რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს სიცხეში ქუდი ეხუროს და რატომ არ შეიძლება თმის გადაპარსვა - ბაკურ კოტეტიშვილი


ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ მოქმედებს მზე და სიცხე ბავშვის თავის ტვინზე, რამდენად მნიშვნელოვანია სიცხეში თავსაბურავის გამოყენება და რამდენად სწორია სიცხეში თავის გადაპარსვა.  

- მაღალ ტემპერატურაზე სისხლძარღვი ფართოვდება, სიცივეში კი პირიქით, ვიწროვდება. თავის ქალას ზემოდანაც აქვს სისხლძარღვები. ეს ძირითადად, ვენური სისხლძარღვებია. გადახურების შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო ფართოვდება და ვენური სისხლის შეგუბება იწყება. ამ შეგუბებას კი ნელ-ნელა ტვინის შეშუპება მოჰყვება, რაც ქცევის შეცვლას იწვევს, მათ შორის, ძილის, ღვიძილის, კვების, თუ გაგრძელდა, ცნობიერების დაბინდვა და სავალალო შედეგიც კი
შეიძლება მოხდეს. ზუსტად იგივე შეგვიძლია
ვთქვათ, როდესაც სამოსზე ვსაუბრობთ. შავი ზედაპირი ყოველთვის შთანთქავს ენერგიას. ღია ფერის, შედარებით ჭრელი ყოველთვის აირეკლავს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, მიაქციეთ ყურადღება, რომ განსაკუთრებით ზაფხულში, შავი, მუქი ფერის სამოსი არ გამოიყენოთ. თავადვე მიხვდებით, რომ ეს დისკომფორტია. ბავშვებს მორალურადაც შავი ფერი არ სჭირდებათ, სიჭრელე მათ ახალისებს. ასევე, ქსოვილის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოვიყენოთ ისეთი, რომელსაც შეწოვის, აორთქლების ბუნებრივი თვისებები აქვს, შესაბამისად, ჰაერის ცვლა და აორთქლების სისტემა გაცილებით იოლად ხდება ბუნებრივ ქსოვილში, ვიდრე  ხელოვნურ ბოჭკოში.

ბაკურ კოტეტიშვილმა ასევე განმარტა, რატომ არ არის ზაფხულში ბავშვისთვის თავის ბოლომდე გადაპარსვა რეკომენდებული:

- ძველად, ძალიან დაბალი ჰიგიენური და სიცოცხლის არახელსაყრელი პირობების გამო უამრავი კბენარი იყო მოსახლეობაში მოდებული. მაგალითად, რწყილი, ტილი, ტკიპა და ასე შემდეგ. შესაბამისად, გაზაფხულზე, ზაფხულის წინა პერიოდიდან ბავშვების გადაპარსვა იწყებოდა, რომ მკბენარი მოეშორებინათ. ბავშვისთვის ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა იყო, მაგრამ ეუბნებოდნენ, უკეთესი თმა ამოგივაო. უკეთესი ვერანაირად ვერ ამოვა, ამოვა ის, რაც იქამდე იყო. ეს მორიგი სატყუარაა. ზაფხულში თავის ქალის გაშიშვლება, რომელსაც პირდაპირ ანათებს მზე, არ არის რეკომენდებული. თავის ქალის ბიოლოგიური დაცვა თმაა. თმის ღერებს შორის არსებული ჰარი ყველაზე დიდი იზოლატორია. შესაბამისად, ყველას გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ.

1753
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები