საკვები პროდუქტები, რომლებიც გონების განვითარებას უწყობენ ხელს - ნევროლოგის რჩევები ბავშვთა ტვინისა და მეხსიერების შესახებ
საკვები პროდუქტები, რომლებიც გონების განვითარებას უწყობენ ხელს - ნევროლოგის რჩევები ბავშვთა ტვინისა და მეხსიერების შესახებ
მშობლები ბავშვებს ხშირად სთავაზობენ ტვინის განვითარების ხელშემწყობ ვიტამინებსა და სხვადასხვა დანამატს. ამ გზით მეხსიერებისა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გაუმჯობესებას ცდილობენ. რეალურად, არსებობს თუ არა საშუალებები, რომლებიც ტვინისა და გონების მუშაობას აჩქარებს, რა ფაქტორები ახდენენ ამ პროცესზე გავლენას, რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისის შვილი სკოლისთვის მზადაა და რა უნარების განვითარებაა საჭირო - Mshoblebi.ge-ს აქტუალურ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე ესაუბრება:

- გეთანხმებით, რომ ასეთი შეთავაზება ხშირია. მშობლების მოტივაციაც, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ბავშვის განვითარებას და
მოიძიონ მსგავსი საშუალებები - სრულიად
გასაგები. თუმცა, როგორც კვლევებმა და გამოცდილებამ აჩვენა, ტვინს არაფერი ავარჯიშებს ისე, როგორც განმავითარებელი აქტივობები. ადრეულ ეტაპზე და მოგვიანებითაც, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ზრდა განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ტვინისთვისაც. მაგრამ ვერც ერთი დანამატი ვერ შეცვლის ტვინის ფუნქციონირებას, მისი ადეკვატურად დატვირთვის ან გავარჯიშების გარეშე.
აქტიური ზრდის და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ბავშვის რაციონი და არ დავუშვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტი. მაგრამ მოლოდინი, რომ რომელიმე საკვები პროდუქტი თუ დანამატი დამოუკიდებლად შეცვლის ტვინის რესურსს და ფუნქციონირებას - გადაჭარბებულია.

- არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ გონების განვითარებას?

- კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინი, ისევე როგორც სხვა ორგანოები, განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დეფიციტის მიმართ. შესაბამისად სითხით ადეკვატური დატვირთვა და ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვა, იცავს ტვინსაც.
ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რითიც მდიდარია მცენარეული ცხიმები - ზეითუნის, მზესუმზირის ზეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველური ცხიმი საერთოდ არ უნდა მივიღოთ. არ უნდა დავივიწყოთ თევზი და ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა მნიშვნელობა და აქტუალობა დროთა მანძილზე უფრო და უფრო იზრდება. თავის ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტში DHA კომპონენტის მაღალი შემცველობა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უფრო მდიდარი წყაროა თევზი. მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული პროდუქტებიდანაც (მაგალითად სელის ან ჩიას თესლი), თუმცა ათვისების ხარისხი და მოცულობა გაცილებით მაღალია თევზეულიდან. ტვინისთვის ჯანსაღი ცხიმების წყაროა ასევე თხილეული, რომელიც ამასთანავე მდიდარია მიკროელემენტებით (კალიუმი, მაგნიუმი, სელენი, თუთია).
სასარგებლო და აუცილებელია ხილი, კენკროვნები განსაკუთრებით და B ჯგუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ბოსტნეული, ასევე ანტიოქსიდანტებით.
ტვინის ფუნქციონირებას ასტიმულირებს და ახალისებს შავი შოკოლადი, მწვანე ჩაი და ყავა გონივრული დოზებით.

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მისი შვილის გონებრივ განვითარებას ხელი შეუწყოს?

- მშობლემა უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება და, მეორე მხრივ, რეგულარული და ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობები.

- რა როლი აქვს ამ პროცესში სააზროვნო თამაშებს, კროსვორდებსა და სხვა საშუალებებს?

- გადამწყვეტი. სწორედ ასეთი აქტივობები უზრუნველყოფენ თავის ტვინის სწორად და დინამიურად განვითარებას. მსგავსი აქტივობების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ტვინის რესურსის სათანადოდ გამოყენება და სასურველ შედეგზე გასვლა.
მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდანვე ბავშვს რეგულარულად და ეტაპობრივად შევთავაზოთ განმავითარებელი თამაშები, ახალი ინფორმაცია სწორი დოზირებით და შინაარსით. შეთავაზებული დავალებების სირთულე უნდა იყოს ბავშვის ასაკის და შესაძლებლობის შესაბამისი და ოდნავ წინმსწრები, რომ ბავშვს მოტივაცია ჰქონდეს მათი შესრულების და უნარების გავარჯიშების. მეტისმეტად ადვილი დავალება, ან პირიქით, მეტისმეტად რთული, რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაუკარგავს მოტივაციას. შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებზე არარაციონალური წარმოდგენაც შეუქმნას. დაუმსახურებლად გაუზარდოს, ან პირიქით დაუქვეითოს თვითშეფასება.
გონების განმავითარებელი აქტივობების ორგანიზების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სამაგიდო და ფიზიკურად აქტიური, მოძრავი თამაშების მონაცვლეობა, ასევე ნებისმიერი დატვირთვის პარალელურად ადეკვატური დასვენების გათვალისწინება, დრო თავისუფალი თამაშისთვის და საკმარისი ძილი.

- რა უნდა შეეძლოს ბავშვს სკოლაში შესვლამდე, რომ მშობელი მიხვდეს, სასკოლოდ მზადაა თუ არა?

- საგაკვეთილო პროცესი დაწყებით კლასებშიც კი უკვე განსხვავდება საბავშვო ბაღის აქტივობებისგან, პირველ რიგში იმით, რომ წარმოდგენილია ძირითადად სამაგიდო აქტივობით, როდესაც ბავშვები მშვიდად უნდა ისხდნენ მაგიდებთან და მოთმინებით კონცენტრირდნენ მასწავლებლის დავალებაზე. შესაბამისად, ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა, მოთმინება, სურვილის გადავადების უნარები, უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას. გახანგრძლივებულ სამაგიდო აქტივობას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მზაობაც სჭირდება, რათა დროზე ადრე არ დაიღალოს.
სკოლაში იმატებს სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების წილიც, შემოდის დროის ფაქტორი. რეჟიმი, რომელიც საბავშვო ბაღში თავისუფალთან მიახლოებულია, სკოლაში გაცილებით უფრო დატვირთულია ვალდებულებებით. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, როდის და როგორ ითხოვოს ნებართვა, როდის უნდა მოითმინოს, როგორ გადალახოს იმედგაცრუება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მეტყველება და კომუნიკაციის უნარებია. ბავშვს უნდა შეეძლოს ფაქტების და მოვლენების გადმოცემა საკუთარი სიტყვებით, სურათის აღწერა რამდენიმე წინადადებით. გამოყენებული ფრაზები არ უნდა იყოს მეტისმეტად მარტივი. ლექსიკური მარაგი უნდა იძლეოდეს სურათის აღწერის საშუალებას.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ფონოლოგიური ანალიზი და სინთეზი. როგორ ახერხებს ბავშვი სიტყვაში ცალკეული ასო-ბგერების გამოცალკევებას. მაგ. რომელია პირველი ასო სიტყვაში. რომელი სიტყვები იწყება მაგ. ასო „თ"-ზე და ა.შ.
ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარ და სხვის ემოციებზე საუბარი. ილუსტრაციებზე თუ მეგობრის სახეზე გამოსახული ემოციების ამოცნობა და ამ ემოციების შესაძლო მიზეზების განსაზღვრა, თანაგრძნობის გამოჩენა.
ნატიფი მოტორული უნარებიდან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კარგად ფლობდეს კალმის და ფანქრის ჭერის უნარებს. მეტისმეტად ადრე არ ეღლებოდეს ხელი. შეეძლოს სხვადასხვა ზომის დეტალების, კუთხოვანი თუ მრგვალი ფიგურების დახატვა, თანაბარი ფიგურების მოთმინებით და აკურატულად გამოყვანა, რაც წერითი უნარების წინაპირობაა. ამ უნარებს ძალიან კარგად ავითარებს ხატვა, ძერწვა, გაფერადება, გამოჭრა და აპლიკაციები. მშობლები ხშირად, არასწორად, წინასწარ იწყებენ ბავშვის გავარჯიშებას ასოების და ციფრების წერაში - რაც შეცდომაა. არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა სკოლამდე ასოებისა და ციფრების წერის სწავლების არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია მტევნის მომზადება და გავარჯიშება სამომავლო გამოწვევებისთვის.

mshoblebi
ადაპტური უნარები - რა თქმა უნდა, პედაგოგი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მოსწავლეებს ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მოწესრიგებაში, მაგრამ სასკოლო ასაკის ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად არა მხოლოდ ღილების ან ფხრიწების, არამედ ელვა შესაკრავის, თასმების, ქამრის შეკვრა, ტანსაცმლის დამოუკიდებლად გამოცვლა, მაგალითად სპორტის გაკვეთილის წინ და შემდეგ;
და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანია ტუალეტის უნარები - მოსწავლეს უნდა შეეძლოს საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობა ჰიგიენის სრული დაცვით.

- თქვენ თუ გყოლიათ პატარა პაციენტები, რომლებმაც სწავლაში პრობლემების გამო მოგმართეს და ძირითადად, რა იყო შეფერხების მიზეზი - რამდენად გამომოსწორებადია ეს პრობლემა?

- შეფერხების მიზეზები ყოველთვის კომპლექსურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ესაა ენდოგენური მიზეზები - სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს თავის ტვინის სისხლმომარაგების შეფერხებას, ან სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებას და საკვები ინგრედიენტების დეფიციტს. ზოგჯერ პირიქით, ტოქსიური ნივთიერებების დაგროვება ხდება. თავის ტვინი არ ფუნქციონირებს განყენებულად. შესაბამისად გულის, ფილტვის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციას, ყველას შეუძლია იმოქმედოს გონებრივ განვითარებაზე.
გარემო ფაქტორებიდან - ისევ და ისევ ადეკვატური და ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობების დეფიციტი არის ხოლმე მიზეზი.
თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ასევე საკმარისი და სრულფასოვანი ძილი. ძილის ქრონიკული და დროში გახანგრძლივებული დეფიციტი, როგორც წესი უარყოფითად აისახება ტვინის ბაზისურ თუ უმაღლეს ქერქულ ფუნქციებზე.
პრობლემის შექცევადობა დამოკიდებულია შეფერხების ხარისხზე, ბავშვის ასაკზე, როდესაც ეს დეფიციტი გამოვლინდა და თავის ტვინის რესურსზე. საბედნიეროდ, უმეტესად სრულად ან ნაწილობრივ მაინც შექცევად პრობლემებთან გვაქვს ხოლმე საქმე და დროული რეაბილიტაციით პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია.

- ბავშვები, რომლებიც ძალიან მძაფრად რეაგირებენ შენიშვნებზე, წარუმატებლობაზე, წაგებაზე, გამოხატავენ ამას ტირილით, აგრესიით, ისტერიკით, ეს ხასიათია თუ გარკვეული დარღვევა? როგორ უნდა გამოსწორდეს ის?

- ეს ძალიან დიდი თემაა და როგორც წესი, კომპლექსურ მიდგომას და განხილვას საჭიროებს. ყველა ბავშვში ინდივიდუალური მიზეზებია ჩადებული და იმედგაცრუებაზე რეაგირებაც ინდივიდუალური სცენარით ხდება. ერთი მხრივ, თანდაყოლილი ტემპერამენტი და პიროვნული შტრიხები, რომელსაც გარემო და გარემოცვა აძლიერებს ან ასუსტებს. ბავშვებს, რომელთა უნარების შეფასება ადრეული ასაკიდანვე გადაჭარბებულია, ან მოთხოვნაა, რომ ის უნდა იყოს საუკეთესო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შედეგი არ იქნება მისაღები, უყალიბდებათ შედეგებთან დაკავშირებული შფოთვა. ისინი წინასწარ იმდენად განიცდიან მოსალოდნელ მარცხს, რომ ამან შეიძლება მიზნის მიღწევაში ხელიც შეუშალოს. თუ ზემოთ აღწერილი ისტერიკის შიშით, ოჯახის წევრები ცდილობენ ხელოვნურად ჩააყენონ ბავშვი მომგებიან პოზიციაში, ანუ „მოაგებინონ, ოღონდ არ ინერვიულოს", რეალურად დათვურ სამსახურს უწევენ მას. ასეთ პირობებში ბავშვი ვერ ავარჯიშებს ვერც კონკრეტულ უნარს და ვერც საკუთარ ემოციას, მოთმინებას, იმედგაცრუების მართვას, რათა მოგვიანებით ახალი შემართებით ხელახლა შეუტიოს დასახულ მიზანს. ოჯახის პირობებში მოგებას მიჩვეულმა ბავშვმა, ოჯახის გარეთ პირველივე წარუმატებლობასთან შეიძლება დაიჩოქოს და დაკარგოს საკუთარი ძალების რწმენა, ან პირიქით, აგრესიულად მოითხოვოს გამარჯვება, რადგან მანამდე, სახლში, ეს მეთოდი ყოველთვის ჭრიდა და მის ისტერიკას ყოველთვის ნებდებოდნენ.

- ყველაზე ხშირად რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას?

- ესენია, ერთი მხრივ, ენდოგენური, ორგანიზმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
რა თქმა უნდა, ასაკი - დროთა მანძილზე ყველამ ვიცით, რომ ტვინის სისხარტე გარკვეულწილად იკლებს.
ძილის დეფიციტი - მნიშვნელოვანია როგორც ხანგრძლივობის, ისე ხარისხის კონტროლი.
ასაკის შესაბამისი განმავითარებელი აქტივობების დეფიციტი, ან მათი არარეგულარულობა.
ამ ყველაფერს ერთიანობაში და კომპლექსურად აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ადამიანის ინდივიდუალური რესურსის გათვალისწინებით. მხოლოდ ერთი კომპონენტის ხანმოკლედ გამოვარდნას უხეში დარღვევები არ მოსდევს, თუმცა დროში გახანგრძლივება პროგნოზს აუარესებს.

- როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა ექმნება - საწყის ეტაპზე რა ნიშნებით ვლინდება მეხსიერების დაქვეითება? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და მკურნალობის რა გზა არსებობს?

- ასაკთან ერთად ახალი ინფორმაციის დასწავლისა თუ უკვე ნასწავლი ინფორმაციის გახსენების სისწრაფე შედარებით იკლებს. თუმცა, ეს ცვლილება არ უნდა ხორციელდებოდეს ნახტომისებურად და მეტისმეტად მოკლე დროში.
ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს სხვადასხვა მნიშვნელობის და აქტუალობის მქონე მოვლენები და დეტალები. თუ მთავარი და წამყვანი დეტალების დავიწყებამ რეგულარული სახე მიიღო, ეს აისახება შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე, გარკვეული დეტალების განმეორებით შესრულება და გადამოწმებაა საჭირო, მით უფრო, თუ გვაქვს დამატებითი რისკ ფაქტორები ამ მიმართულებით, მიზანშეწონილია დროულად გავიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან და თვითნებურად არ გავაკეთოთ დასკვნები.
კონკრეტულად მეხსიერების მახასიათებლების შესაფასებლად უნდა მივმართოთ ნეიროფსიქოლოგს. თუმცა, პრობლემის კომპლექსური შესწავლისთვის, ორგანული და არაორგანული მიზეზების გამოსაძიებლად და მით უფრო მკურნალობის თუ რეაბილიტაციის დასაგეგმად, როგორც წესი, საჭირო ხდება ხოლმე ნევროლოგის, ფსიქიატრის და რიგ შემთხვევებში სხვა სპეციალისტების ჩართულობა.

- ხშირად საუბრობენ, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სახის პრეპარატის მიღება კარგი არჩევანია. არსებობს თუ არა მეხსიერების გაუმჯობესებისთვის ვიტამინები და პრეპარატები, თუ ეს მითია?

- არსებობენ პრეპარატები, რომელებიც გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების დროს, მაგალითად თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის ფონზე, აუმჯობესებენ ტვინის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და დადებითად აისახებიან ამ მიზეზით გაუარესებული მეხსიერების მახასიათებლებზეც. ანუ, თუ ცნობილია მეხსიერების გაუარესების კონკრეტული მიზეზი და არსებობს ამ მიზეზის შესაბამისი თერაპია - პრეპარატების გამოყენება გამართლებულიცააა და რეკომენდებულიც. თუმცა, იმ მასშტაბებით, რა მოცულობითაც მსგავსი პრეპარატების რეკლამა და მით უფრო პრევენციის მიზნით გამოყენება ხდება - ეს ნამდვილად მითია.

- ადამიანს რომ ნათელი გონება მაქსიმალურად დიდ ასაკამდე შეუნარჩუნდეს, პრევენციისთვის, ადრეულ ეტაპზე რა უნდა გააკეთოს?

- რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი - გონების სისხარტის და კარგი მეხსიერების ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის აუცილებელია: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობების პრევენცია, სწორი კვება, ადეკვატური და რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ძილი, განმავითარებელი აქტივობებით თავის ტვინის რეგულარული ვარჯიში - ახალი ინფორმაციის მიღება და უკვე არსეული ინფორმაციის გახსენება. რა თქმა უნდა, თავად ორგანიზმის ინდივიდუალური რესურსიც ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ იაკობაშვილი


7111
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები