"ეს ჩვევა ბავშვის ტვინს კლავს" - რომელი პროდუქტები ეხმარება ან აფერხებს ბავშვის მეხსიერების განვითარებას
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს და ასევე, გამოყოფს იმ საკვებს, რომლებიც ბავშვს მეხსიერებისათვის განსაკუთრებით სჭირდება:

- დღეისათვის დანამდვილებით ვიცით, რომ ადამიანის თავის ტვინის ჯანმრთელობას ცხიმებით უჩვეულო დატვირთვა არ წაადგება. თუმცა, კვების მოდელი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი, ნერვული სისტემისთვის ძალიან საზიანოა. მეორე მხრივ, კი ცხიმოვანი კომპონენტებით უკიდურესი დატვირთვა უარყოფით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურად შეცვლილი ცხიმებით. ზოგა
დადაც, ეს მთელი ორგანიზმისთვის საზიანოა, ანთებას, ონკოლოგიურ პროცესებს და რაც მთავარია, უჯრედის დაბერებას
უწყობს ხელს, რაც, პირველ რიგში, ჩვენი თავის ტვინის აქტივობაზე აისახება. აღარაფერს ვამბობს სისხლძარღვების მდგომარეობაზე, რომელთა კედლის ცვლილება თავის ტვინის ყველა უჯრედს აუცილებლად დააზარალებს. როდესაც შაქარსა და მარილზე ვლაპარაკობთ, მექანიზმი აქაც იგივეა. თავის ტვინის "დასაპურებლად" გლუკოზა გვჭირდება, რადგან მისთვის ეს საწვავია. თუმცა, გააჩნია როგორ ვაწვდით. რაც უფრო ადვილად შეთვისებადია ეს პროდუქტები, მით უფრო სწრაფად მოიმატებს სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი და შემდეგ ისევ სწრაფად დაეცემა. ხშირ შემთხვევაში, ნორმაზე დაბლაც კი შეიძლება ჩამოვიდეს. ეს მერყეობა კი თავის ტვინს არ სიამოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლში გლუკოზის დონე ხილითა და ბოსტნეულით ვმართოთ და არა ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით. მარილთან დაკავშირებით წყლისა და მარილების ცვლა და არტერიული ჰიპერტენზიის რისკია გასათვალისწინებელი, რომელიც მარტო ზრდასრულებსა და ხანდაზმულებს არ აწუხებთ. წნევის მერყეობა შეიძლება წყლის არაადეკვატურ მოხმარებასა და მარილის არასწორ ბალანსთან იყოს დაკავშირებული, რაც საგულისხმოა, რადგანაც ასეთ შემთხვევაშიც ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგების პროცესი ირღვევა. ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ბავშვი კატეგორიულად არ შეიძლება მას იღებდეს. მივმართავ ოჯახებს, სადაც ჯერ კიდევაა ჩვევა, რომ პატარები მცირე, ტრადიციული სასმელით წაახალისონ, დაამტკიცონ ოჯახთან, ტრადიციებთან თანაზიარობა, ის, რომ უკვე "დიდი კაცია" - ეს არის ძალიან ცუდი ტრადიცია, რომელიც ბავშვის ტვინს კლავს. ალკოჰოლის გავლენით ნერვული უჯრედების ნაწილი კვდება.

მარი მალაზონია ასახელებს იმ პროდუქტებსაც, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია:

- ბავშვის მეხსიერებას სჭირდება ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები, სხვადასხვა ვიტამინი, მათ შორის, B ჯგუფის ვიტამინები - B1 და B9 ვიტამინებთან ერთად, B12 და B6 ვიტამინები. ასევე, A, D, C ვიტმინები. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშის ტვინს სჭირდება რკინა, თუთია, მაგნიუმი, სპილენძი და ასე შემდეგ. თავის ტვინისთვის წყლის მოხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ტვინის დიდი ნაწილი, 70%-ზე მეტი, წყალია. ასევე, უკვე ვიცით, რომ ნაწლავის კეთილდღეობა ჩვენს გუნება-განწყობასა და ტვინის აქტიურობის დონეს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს შვილებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მოვუწესრიგოთ, იმისათვის, რომ მათი ტვინი გამართულად მუშაობდეს. ამისთვის კი მაწონის მიღება ძალიან კარგი საშუალებაა. მეცნიერებმა 10 პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც ჩვენს ტვინსა და მეხსიერებას აუცილებლად სჭირდება. ესენია: თევზეული, კვერცხი, სხვადასხვა სახის თხილეული, სხვადასხვა თესლი და გამოვარჩევდი გოგრის თესლს, კენკროვანი მცენარეები, განსაკუთრებით, ლურჯი მოცვი, მწვანე ჩაი, მწვანე ბოსტნეული, სხვადასხვა სახის ციტრუსი, შავი შოკოლადი და საგანგებოდ უნდა გამოვყო სუნელ-საკაზმი. განსაკუთრებით კურკუმა, რომელიც ნერვულ უჯრედებზე კარგად მუშაობს და შესაბამისად, მეხსიერებას ეხმარება. თუმცა, მხოლოდ ამ პროდუქტების რაციონში ჩართვა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება იმიტომ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. ბავშვის მეხსიერება სხვადასხვა რეცეპტით მიწოდებულ საკვებს მოითხოვს. ეს სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი უნდა იყოს, ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულ-ბურღულეულის, ცილოვანი კომპონენტის და რძის ნაწარმის გათვალისწინებით. ჰარვარდის სკოლამ ბავშვების მეხსიერებისათვის საგანგებოდ 5 ძირითადი ჯგუფი გამოყო, თუმცა განსხვავებულად დალაგებული: უპირველეს ყოვლისა, ბოსტნეული და ხილი, სხვადასხვა სახის თესლი და მარცვლეული, ცხიმიანი თევზი, თუ ბავშვს ინდივიდუალურად ალერგიული რეაქცია არ აქვს, ასევე ჯანსაღი ცხიმი, მაგალითად, ზეითუნის ზეთი.

13186
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები