდილებას იხსენებს:
"ამ სტატუსის დაწერას ვაპირებდი ძალიან დიდი ხანია. გრძელი იქნება, მაგრამ ეს დეტალები არსად მომიყოლია აქამდე და ღირს წაკითხვად.
გუშინდელი დღიდან დავიწყებ - პირველ ფოტოზე არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პოსტის სქრინი, პოსტის, რომელიც უკვე აღებული აქვთ, რადგან მშობლებმა არ/ვერ მოვითმინეთ მათი უსინდისო ტყუილები და ყველაზე დიდი ბოროტების პიარი. ჯერ ჩვენი კომენტარების დამალვა სცადეს და ბოლოს პოსტი საერთოდ წაშალეს! ძალიანაც კარგი!!
მეორე ფოტოზე მე ვარ გუშინდელ აქციაზე - შინ ევროპისკენ! - რადგან დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
რა საერთო აქვს ამ ორ ფოტოს და მოვლენას?
საქართველოს მთავრობა და იაშვილის კლინიკა დიდი მონდომებით ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ევროპული სტანდარტების და დონის შესაბამისად ხდება. ასევე, ამტკიცებს, რომ ის და მისი შექმნილი "სოლიდარობის ფონდი" ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს. ორივე არის ტყუილი!
მართა 9 თვის იყო, დიაგნოზი რომ დაესვა. პირველივე დღე იყო სრული ჯოჯოხეთი მაგ კლინიკაში. არავინ არანაირ ინფორმაციას არ გაწვდის, მიდის ჩვეულებრივი ზეწოლა და მშობლის დამუშავება, რომ ვერ გაბედო შეეწინააღმდეგება. წინადადებები ყველასთან ერთია - ბავშვი ვერ გადაიტანს მგზავრობას, მოგიკვდება, ბეწვზე მოუსწარი, სასწრაფოდ ქიმია სჭირდება, უმძიმესი მდგომარეობაა და ა.შ. ამას ემატება სიტუაცია, რომ მთავარი ექიმები არიან ჩვეულებრივი ფსიქიკურად შერყეული ადამიანები, რომლისთვისაც კითხვის დასმის საშუალებაც კი არ გაქვს. თუ მაინც დასვი, ან პასუხს არ გცემენ, ან ისეთს გეუბნებიან, კითხვა რომ ვერ შეუბრუნო. გარწმუნებენ, რომ აქ გერმანული მეთოდებით ხდება მკურნალობა და დიაგნოზი არასდროს ეშლებათ. გატყუებენ, რომ თითქოს საზღვარგარეთ მოწმდება ყველაფერი. მართას დიაგნოზიც არასწორი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად მართეს. წამლები არის საშინლად დაბალი ხარისხის, არავინ არაფერს გიხსნის და გაჩვენებს. გამაყუჩებლად ანალგინს ასმევდნენ. თუ არ მოგწონდა, შენ უნდა მოგეტანა მაშინ უკეთესი წამლები. არ არის დაცული ქიმიოთერაპიის გადასხმის წესები, სტერილურობა და არ იციან უკუჩვენების მართვა. წამლების და ცოდნის უქონლობის გამო, უკუჩვენებებს კოკა-კოლით და გვირილის ნაყენით ურჩენენ ბავშვებს.
არ იციან კათეტერის ჩასმა. არ აქვთ პორტის ჩასმის სერვისი. ცენტრალური ვენის კათეტერსაც ძლივს აკეთებენ და ძირითად შემთხვევაში ბავშვს მალევე ამოსაღები უხდება ინფექციის გამო. შესაბამისად, ბავშვებს დღეში 5-ჯერ მაინც ჩხვლეტენ. ხშირად ბევრად მეტჯერაც... ვერ აყუჩებენ ტკივილს და არ იციან ბავშვთან მოპყრობა. მართას ქიმია კათეტერით გადაუსხეს, რა თქმა უნდა, თურმე არ შეიძლებოდა. ჩაეღვარა წამალი კანქვეშ და მიიღო ისეთი დამწვრობა, რომ ლამის ოპერაცია დასჭირდა. თურმე ესეთი რამეებიც მშობლის ბრალია, მე რომ ჩამეძინა გამთენიისას, მაგიტომ მოხდა ...
მშობელი არის შეშინებული, რადგან იცის, თუ პრეტენზია ექნება, მთავარი ეშმაკები უარს ეტყვიან მკურნალობაზე. დიახ, ასე ხდება მშობლების დაშინება. მათ იციან. რომ ალტერნატივა არ არსებობს და მშობლების შეურაცხყოფაზეც არ ამბობენ უარს. კვება არის მათხოვრული. ზუსტად ისე მოდის საკვები, როგორც ფილმებში, ციხეებში რომ დააქვთ დიდი ძველი ქვაბით. ყველას ერთი რაოდენობა უნდა მისცე, ყველა ასაკის ბავშვს ერთნაირი საკვები აქვს და ეს საკვები არის გათვლილი იმაზე, რომ უბრალოდ არ მოკვდე. არ არის გათვალისწინებული ბავშვისთვის საჭირო კალორაჟი ვიტამინები და ა.შ. მშობლის კვება არ არის გათვალისწინებული. ერთი მუჭა მაკარონი, ნახევარი ჭიქა მაწონი და ერთი ნაჭერი თეთრი პური უნდა გეყოს. ამის გამო მშობლების დიდი ნაწილი, პალატებში ამზადებს საკვებს (იმიტომ, რო სამზარეულო არის მოშლილი და უბინძურესი), რაც არ შეიძლება ქიმიით მკურნალობის დროს. ასევე, სარეცხს რეცხავენ ხელით პალატაში და აშრობენ ასევე პალატებში. ამ დროს კი ბავშვი ქიმიას ისხამს.
ინტერნეტში წააწყდებით ინფორმაციას, თითქოს რამდენიმე წლის წინ ონკოჰემატოლოგიურში განახლდა ყველაფერი. დღეს რომ შეხვიდეთ პალატებში, ყველაფერი არის განადგურებული, მოშლილი და საოცრად ბინძური. სანიტრები არ ალაგებენ არაფერს. ისეთი ბინძური ნაჭრები აქვთ, თუ სადმე მოჰკარი თვალი, აღარც გინდა იმათი მოწმენდილი. წინა პაციენტი რომ ტოვებს პალატას, თვითონ ხეხავს და ალაგებს, ან ვინც შედის, ის.
მე-15 პალატაში რომ გადაგვიყვანეს მოტყუებით (ამაზე აქ აღარ მოვყვები), ტუალეტში დამხვდა წინა პაციენტის ნახმარი ნივთები. იატაკი და კედლები ისეთი ბინძური იყო, რომ დომესტოსით მომიწია ყველაფრის ხეხვა. ამას რატომ ვაკეთებდი მე და რატომ აკეთებს იქ მყოფი მშობელი? იმიტომ, რომ შვილი არ გინდა გყავდეს ნაგავში და ომის თავი არ გაქვს. ყველა ბედნიერებასთან ერთად, ფანჯრის რაფის ქვეშ ჩატეხილი იატაკიდან ამოდიოდა ხოლმე თაგვი, რომელიც ასე დაცუნცულებდა ხან ტუალეტში, ხანაც - ოთახში. იმის გამო, რომ არავინ დამეხმარა ამ თაგვის მოშორებაზე, 4 ღამე საერთოდ არ მიძინია, მართას საწოლზე რომ არ გადაერბინა თაგვს ღამე.
ახლახანს გავიგე, თურმე ზოგიერთ ბავშვს ფანჯარა დაეცა, ზოგს ჭერიდან ჩამოვარდნილი ნაწილი მოხვდა. გიკვირთ ხომ?
ამას აგვირგვინებს სიტუაცია, რომ არ აქვთ საკმარისი მაცივრები, სარეცხის მანქანა, იატაკის მოსაწმენდი ჯოხები, არ აქვთ ჩვილების სატურაციის აპარატი, არ ჰქონდათ საკმარისი თერმომეტრები, გადასხმა რომ მაგრდება, ის სადგამები, სავარძელი, რაზეც მშობელი წევს, ყველა არის ჭუჭყიანი და დამტვრეული. არ გააჩნიათ მულტიდისციპლინარული მიდგომა. არავინ ამოწმებს ბავშვის მთლიან მდგომარეობას. MRI თუ დაგჭირდა, კლინიკაში არ არის.
ყოველი დღე იმით იწყება და მთავრდება, რომ ერთი დღეც გაძლოთ. იქნებ ერთი დღე გაძლო, ხმას არ ამოიღებ, ოღონდ მალე გახვიდე აქედან.. ოღონდ შვილი ვინმემ გადაგირჩინოს... ოღონდ... ოღონდ...
აღარ ვსაუბრობ ბავშვზე მორგებულ გარემოზე, ზრუნვაზე, სერვისებზე, გართობაზე, მშობლის მორალურ მხარდაჭერაზე.
ეს არის ჯუნგლების წესები. ვინც გადარჩება, ხომ კარგი, ვინც არადა, ფეხებზე კიდიათ.
საქართველოში მკურნალობის დროსაც კი ძალიან ბევრი რამის ყიდვა გიწევს თავად. საზღვარგარეთ თუ მოგიწია წასვლა ( ეს უწევს ბავშვების 80% მაინც), სახელმწიფო ისეთ მიზერს აფინანსებს, რომ შეიძლება ჩაითვალოს ნულოვან დახმარებად. სოლიდარობის ფონდიც მოიაზრება ამაში, ზოგიერთებს რომ ხელზე აქვთ დახვეული. სამკურნალო საჭირო თანხის 20%-ც კი არ გამოდის მათი მოცემული თანხა.
საქართველოში ვერ ტარდება ძვლის ტვინის გადანერგვა, რთული ოპერაციები, სწორი მკურნალობა და საერთოდაც, ყველაფერი არის ასაშენებელი 0-დან!!!
კიდევ ბევრი რამის დაწერა შემიძლია, მაგრამ ისედაც ბევრი მომივიდა.
რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ქართველი ონკობავშვების უმრავლესობა მათი გადარჩენილია.
იმიტომ, რომ ევროპაში ასეთი განუკითხაობა არცერთ კლინიკაში არ არის.
იქ უყვართ ბავშვები
იქ პატივსცემენ მშობლებს
იქ იცავენ ბავშვთა უფლებებს
იქ პირველი ბავშვის სიცოცხლის ხარისხია!
კომენტარებში პოლემიკაში არ შემოვალ. ვინც ვერ ხვდება, რა დავწერე არც ღირს ავუხსნა.
და კიდევ, ეს არ ეხებათ იმ ექიმებს საქართველოში, ვინც პროფესიონალებიც არიან და ადამიანურებიც.
- დაწერა
მარიამ მითაიშვილმა. სოციალურ ქსელში პოსტს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და საკუთარი გამოცდილება გაიხსენა ამავე კლინიკაში:
- ყველა მშობელს აშინებენ, მათ შორის მეც, რომ შვილი მოგიკვდება, სად მიგყავს, აქ ყველაზე კარგი მკურნალობაა და ევროპაში ქუჩაში მოგიწევს ცხოვრებაო, იქ რომ მოგიკვდეს ბავშვი, აქ როგორ ჩამოიყვან, და თუ გახვალ კლინიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხებ წასვლას, შემდეგ აქ რომ მობრუნდები, ჩემთან, თითოეული კაპიკი შენი გადასახდელი გახდებაო, ახლა კი სულ უფასოა ყველაფერიო. თავზარდაცემული, განადგურებული მშობელი, რომელიც ვერც კი ფიქრობს, რა სიმძიმესთან აქვთ საქმე, ყველა სიტყვას უჯერებს. ღმერთივით შევყურებდი, რომელსაც ჩემი შვილი უნდა გადაერჩინა.
- ჩვენ ვრეცხავდით სარეცხს და პალატაში ვაშრობდით, რა თქმა უნდა, ბატარეა თუ მწყობრში იყო. საჭმელს პალატაში ვაკეთებდი. კვება ხომ საშინელება იყო - ამჟავებული ყველიანი მაკარონი. რამდენჯერ თმაც შეგვხვდა. საწოლი მე ვიყიდე გასაშლელი, რომ ღამით დავწოლილიყავი. ზოგჯერ გვიწევდა და ერთ პალატაში ორი ბავშვი იწვა. ერთს სხვა ქიმია უკეთდებოდა მეორეს სხვა, რაც არ შეიძლება.
- პირველი, რაც მაგ ჯოჯოხეთში მოხვედრისას გავაპროტესტე, დასალაგებელი პალატა და დასაცლელი აქოთებული ნაგვის ურნა იყო, გავედი და გოგონებს ვეკითხები, სანიტარი სად ვნახო, რომ დაალაგოს ოთახი, რას გავს-თქო. მითხრეს, რომ შენ თვითონ უნდა დაალაგო, აქ ყველა თავის ოთახს ალაგებსო, ეს ჩემთვის შოკი იყო, ბევრი ვიტირე. ვიყიდე ჩემი ტილო და სადეზინფექციო საშუალებები და მე თვითონ დავასუფთავე ოთახი, ცოცხებზე ხომ სულ რიგი იყო, პალატებში უნდა გეძებნა ცოცხი, საკვებზე აღარაფერს ვამბობ და არ დავწერ არაფერს ცუდს რადგან უამრავი ბავშვი და მშობელი იკვებება მათი საჭმლით, რა ქნან გგონიათ მოსწონთ? მაგრამ, ყველა ხომ არაა თბილისელი, რომ ოჯახიდან უზიდონ საკვები. 1 თვე გავატარე ამ განყოფილებაში ტირილით და დღეების დათვლით, როდის წავიდოდი იქიდან. ონკობავშვებს, რომლებსაც ამხელა ტკივილების გავლა უწევთ და ამდენ რამეს უძლებენ, იმის მაგივრად, რომ ჰქონდეთ სტერილური, ბავშვებზე მორგებული გარემო, სითბო და სიყვარული, ისინი ქიმიებს სულ სხვა გარემოში ისხამენ, ციხესიმაგრეს ვეძახდი მაგ განყოფილებას.
- დამლაგებელს ნაგავიც არ გაჰქონდა და რამდენჯერმე ოთახიც არ გამოწმინდეს, შენიშვნა რომ მივეცი, მშობლებს თავისით გააქვთ ნაგავი და თავისით წმენდენ ოთახებსო. ეს რა გავიგე... სატურაცია ერთხელაც არ გაუსინჯავთ ბავშვისთვის, არც წნევა, არც გადასხმას აკონტროლებდნენ, ერთხელ კათეტერიდან მილი გამოძვრა და ექთანს რომ დავუძახე, პირდაპირ იმ ჭუჭყიანს უერთებდა, რომ არ მეთქვა, რას აკეთებ-თქო. ნახევარლიტრიან გადასხმას 2 საათში რჩებოდნენ, როცა საზღვარგარეთ მთელი დღე და ღამე ჰქონდა ბავშვს შეერთებული იგივე რაოდენობის. ექთანს დაუძახებდი და ისეთი სახით მოდიოდა, თითქოს ვალი მქონდა. ვენას ვერასდროს პოულობდნენ და სადისტი ექთნები ყველგან ჩხვლეტდნენ, სადაც კი შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. იმ კათეტერს არასდროს ამოწმებდნენ და ერთხელ არ ვიცი, გადავრჩით მართლა ოპერაციას, ბავშვს კინაღამ დაულპა ხელის მტევანი. თუ რამეში ჩაეძიე უფროსობას და დაინტერესდი ზედმეტად, უკვე ალმაცერად გიყურებენ. ანუ შტერი და ყველაფერში გაურკვეველი უნდა იყო, ეგეთი მშობლები აწყობთ. არ ვიცი კიდევ რამდენი დავწერო. 4 თვე ჯოჯოხეთში ვიყავით. აქედან რომ წავიყვანე ბავშვი, ექთნები ყოველ საათში სატურაციას და წნევას უსინჯავდნენ, ღამით შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, შენ დაიძინე, ბავშვს ჩვენ მივხედავთო. ექიმი ყველაზე ადამიანური, მორალურადაც რომ მხარში მედგა. სრულიად უცხო ქვეყანაში. არ ვიცი ასეთი რადიკალური განსხვავება...
- მთელი წიგნი შეიძლება დაიწეროს მაგ ბინძურ კლინიკაზე, რამდეჯერ განცხადება დამიწერია, ფანჯრები დაწმინდეთ, სინთლე აღარ შემოდის-თქო, მაგრამ რად გინდა, ნაგვის ურნაა ჩვეულებრივი, საიდანაც ნაგავიც კი არ გააქვთ.
პოსტს კიდევ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და მსგავსი ისტორიები გაიხსენა. კომენტარისათვის ჩვენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკას მივმართეთ, კიდევ ერთხელ გავაცანით მშობლების უკმაყოფილება ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.
თამარ იაკობაშვილი